გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/received_1678601275513780.jpeg
17/01/2017 13:47

“ფორმალური და არაფორმალური მონეტარული ინსტიტუტები გარდამავალ ეკონომიკაში - საქართველოს მაგალითი“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ცოტნე ჟღენტი იმყოფებოდა საერთაშორისო აკადემიური კონფერენციაზე ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტის და მარკეტინგის შესახებ - ვენა 2016. სადაც მან წარადგინა მოხსენება თემაზე: “ფორმალური და არაფორმალური მონეტარული ინსტიტუტები გარდამავალ ეკონომიკაში - საქართველოს მაგალითი“. პოსტკომუნისტური ანალიზის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციაა, რომელიც მეტწილად დაკავშირებულია დაბალ ინფლაციასთან. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების ემპირიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჰიპერინფლაცია პიკს ეროვნული ვალუტის შემოღებამდე აღწევდა და შემდეგ მკვეთრად იკლებდა. ქვეყნები,  რომლებიც მალე გამოვიდნენ მაღალი ინფლაციური პროცესებიდან, დააფიქსირეს მკვეთრად დაბალი ინფლაციური მაქსიმუმი. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჰიპერინფლაცია დროის განმავლობაში იკრებს ძალებს, ქმნის ინფლაციურ სპირალებს მანამ, სანამ არ იქნება მის წინააღმდეგ მკვეთრი და რადიკალური ზომები გამოყენებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განიხილოს ეროვნული ვალუტის როლი მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციის პროცესში, რომლის ეფექტიანობაზე მოქმედებს ფორმალური და არაფორმალური მონეტარული ინსტიტუტების ცვლილება. ნაშრომში განხილულია რეგრესიული მოდელი, რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას ჰიპერინფლაციის დაძლევასა და ეროვნული ვალუტის არსებობას შორის. მოდელის შედეგების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ეროვნული ვალუტის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ამცირებდა ინფლაციური პროცესების ხანგრძლივობას ტრანსფორმაციის პროცესში. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ის არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ფასების სტაბილურობის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2560.JPG
12/01/2017 13:12

,, იმუნოტოსინით ბაზალური წინატვინის გაბაერგული ნეირონების დაზიანება იწვევს სივრცითი მეხსიერების გაუარესებას’’

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ლალი ყრუაშვილი იმყოფებოდა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ბიოინჟინერიის საერთაშორისო კონფერენციაზე მიმდინარე წლის 22 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, რომელიც გაიმართა კიოტოში იაპონიაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის დელეგატმა. სასტენდო, ზეპირი მოხსენებებისა და ლექციების სახით წარმოდგენილი იყო საინტერესო და აქტუალური თემები სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში და ბიოინჟინერიის დისციპლინებში. 24 ნოემბერს  სასტენდო მოხსენება გააკეთა ლალი ყრუაშვილმა, სათაურით: ,, იმუნოტოსინით ბაზალური წინატვინის გაბაერგული ნეირონების დაზიანება იწვევს სივრცითი მეხსიერების გაუარესებას’’. წარმოდგენილ ნაშრომის მიზანი იყო სივრცით მეხსიერებაზე NBM-ის და MS-ის გაბაერგული ნეირონების მამოდულირებელი გავლენის შესწავლა. ახალი, გაბაერგული ნეირონების სელექტიური დაზიანების უნარის მქონე GAT1-SAP-ის გამოყენებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/DSC01054.JPG
21/12/2016 16:06

„აგრესიული გარემოს მიმართ მდგრადი ჰიდროტექნიკური ბეტონის მიღება დანამატების საშუალებით“

20 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ლაბორატორიის საპრეზენტაციო ოთახში, გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის : “აგრესიული გარემოს მიმართ ჰიდროტექნიკური ბეტონის მიღება დანამატების გარეშე“ გეგმიური პრეზენტაცია. პროექტის პრეზენტაციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: კვლევის სფეროში არსებული მიღწევები, კერძოდ, ჰიდროტექნიკური ბეტონი სამეცნიერო წყაროებში; შემუშავდა საკვლევი თემის დასახული ამოცანების გეგმები; შერჩეულ ადგილობრივ ინერტულ მასალებზე (ქვიშა 0-5 მმ ფრაქცია; ღორღი-ხრეში 5-10 მმ ფრაქცია; ღორღი-ხრეში 10-20 მმ) ჩატარებული იქნა გრანულომეტრიული ანალიზი; განისაზღვრა ადგილობრივი ინერტული მასალების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები; შეფასდა შემავსებლის პოტენციალური ტუტიანობა; შემუშავდა ბეტონის ნარევის რეცეპტები ადგილობრივი ინერტული მასალების, ჰიდრავლიკური შემკვრელი ნივთიერების და დანამატების გამოყენებით.  პრეზენტაციის ბოლოს, თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2513.JPG
21/12/2016 13:41

