გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/xelosnoba.jpg
07/05/2018 21:41

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე

2018 წლის 4-5 მაისს,  საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის  გამართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე.” კონფერენცია მიეძღვნა იმ პროცესებისა და მოვლენების  ინტერდისციპლინარულ კონტექსტში გაანალიზებას, რომლებმაც განაპირობა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელოსნური ნაწარმის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კატეგორიიდან, მაღალი ხელოვნების ნიმუშებად ტრანსფორმაცია. კონფერენცია გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/5%20maisi%20.jpg
07/05/2018 21:40

გამოფენა - “კოლონიალურიდან ეროვნულ მუზეუმამდე 2013-2018“

5 მაისს, 18:00 საათზე  ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა „კოლონიალური პოლიტიკიდან  ეროვნულ მუზეუმამდე 1913-2018“, რომელიც ასახავდა სამწლიანი კვლევის ანგარიშს,  წიგნისა და კატალოგების პრეზენტაციას და   ეძღვნება ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების 105 წლისთავს. გამოფენა წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ნაწილს და ითვალისწინებს მუზეუმის საგამოფენო სივრცეების გადააზრებას მისი განვითარების ყველა ეტაპისა და მხატვრული ტენდენციების საექსპოზიციო სივრცეებში ასახვით. მუზეუმის სხვადასხვა სივრცეებში წარმოდგენილი იყო ექსპონატები და საარქივო მასალები, რომლებიც მუზეუმის რთულსა და საინტერსო ისტორიას გვიამბობს რუსეთის იმპერიის ეპოქიდან დაწყებული ახალი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდით დამთავრებული. გამოფენა გამდიდრებული იყო ახალი ექსპონატებით და თემატურად  აერთიანებდა არა მხოლოდ დროებით, არამედ მუზეუმის მუდმივ საგამოფენო სივრცეებსაც, ასევე ბიბლიოთეკასა და  საგანმანათლებლო სივრცეებს, ეზოს, სადაც ექსპონატები წარმოდგენილია ქრონოლოგიური და თემატური თანმიმდევრობით რომელიც აერთიანებს რუსეთის იმპერიის დროს დაარსებული კავკასიის შინამრეწეველობის კომიტეტისა და მუზეუმის (1899-1917), დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921), საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა (1921-1991) და დამოუკიდებელი საქართველოს  (1991-დღემდე) დროის მონაკვეთებს. ეს ის ისტორიული პერიოდებია, რომელშიც მუზეუმს მოუხდა არსებობა და სადაც  პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებების, სირთულეების მიუხედავად, მან შეინარჩუნა თვითმყოფადობა, კოლექციები და რუსეთის იმპერიის მუზეუმიდან  ქართულ ეროვნულ მუზეუმად გარდაიქმნა. გამოფენის კურატორი: ირინე კოშორიძე,  საექსპოზიციო დიზაინი - ნინო ყიფშიძე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/20180502_183448.jpg
04/05/2018 10:41

„შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთისანეთის ტრადიციული კულტურა (ეთნოლოგიური ძიებანი)“

