გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/962741248_n.jpg
29/06/2018 15:18

ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები

2018 წლის 27 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგად, გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის, დიმიტრი ჩუბინიძის დისერტაციის დაცვა სახელწოდებით „ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები“. დისერტაციის მთავარი თემაა ადაპტაციური ქცევის რეგულაციაში კულტურული კოგნიციის მნიშვნელობის შესწავლა, კერძოდ, ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების აღმოჩენა. კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო ეყრდნობა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კულტურული მოდელების სკოლას (ბ. შორის გონების კოგნიტურ–ეთნოგრაფიულ თეორიას), ხოლო კვლევის მეთოდოლოგია – ექსპერიმენტული და თვისებრივი ტექნიკების სინთეზს. კვლევა იზიარებს დაშვებას, რომ კულტურული ინფორმაცია სხვადასხვა დონეზე (სოციალურზე, ფსიქიკურზე) ორგანიზებულია მოდელების/სქემების სახით, ხოლო კულტურულ კოგნიციაში მნიშვნელობის შექმნა განსხვავებულ დონეებზე არსებულ მოდელთა შორის კავშირის მეშვეობით ხორციელდება. საკვლევი კონტექსტი წარმოდგენილია ქართული კულტურის სახით, ხოლო საკვლევ არეალს თანამედროვე საქართველო წარმოადგენს. კვლევის ობიექტია ადაპტაციური ქცევის სტრატეგიები. კულტურა-დონის ელემენტად შერჩეულია პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან დაკავშირებული ქართული ანდაზები. მათი მენტალური რეპრეზენტაცია ასახულია ცნობიერების კატეგორიალურ სტრუქტურებში, რომელიც გამოვავლინეთ სემანტიკური სივრცეების სახით. ამგვარად, წარმოდგენილ იქნა კვლევაში გამოყენებული ანდაზების სუბიექტურ მნიშვნელობათა სივრცული მოდელი. ადაპტაციის კულტურული მოდელების აღწერა/ანალიზი, ასევე, ეყრდნობოდა კულტურის წევრთა დისკურსებში ასახულ მნიშვნელობებს. კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღწერილია ადაპტაციის ქართული კულტურული მოდელები. დისერტაცია ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების ემპირიული კვლევის პირველი მცდელობაა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1_3.jpg
25/06/2018 14:54

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“

25 ივნისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსა. ფორუმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის თანამონაწილეებიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC). ღონისძიება 30 ივნისამდე გასტანს. ფორუმის ფარგლებში 25-26 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, ხოლო 27-30 ივნისს - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი ჩაერთვება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. კომბინირებული სამეცნიერო ფორუმი მიეძრვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს  და მიზნად ისახავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის ხანის გაანალიზებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/2_2.jpg
19/06/2018 15:44

„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“

2018 წლის 18 ივნისს, გაიმართა პროექტის  „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქაქრთველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში . პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს განხორციელებული კვლევების შესახებ. აღინიშნა, რომ სულ ითარგმნა 35 ფრანგი და 63 ირანელი ავტორის თხზულება, რომელთაც თან დაერთოთ სათანადო კომენტარები. თარგმანები განთავსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სექციაშია. პროექტის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო სტატიების კრებულის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ თაობაზე, ასევე იმ პუბლიკაციების შესახებ, რომლებიც გამოქვეყნდა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში და რომლებიც უშუალოდ ეხება პროქეტის საკვლევ თემას, კერძოდ: „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში (სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა).“ კრებული შეადგინა, ტექსტები სპასრულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე. თბ., არტანუჯი, 2016. მარინა ალექსიძე, გრიგოლ ბერაძე, ირინა კოშორიძე. „არფა‘ ად-დოულე და საქართველო.“ თბილისი, არტანუჯი, 2017. იგივე წიგნი ინგლისურ და სპარსულ ენებზე („Arfa‘ ad-Dowle and Georgia“). ირინე ნაჭყებია. „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“ (რედაქტორი: გრიგოლ ბერაძე), თბ.: წიგნობარი, 2018. გიორგი სანიკიძემ გამოქვეყნა „შარდენის მოგზაურობის“ ახალი, შევსებული და გადამუშავებული თარგმანი გამოკვლევითა და კომენტარებით. თბ., ილიას უნივერსიტეტის გამომც., 2018 (მიუხედავად იმისა, რომ შარდენის მოგზაურობა პროექტის ეპოქა არ განეკუთვნება, ის მე-19 საუკუნის ფრანგი ავტორებისთვის საქართველოს შესახებ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და შესაბამისად, პროექტის თემატიკასთან უშუალო კავშირშია).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1_3.jpg
13/06/2018 16:38