"ქართული პოლიტიკური კორპუსის" პრეზენტაცია

20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა "ქართული პოლიტიკური კორპუსის" პრეზენტაცია , რომელიც შეიქმნა 2016წელს  შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ზამთრის სკოლის „დიგიტალური ქართველოლოგია“ ბაზაზე, იგი მიეძღვნა თემატურიკორპუსების შექმნის ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს (ხელმძღვანელები: პროფ. დარეჯან თვალთვაძე, პროფ. მანანა თანდაშვილი). პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო "ქართული პოლიტიკური კორპუსის" პროექტის ხელმძღვანელის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილისმოხსენება პოლიტიკური კორპუსის, როგორც ინტერდისციპლინარული კვლევითი რესურსის მნიშვნელობის შესახებ და პროექტის მონაწილეების სამეცნიერო მოხსენებებიქართული პოლიტიკური მეტყველების ანალიზისა და მიზნის მიღწევის ენობრივი საშუალებების თაობაზე ქართველ პოლიტიკოსთა საჯარო გამოსვლების მაგალითზე.პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შესრულებული სპეციალური  პროგრამა "პოლიტიკური მეტყველების სტატისტიკური კვლევისვიზუალიზაცია".
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2533.JPG
21/12/2016 11:50

იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

21-25  დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება „იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით“. სკოლა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართა  21 დეკემბერს,  10:00 საათზე თსუ  I კორპ, აუდიტორია #115-ში,  ი. ჭავჭავაძის გამზირი №1. სკოლა განკუთვნილია საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების, ასევე საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის იმუნოლოგიის დარგის  ან მომიჯნავე მიმართულებებით.  სეზონური სკოლის მიზანია ინტენსიური  ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული  კურსის გავლის გზით ხელი შეუწყოს საქართველოში იმუნოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერთა და მომავალ მკვლევართა პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას. სეზონური სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო სამეცნიერო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე; სკოლის მონაწილეებმა შეისწავლონ კვლევისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები, გაიღრმავონ ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები. ასევე, სკოლა სამეცნიერო კონტაქტების დამყარებისა და გაფართოების საშუალებას მისცმეს მონაწილეებს როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ასევე უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებთან. სეზონური სკოლის ფარგლებში 40 სტუდენტი გაივლის თეორიულ კურსს და მათგან 20 სტუდენტი დაეუფლება იმუნოლოგიური კვლევის პრაქტიკულ/ ლაბორატორიულ მეთოდებს. სკოლის მონაწილეები არიან თსუ-სა  და სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტები:თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (დტსუ), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ) და  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ). სკოლის მოწვეული ლექტორები ძირითადად თსუ იმუნოლოგიის კათედრის კურსდამთავრებულები არიან, რომელთა ნაწილი უცხოეთში მოღვაწეობს, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში: აგასტას უნივერსიტეტი (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლა (გერმანია), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ), ბურგუნდიის უნივერსიტეტი (საფრანგეთი). სკოლის ფარგლებში ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება 21-25 დეკემბერს თსუ XI კორპუსის აუდიტორიებში, იმუნოლოგიის ლაბორატორიასა და ვივარიუმში (უნივერსიტეტის ქ. 13).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_7764.JPG
14/12/2016 09:43

ნასესხი ზმნების ადაპტაცია საქართველოში გავრცელებულ პონტოურ ბერძნულში

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სვეტლანა ბერიკაშვილი იმყოფებოდა , პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ენების კონტაქტებზე ბალკანეთსა და მცირე აზიაში, სადაც მან წარადგინა მოხსენება: ნასესხი ზმნების ადაპტაცია საქართველოში გავრცელებულ პონტოურ ბერძნულში. მოხსენება წარმოადგენს ემპირიულ კვლევას პონტოური ბერძნულის შესახებ, მასში განხილულია ზმნების სესხება თურქული და რუსული ენებიდან და სესხებისას გამოყენებული ადაპტაციის სტრატეგიები, რომელიც ეფუძნება Wichman და Wohlgemuth-ის კლასიფიკაციას (2008) და Wohlgemuth-ის მიერ შემოთავაზებულ ნასესხი ზმნების ინტეგრაციის ჰიერარქიას (2009). კვლევას საფუძვლად უდევს მედია კორპუსი, რომელიც შეიქმნა საქართველოსა და საბერძნეთში საველე ენათმეცნიერებაში არსებული სტანდარტების შესაბამისად (მასალა შეგროვებულია ევგენია კოტანიდის, სვეტლანა ბერიკაშვილისა და სტავროს სკოპეტეასის მიერ 2005, 2014, 2016 წლებში) ფოლქსვაგენის ფონდით დაფინანსებული პროექტის არსებული ტრანსფორმაციული პროცესების ზეგავლენის შესწავლა ენასა და ეროვნული იდენტობაზე: საქართველოში მცხოვრები ურუმი და პონტოელი ბერძნების მაგალითზე ფარგლებში. კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ პონტოური ბერძნული იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას კონკატენციური (თურქული) და არაკონკატენციური (რუსული) ტიპოლოგიის მქონე ენებიდან სესხების დროს. თურქულიდან სესხებისას გვხვდება ე.წ. ირიბი ჩართვა (IndI), ‑ev ვერბალაიზერის მეშვეობით, ხოლო რუსულიდან ე.წ. დამხმარე ზმნის სტრატეგია (LVS). გარდა ამისა, რუსულიდან სესხებისას ასევე დასტურდება პირდაპირი ჩართვის (DI) მაგალითები, კერძოდ ინფინიტივის გამოყენების შემთხვევები, რასაც ცალკე განვიხილავთ.     მთავარი კითხვაა რატომ გამოიყენება განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა დონორი ენის შემთხვევაში, აქვს თუ არა ტიპოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ზმნების სესხებისა და ინტეგრაციის დროს.   მოხსენების სიახლე შემდგომში მდგომარეობს: ა) წარმოდგენილია პონტოური დიალექტის იმ კილოს მასალა, რომელიც დღემდე შესწავლილი არ არის და რომელზეც დღესაც საუბრობენ საქართველოში მცხოვრები პონტოელი ბერძნები და ბ) შედარებულია კონკატენციური და არაკონკატენციური ტიპოლოგიის მქონე ენებიდან ნასესხი ზმნების მორფოლოგიური ინტეგრაცია დონორი ენის როლის  გამოსავლენად.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/15502760_577989392394875_1377039555_o.jpg
13/12/2016 11:55