2018 წლის 2 მაისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის: „შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთისანეთის ტრადიციული კულტურა (ეთნოლოგიური ძიებანი)“  საბოლოო  შედეგების და მონოგრაფიის  პრეზენტაცია.  შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  ისტორიის დოქტორი, ნინო ღამბაშიძე და ამავე ინსტიტუტის არქივის პასუხისმგებელი პირი, პროექტის მონაწილე, ნიკოლოზ გურგენიძე. პროექტი ითვალისწინებდა ინსტიტუტის არქივში დაცული გრაფიკული ანაზომების დამუშავება-დიგიტალიზაციას და კომპიუტერული ბაზის შექმნას. ასევე, ანაზომებზე მოცემული საკულტო ნაგებობების ერთი ნაწილის შესწავლას ძველი და ახალი მონაცემების, გამოუქვეყნებელი ეთნოგრაფიული მასალების  მეშვეობით. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაცულია მრავალი გრაფიკული ანაზომი. ამ მასალის მოცულობის გამო, შერჩეული იყო მხოლოდ ის სამი რეგიონი, რომელიც ნაკლებადაა შესწავლილი ეთნოლოგიური კუთხით. ესენია: გუდამაყარი, ხევი, თუშეთი. 19 პარამეტრის მიხედვით დამუშავდა 275 ერთეული გრაფიკული ანაზომი და შეიქმნა კომპიუტერული ბაზა. დამუშავების პროცესში, არქივში აღმოჩნდა 1 უცნობი გრაფიკული ანაზომი და 4 სწორად იქნა იდენტიფიცირებული. გაიშიფრა ზოგიერთი გრაფიკული ანაზომის შემსრულებელი არქიტექტორის სახელი და გვარი. სამწლიანი კვლევითი სამუშაოები გამოიცა მონოგრაფიის სახით. მონოგრაფიის ერთი ნაწილი დაეთმო გრაფიკული მასალის აღწერას. მეორე ნაწილში ძველ და თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია გუდამაყრის, ხევის, თუშეთის სალოცავები. სამივე კუთხის მთავარი სალოცავის (პირიმზე ფუძის ანგელოზი, გერგეტის სამება, ლაშარი) და მათი დღესასწაულების  შესწავლისას, გამოიყო სხვადასხვა ისტორიულ პერიოდთნ დაკავშირებული ფენები, კერძოდ: წინა ქრისტიანული და ქრისტიანული, რამაც შესაძლებელი გახადა გარკვეულწილად, ეთნოგრაფიული მასალის დათარიღება. ქართველთა სარწმუნოების ისტორიაში გამოიყო ახალი, დღემდე უცნობი პერიოდი, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის შემოღებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება დღესასწაულ ათენგენობის რაობის შესახებ. მონოგრაფიაში ცალკე თავი აქვს დათმობილი წმ. გიორგის სალოცავებს. ამ თავში პირველად გამოიცა ვერა ბარდაველიძის გუდამაყრისა და ხევის მასალები. მონოგრაფიის რედაქტორმა, ისტორიის მეცნიერებათ დოქტორმა, პროფესორნა ნინო მაისურაძემ შეაფასა მონოგრაფია და აღნიშნა მისი მნიშვნელობა. დამსწრეებმა გამოთქვეს აზრი და აღინიშნა, რომ გაწეული კვლევები  იმსახურებს მაღალ შეფასებას. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა სამ  საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციაზე (ლონდონში, ვარშავასა და თბილისში) და გამოქვეყნდა 3 სტატია. აქედან 1 რეცენზირებად ჟურნალში , ხოლო მეორე ელექტრონულ კრებულში, რომელიც განთავსდა ინტერნეტში. მესამე სტატია შევიდა საერთაშორისო კონფერენციის მასალების კრებულში. ადგილობრივ სამეცნიერო კრებულში გამოიცა 6 სტატია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/31655535_2112792212289018_1932574346480451584_o.jpg
03/05/2018 14:54