„ადგილობრივი აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საკვები საღებავების ექსტრაქცია და ანალიზი“

2018 წლის 12 ივნისს, 14:00 სთ–ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, გაიმართა 2016 წლის ფუნდამენტური გრანტების კონკურში გამარჯვებული პროექტის „ადგილობრივი აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საკვები საღებავების ექსტრაქცია და ანალიზი“ შედეგების პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას მომხსენებლებმა გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები. კერძოდ, პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნა აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საღებავების მიღების თანამედროვე ექსტრაქციული, რაოდენობრივი განსაზღვრის ანალიზის მეთოდები და რამდენიმე სტადიანი ლაბორატორიული ტექნოლოგიური სქემა, თუ როგორ  მივიღოთ აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საღებავები ფხვნილის სახით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/2_1.jpg
08/06/2018 16:44

„ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“

2018 წლის 7 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ქეთევან გიგაშვილი) გამოცემული წიგნების - „ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ VIII ტომისა და „ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელოს - პრეზენტაცია.  სამეცნიერო პროექტი „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ 2010 წლიდან ხორციელდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით. 2016 წელს პროექტმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. პროექტის ბაზაზე შეიქმნა სადოქტორო პროგრამა „ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა“, რომელმაც 2016 წელს გაიმარჯვა სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარების კონკურსში. პირველი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ხორციელდება ქართველი მწერლების პირადი წერილების მეცნიერული შესწავლა და აკადემიური გამოცემა. მე-8 ტომი, ისევე როგორც წინა 7 ტომი, დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილებს. დღეისათვის მრავალტომეულში უკვე  დაბეჭდილია პოეტის 727 ეპისტოლე. ამათგან პირველად გამოქვეყნდა 325, ხოლო დათარიღდა 156 დაუთარიღებელი ბარათი. „ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელო ასახავს ტექსტოლოგიის განვითარების თანამედროვე მდგომარეობას, სხვადასხვა ქვეყნის ტექსტოლოგიურ სკოლებს შორის არსებულ ტერმინოლოგიურ სხვაობებს, კვლევის როგორც ტრადიციულ, ისე უახლეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, ფუნდამენტური ტექსტოლოგიური კვლევების გამოყენების ასპექტებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებს. სახელმძღვანელოს ახლავს გლოსარიუმი, დავალებების პაკეტი და დამატებითი ლიტერატურის სია. აღნიშნული სახელმძღვანელო პირველია საქართელოში დოქტორანტურის საფეხურისთვის. პრეზენტაციაზე დამსწრე მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ გამოცემებს და აღნიშნებს მათი წვლილი დარგის განვითარების საქმეში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0035.JPG
31/05/2018 16:44

„თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“

2018 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული  მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა გ. ნარიმანიშვილის, ნ. შანშაშვილის, მ. კვაჭაძის ნაშრომის „თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პრეზენტაციაზე წიგნის ღირსებებსა და მის როლზე საქართველოს ისტორიაში ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ მახარაძემ, არქეოლოგიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ გელა გამყრელიძემ, პროფ. ირინე ღამბაშიძემ, პროფ. ჯონი აფაქიძემ. წარმოდგენილ ნაშრომში  პირველად მოხდა თრიალეთის კულტურულ-ისტორიულ ჭრილში განხილვა უძველესი დროიდან XIX ს-ის ბოლომდე, ასევე პირველად მოხდა ისტორიული თრიალეთის ყველა ეპოქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თავმოყრა და დახასიათება. წიგნი დაეხმარება საქართველოსა და კავკსიის ისტორიით, არქეოლოგიით დაინტერესებულ მეცნიერებს, მნიშვნელოვანად გაამდიდრებს რეგიონის მულტიეთნიკური მოსახლეობის ცნობიერებას და ცოდნას. ნაშრომში წარმოდგენილი ავტორთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ეკონომიკური კუთხითაც შეიძლება დაეხმაროს რეგიონის განვითარებას, რამდენადაც ის პოპულარიზაციას უწევს ისტორიული თრიალეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ნაშრომის პრეზენტაციის დროს წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცა დამსწრე საზოგადოებას; აქვე აღინიშნა, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება პრეზენტაციები   და აღნიშნული ნაშრომი გადაეცემა ამ რეგიონის მცხოვრებლებს. წიგნები ასევე გადაეცემა ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, რომლების ერთგულად დაეხმარნენ ავტორებს საველე სამუშაობის დროს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_0547.JPG
30/05/2018 13:50

„საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“

2018 წლის 29 მაისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ  ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“ -  დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია .  ერთ-ერთი წიგნის -„  საბჭოთა ენათმეცნიერების ქართული სამკუთხედი : ნიკო მარი , ი . სტალინი , არნ . ჩიქობავა “  ავტორის, პროფესორ  თინათინ ბოლქვაძის  თქმით, წიგნებში თავმოყრილია საბჭოთა ენობრივი უტოპიური თეორიები და პირველი ქართული საენათმეცნიერო სახელმძღვანელოები. „ ყველაზე უტოპიური თეორია , რომელიც საბჭოეთის დროს შეიქმნა , ეს იყო ნიკო მარის იაფეტური თეორია . ამ წიგნებში მოცემულია საარქივო მასალები საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან . ეს სამი წიგნი აერთიანებს , ერთი მხრივ , საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას , მეორე მხრივ , ყველა იმ მძიმე დაპირისპირებას , რომელიც არსებობდა საბჭოთა ენათმეცნიერებაში , “ -  აღნიშნა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ.  პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა -  "გიორგი ახვლედიანი, ენათმეცნიერების შესავალი 1918-1919" , სამ ნაწილად. კრებულში აღდგენილია რარიტეტურლი წიგნი, ენათმეცნიერების პირველი სალექციო კურსი, რომელსაც გიორგი ახვლედიანი კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტის შექმნის პირველი დღეებიდან. წიგნს ტერმინთა საძიებელი ერთვის; ასევე გამოიცა წიგნი - "  საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან: საარქივო მასალები ". კრებულში მოცემულია ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები და სხვადასხვა არქივში მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას 1950 წლამდე. კრებულში გამოყენებული საარქივო დოკუმენტების დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/11_1.jpg
30/05/2018 10:47

ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონგრესი

2018 წლის 29 მაისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰაულინგ თბილისი“-ში გაიხსნა ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის 30-ე კონგრესი, მისი სლოგანია „ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, რაც მიანიშნებს ურთიერთგაძლიერების აუცილებლობასა და ქართულ და ევროპულ საერთო ღირებულებებზე. აღნიშნული კონგრესი  დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მობილობისა და საერთაშორისო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში. კონფერენციის საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემიის და აკადემიების საერთაშორისო ალიანსის პრეზიდენტები: პროფესორი ჯოვანი ჩიონი (იტალია) და პროფესორი ჰანს ფორსბერგი (ბელგია), 30-ე კონგრესის პრეზიდენტი პროფესორი ნანა ტატიშვილი (საქართველო),   ქალბატონი მაია ლაგვილავა.  კონფერენციის თემებია: ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა გამომწვევი მდგომარეობების ამოცნობის, იდენტიფიცირებისა და მართვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. ფორმატი ინტერაქტიულია და ითვალისწინებს თანამედროვე მიდგომების ურთიერთგაზიარებას. კონფერენციის ფარგლებში 29 მაისს ჩატარდა 7 ინსტრუქციული კურსი, 14 პარალელური სესია და 3 მთავარი ლექცია, რომლის მომხსენებლები იყვნენ პროფესორი პროფესორი ჰანს ფორსბერგი (შვედეთი), პროფესორი ფედერიკო ვიჯევანო (იტალია) და პროფესორი რუდოლფ კორითენბერგი (გერმანია). კონგრესს ესწრება 45 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი.   ღონისძიება სრულდება 31 მაისს. კონფერენციის ვებგვერდი: https://eacd2018.net/
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_0545.JPG
30/05/2018 09:41

„თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და საზოგადოება“

2018 წლის 29 მაისს, 14:30 საათზე გიორგი ჩუბინაშვილის  სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში, სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ,  მაგისტრანტთა სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით: „თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და საზოგადოება.“ წიგნის ავტორი გახლავთ, მარიამ მიქაძე - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_8702%20%5B800x600%5D_1.JPG
22/05/2018 15:48

ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში

2018 წლის 19-20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით,  ჩატარდა კონფერენცია - “ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში“ (“Human Genome and Health – First International Conference in Georgia”). კონფერენცია დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა  გენეტიკის სფეროში მიმდინარე ტენდენციების და სიახლეების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება დაა თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების გაზიარება.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი ესპერტები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ლუვენის უნივერსიტეტიდან (ბელგია); კარდიფის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი); მეიოს კლინიკიდან (აშშ); სკრიპსის უნივერსიტეტიდან (აშშ); ლუნდის უნივერსიტეტიდან (შვედეთი); სტენფორდის უნივერსიტეტიდან (აშშ); რადბაუდის უნივერსიტეტიდან (ნიდერლანდები); ერევნის უნივერსიტეტიდან (სომხეთი) და ა.შ. კონფერენცია შედგებოდა ხუთი პლენარული სესიისგან, რომელზეც  განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: - თანამედროვე სამედიცინო გენეტიკური ტესტების ჯანდაცვის სფეროში გამოყენებასთან- დაკავშირებული პრობლემები; - მოსახლეობის გენეტიკური, კერძოდ კი რეცესიული დაავადებების მატარებლების სკრინინგი, ასევე, სამედიცინო გენეტიკური ტესტების შეფასების მეთოდი, რომელიც გენეტიკური ტესტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად ჯანდაცვის სფეროში ხშირად გამოიყენება; - ეთიკური პრობლემები სამედიცინო გენეტიკაში, კერძოდ, სეკვენირების შედეგად მოულოდნელად მიღებული ინფორმაციის (incidental/secondary findings) მენეჯმენტის პრობლემები; - გენომური დიაგნოსტიკის როლი იშვიათი ქრომოსომული ანომალიების დასადგენად; - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების შეფასებაში; - საქართველოში მიმდინარე კვლევები, რომელიც შეეხება სიმსივნის გენეტიკას და ეპიგენეტიკას; - მემკვიდრული თრომბოფილია და პერსონალიზებული მედიცინა საქართველოში; - სპონტანური აბორტების გენეტიკური ფაქტორების როლი საქართველოში; - შემდგომი თაობის სეკვენირების აპლიკაციების როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში; - ქრონიკული ტკივილის და ანთებითი დაავადებების ეპიგენეტიკური პროფილი და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები; - უჯრედული სიკვდილი და დაბერებასთან დაკავშირებული დაავადებები და პრეკლინიკური კვლევის ეფექტური ტრანსლაცია კლინიკურ პრაქტიკაში; - ღეროვანი უჯრედების კლინიკური პოტენციალი და სხვა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ვორკშოფი: ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოზირებისას. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ Face2Gene პროგრამას, რომლის მეშვეობითაც ხდება პაციენტის ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის პორტალში შეყვანა. აღნიშნული პროგრამა ალგორითმების მეშვეობით ახდენს ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი. პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დნმ-ის დღესთან დაკავშირებული ესეების კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი.
სრულად