ფონდი აანონსებს საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციების 2018 წლის საგრანტო კონკურსს
ანონსები
http://rustaveli.org.ge/images/images.jpg

ფონდი აანონსებს საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციების 2018 წლის საგრანტო კონკურსს

23/01/2018 10:14

საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციების საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის თებერვალში. 

კონკურსის მიზანი

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:

ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;

ბ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);

გ) სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას;

დ) საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას;

ე) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.

 

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები მოიცავს ქართველოლოგიასა და კვლევებს საქართველოს შესახებ მეცნიერებების ნებისმიერი მიმართულებიდან.

გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით!

კონკურსის ძირითადი პირობები

გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: წამყვან ორგანიზაციას, თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს (თანამონაწილე ორგანიზაციის არსებობის შემთხვევაში) პროექტის კოორდინატორთან და ძირითად პერსონალთან ერთად.

  • პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი, კოორდინატორი და ძირითადი პერსონალი;
  • პროექტს უნდა ჰყავდეს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია კონფერენციის თემატიკის შესაბამისი მიმართულებ(ებ)ის მეცნიერებითა და მკვლევრებით;
  • კონკურსის ფარგლებში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენცია უნდა ჩატარდეს 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
  • იგივე საპროექტო წინადადების წარმოდგენა მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში დაუშვებელია!.

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აჭარბებდეს 40 000 ლარს.

პროექტს უნდა ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.



კონკურსის გამოცხადებისას გამოქვეყნდება: კონკურსის წესები და პირობები, კონკურსზე წარმოსადგენი დოკუმენტები, კონკურსის განრიგი და რეგისტრაციის პროცედურები.

კონკურსის საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: gc@rustaveli.org.ge

ტელეფონის ნომერი: 2 200 220 (4302)