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა მორიგი გამარჯვება

27 აპრილს, ვილნიუსის(ლიტვა) უნივერსიტეტის კაუნასის ფაკულტეტზე  გაიმართა რიგით 23-ე კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და საუნივერსიტეტო კვლევები“ IVUS 2018.   IVUS არის ტრადიციული კონფერენცია, რომელიც ტარდება 1995 წლიდან ლიტვაში წარმატებული უნივერსიტეტების მიერ: Vilnius University Kaunas Faculty, Kaunas University of Technology და Vytautas Magnus University. წელს კონფერენციას ესტუმრნენ მომხსენებლები 15 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები, შემდეგი შემადგენლობით; მაქსიმ იავიჩი - SCSA-ს პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, მელქისსადეგ ჯინჯიხაძე - აკ. წერეთლის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სტუდენტთა საოლიმპიადო გუნდის მწვრთნელი და გიორგი იაშვილი - SCSA-ს პროექტ -მენეჯერი. კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლები წარსდგნენ ორი მოხსენებით.  ორივე თემის შედეგი იყო მიღებული შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და უკრაინაში მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი პროექტის (მტცუ) ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ  ერთმა მოხსენებამ მიიღო საუკეთესო ნამუშევრის წოდება, რის შედეგად გუნდმა საქართველოდან მიიღო პირველი ადგილი და ჯილდო. თემის სათაური არის „Hash based digital signature scheme with integrated TRNG“, მისი ავტორები არიან: მაქსიმ იავიჩი, ავთანდილ გაგნიძე და გიორგი იაშვილი. ღონისძიებაში ჩართული 15 ქვეყნის(ლიტვა, პოლონეთი, იტალია, ლატვია, თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ეგვიპტე, საქართველო, ინდოეთი, ნიგერია, რუსეთი, საბერძნეთი, მაროკო, მოლდოვა)  38 მოხსენებიდან, გაიმარჯვა ნამუშევარმა საქართველოდან, რაც არის უდიდესი წარმატება, როგორც სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციისთვის, ასევე, სრულიად საქართველოსათვის. ორივე ნამუშევარი იქნება გამოქვეყნებული საერთაშორისო ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში. აგრეთვე ,კონფერენციის ფარგლებში იყო განხორციელებული ინტერაქტიული პირდაპირი ჩართვები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში პროფესორ მაქსიმ იავიჩის მიერ იყო ჩატარებული ლექციები პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების და კრიპტოგრაფიის თემაზე. ლექციებზე განხილულმა საკითხებმა გამოიწვია დიდი დაინტერესება საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/111_1.jpg
02/05/2018 11:22

კონფერენცია - „ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რეფორმა საქართველოში“

2018 წლის 1-ელ მაისს, 15:00  საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში“. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2017 წელს დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის  პროექტის ფარგლებში. პროექტი 3-წლიანია და ამ ხნის  განმავლობაში რამდენიმე კონფერენციისა და სემინარის გამართვა იგეგმება. აღნიშნული კონფერენცია პირველია პროექტის ფარგლებში. კონფერენციაზე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და ამ ეტაპისთვის განხორციელებული კვლევის წინასწარი შედეგების განხილვა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/000.jpg
02/05/2018 10:19

,,სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები“

2018 წლის 1 მაისს  საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის I კორპუსის №222 აუდიტორიაში   ჩატარდა სამეცნიერო გრანტ   №FR/35/9-120/14  ,,სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები“  საბოლოო  შედეგების  პრეზენტაცია. მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  ემერიტუს-პროფესორი შალვა გაგოშიძე. პროექტის ფარგლებში შემუშავებულია  ზღვის სანაპირო არეებსა და სამდინარო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში წყლის პერიოდულ ტალღურ მოძრაობათა ისეთი ჰიდროდინამიკური თეორია,  რომელიც   გამოირჩევა   მაღალი სიზუსტით და ამავე დროს, ადვილი მისაწვდომია   მისი შედეგების პრაქტიკაში გამოყენების  თვალსაზრისით. თეორია ეფუძნება ტალღური ჰიდროდინამიკის სამგანზომილებიანი განტოლებების ამოსახსნელად კანტოროვიჩის პირდაპირი და ვენტცელ-კრამერს-ბრიულენის ასიმპტოტური WKB  მეთოდების გამოყენებას.  ამ ევოლუციური გზით გამოყვანილია  ნებისმიერი კუთხით დახრილ სანაპირო  ფერდობებზე ზღვის ტალღების რეფრაქციისა და ტრანსფორმაცის  საანგარიშო დამოკიდებულებები, ჩაწერილი ცილინდრულ საკოორდინატო სისტემებში,  რომლებიც საშუალებას იძლევა მარტივად  ვიანგარიშოთ ტალღურ მოძრაობათა პარამეტრები  და სიჩქარეთა სამგანზომილებიანი ველი   წყლის მიერ დაკავებული სივრცის ნებისმიერ წერტილში.  ამავე დროს, ტალღურ მოძრაობათა ჰიდროდინამიკაში პირველადაა   მათემატიკურად გამოკვლეული ციცაბოდ და უარყოფითად დახრილ სანაპირო ფერდობებთან ტალღების რეფრაქციისას ე.წ. „პოტენციალური ორმოების“ წარმოქმნის პირობები, სადაც ტალღები განიცდიან წყვეტას და ფაზათა  წანაცვლებას. გარდა ამისა, საგრანტო ნაშრომში გამოკვლეულია ნაპირგასწვრივი ტალღური მოძრაობის თავისებურებები შევიწროებად აკვატორიებში;  ტრაპეციული და სამკუთხა კვეთის არხებში,   მათი სანაპირო ფერდობების ნებისმიერად დახრის შემთხვევაში;  ტალღურ მოძრაობათა მდგრადობის პირობები წრიული კვეთის უდაწნეო წყალსატარებში.   განსაკუთრებით აღსანიშნავია წყლის თანაბარ და არათანაბარ დინებებზე ზედდებული გრძელი ტალღების განტოლებების  გაწრფივების პროცედურისადმი სრულიად ახლებური  მიდგომის საფუძველზე მიღებული შედეგები, რომელთა თანახმად დინების საწინააღმდეგოდ მიმართული გრძელი ტალღის ბლოკირება (შეჩერება) და ჰიდრავლიკური ნახტომ - ტალღის წარმოქმნა  ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნაკადის ფრუდის რიცხვი  აჭარბებს 2/3-ს და არა 1-ს, - როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული, ხოლო დინების მიმართულებით ტალღური შეშფოთებები ყოველთვის გადაადგილდებიან რღვეული,  ე.წ. ბორის ტიპის ფენა-ფენა ტალღების სახით - თუ ნაკადის ფრუდის რიცხვი იცვლება 1,33 სა და 2-ს შორის, და  განიცდის სრულ რღვევას, ანუ იშლება სხვა და სხვა ზომის ცალკეულ შხეფად - თუ  ფრუდის რიცხვი აჭარბებს 2-ს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საგრანტო ნაშრომში მღებული ყველა ზოგადი თეორიული შედეგი სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნატურულ დაკვირვებებთან და აგრეთვე ცალკეულად არსებულ კერძო მათემატიკურ ამოხსნებთან. პროექტის საინჟინრო ასპექტები მოიცავს ზღვებისა და წყალსაცავების სანაპირო არეების გარემოს დაცვას;  ჰიდროტექნიკურ  და ჰიდროენერგეტიკულ მშენებლობას ზღვის ნაპირებსა მდინარეთა შესართავ აკვატორიებში; ზღვისპირა დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების დაპროექტებას და ა.შ.  დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს აზრი. აღინიშნა, რომ გაწეული კვლევები  იმსახურებს მაღალ შეფასებას. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა ხუთ  საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციაზე და რეცენზირებად ჟურნალებში  გამოქვეყნდა  ექვსი სტატია.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/111.jpg
01/05/2018 14:59

სეისმურად აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყერებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა

2018 წლის 27 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური  კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის: "სეისმურად  აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყერებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა" შედეგების საბოლოო პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტის  ხელმძღვანელი გახლავთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ კილასონია (2015-2017 წწ.), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გრიგოლ ხელიძე (2018 წლიდან), შემსრულებელი -  ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნანა დონდოლაძე.  პროექტის მიზანს წარმოადგენდა: სეისმურად  აქტიურ და მყინვარებთან ახლომდებარე ზონებში დიდი მეწყე-რებისა და ჩამოქცევების ფორმირების მექანიზმებისა და კანონზომიერებების დადგენა. ჩამოქცევა-მეწყერული პროცესების წარმოშობისა და განვითარების მექანიზმებისა და კანონზომიერებების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ძირითად მოქმედ ძალებად, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ფერდობის მდგრადობა, მიჩნეულია: სამთო ქანების მასივის წონა, სეისმური ზემოქმედება, ფილტრაციული ნაკადის წნევა. ამ უკანასკნელს შეუძლია გამოიწვიოს ძვრაზე სიმტკიცის მკვეთრი დაქვეითება, ხოლო მყინ-ვარების მეზობლად მდებარეობის შემთხვევაში მათთან ურთიერთქმედება. მეწყერის განვითარების პროცესის მათემატიკური მოდელირების ალგორითმი განხორციელებულია სამ ეტაპად: პირველი-მთის მასივის სტატიკური დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა ცოცვადობის და მასივის ბზარიანობის გათვალისწინებით წრფივი დრეკადობის  თეორიის ფარგლებში, მეორე-სეისმური დაძაბულ–დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა დრე-კად-პლასტიკური ამოცანის ფარგლებში, რომლისთვისაც პირველი ეტაპზე მიღებული შედეგები წარმოადგენს საწყის მონაცემებს, მესამე-მთის ქანების ჩა-მოქცევები, რომლებიც განხილულია ბლანტი სითხის ნაკადის სახით. წარმოდგენილია ჟინვალის წყალსაცავის ზონაში არსებული მეწყერების და ღვარცოფების თანამედროვე მდგომარეობა. მეწყერების მონიტორინგის მეთოდები და საშუალებები, აგრეთვე პროფილაქტიკისა და სტაბილიზაციისათვის გასატარებელი ღონისძიებებიები. შემოთავაზებულია მეწყერსაშიშროების ადრეული შეტყობინების სისტემის 5 დონიანი სქემა. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული იქნა მონაწილეობა ორ საერთაშორისო კონფერენციაში, ხოლო სამუშაოს შედეგების მიხედვით მომზადდა ორი სტატია რეცენზირებად ჟურნალებში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1.jpg
30/04/2018 14:17

„ საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასის შექმნა“

2018 წლის 30 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსის 322-ე აუდიტორიაში, ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ნიადაგების ეროვნული ატლასის შექმნა“ შედეგების საჯარო პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ თენგიზ ურუშაძე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/31363354_2057993957561209_4606125994284154880_n.jpg
27/04/2018 13:59

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია

2018 წლის 26 აპრილს, 18:00  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  აღმოსავლური ხელოვნების (ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია)  ნიმუშთა  მრავალფეროვანი კოლექციები გამოიფინა. გამოფენა მოეწყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები -საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები   ფარგლებში. (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ნათია დემურიშვილი). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, მეტად მდიდარი და მრავალფეროვანი აღმოსავლური კოლექციები მუდმივი კვლევისა და შესწავლის საგანია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით, კვლევებმა უფრო მასშტაბური ხასიათი  შეიძინა: 2015 -2018 წლებში, ფონდის დახმარებით, განხორციელდა ინდური, ჩინური და იაპონური  ექსპონატების სრული და ხელახალი აღნუსხვა, ფოტოფიქსაცია, დაცულობის მდგომარეობის განსაზღვრა, საარქივო მასალის მოკვლევა-დამუშავება და სხვ.; გამოიცა მონოგრაფია „საქართველო და აღმოსავლური სამყარო (ინდოეთი და შორეული აღმოსავლეთი)“,რომლის პრეზენტაცია გაიმართა გამოფენის გახსნის პარალელურად. აღნიშნულ მონოგრაფიაში თავი მოიყარა ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის ისტორიისა და ხელოვნების მკვლევართა შრომებმა. ეს შრომები შეეხება  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ უცნობ კოლექციებს, ასევე ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ, კულტურულსა და რელიგიურ-ფილოსოფიურ საკითხებს. პროექტის ფარგლებში მომზადდა  ორენოვანი (ქართულ - ინგლისური) ვებგვერდიც (www.orientalart.ge), შეიქმნა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა, რომელიც დაეხმარება  ნებისმიერ მსურველს ინფორმაციის მიღებაში სამუზეუმო კოლექციების შესახებ და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გრანტით გათვალისწინებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რამაც მრავალ დაზიანებულ ექსპონატს ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს ექსპონატები, ისევე როგორც შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ინდური კოლექციების ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები - გამოიფინა დამთვალიერებლისათვის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ვრცელ დარბაზებში. გამოფენა 4 თვეს გაგრძელდება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/31302040_2193950340621525_7334001625398247424_n.jpg
27/04/2018 13:58

“ქართველთა თვითცნობიერება ისტორიული ასპექტები XVIII საუკუნე“

2018 წლის 26 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველო ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2014 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით  დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის “ქართველთა თვითცნობიერება ისტორიული ასპექტები XVIII საუკუნე“ საჯარო პრეზენტაცია. ნაშრომის ავტორი გახლავთ ზურაბ თარგამაძე.
სრულად