“რედოქს-აქტიური პროტეინების კონფორმაციული და მექანიზმური ასპექტების კომპლექსური კვლევები ინტერფაზური ვოლტამეტრიის გაფართოებული მეთოდის გამოყენებით“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დიმიტრი ხოშტარია იმყოფებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე: “პროგრესი პროტეინების მახასიათებლების კვლევის ბიოფიზიკურ მეთოდებში” , რომელიც გაიმართა ქ.პალერმოში 4-6 ოქტომბერს.მან გააკეთა მოხესენება თემაზე: “რედოქს-აქტიური პროტეინების კონფორმაციული და მექანიზმური ასპექტების კომპლექსური კვლევები ინტერფაზური ვოლტამეტრიის გაფართოებული მეთოდის გამოყენებით“. კონფერენციის მუშაობის პირველივე დღეს შედგა პროფ. დ. ხოშტარიას საუბარი პროფ. მ. ტელინგთან. საუბრის თემა იყო ახალი მეთოდის - ელემენტარული ნაწილაკების, სახელდობრ,  მიუონების სპინური რელაქსაციის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობები ბიომოლეკულებში ელექტრონის გადატანის ფიზიკური მექანიზმების შესწავლის თვალსაზრისით. პროფ. მ. ტელინგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პროფ. დ. ხოშტარიას სამეცნიერო გუნდის გამოცდილება ელექტრონული გადასვლების მექანიზმების გამოვლენის მიმართულების კუთხით შესაძლებელია მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს მის ლაბორატორიაში მიმდინარე ექსპერიმენტულ კვლევებში პროგრესის მისაღწევად. მეცნიერებს შორის მიღწეული იქნა წინასწარი შეთანხმება 2017 წ. გაზაფხულზე პროფ. დ. ხოშტარიას დიდ ბრიტანეტში, ქ. ოქსფორდის უნივერსიტეტში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. კონფერენციის მუშაობის პირველ და მომდევნო დღეენში შედგა პროფ. დ. ხოშტარიას წინასწარვე დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ქ. პალერმოს უნივერსიტეტის ფიზიკისა და ქიმიის დეპარტამენტის პროფესორთან ანტონიო კუპანესთან. შეხვედრებზე განიხილებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქ. პალემოს უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტებს შორის ბიოფიზიკისა და მომიჯნავე მიმართულებებით სტრატეგიული თანამშრომლობის დაფუძნებას, როგორც ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, ისე  ახალი საგანმანათლებლო  პროგრამების (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) შექმნის და შესაბამისად, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ორმხრივი მობილობის  მექანიზმების ამოქმედებას.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/14877818_1429520023725140_1419381738_n.jpg
13/12/2016 10:55

ორთოდოქსული მუსიკის საერთაშორისო კონფერენცია პრაღაში “Ars Nova აღმოსავლეთსა და დასავლეთში“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თამარ ჩხეიძე იმყოფებოდა, მიმდინარე წლის 14-16 ოქტომბერს ორთოდოქსული მუსიკის საერთაშორისო საზოგადოების, პრაღის ჩარლის უნივერსიტეტისა და ფილოკალიის ასოციაციის ორგანიზებით  გამართულ ორთოდოქსული მუსიკის საერთაშორისო კონფერენციაზე:  “Ars Nova აღმოსავლეთსა და დასავლეთში“. კონფერნციის მიზანი იყო ორთოდოქსულ ხელოვნებაში ევროპული Ars Nova-ს პარალელური მოვლენების ანალიზი,  ე.წ. ახალი ხელოვნების იდეების წინაპირობების შესწავლა, ასევე დასავლური აღმოსავლური საეკლესიო მუსიკის საერთო და განსხვავებული კონცეპციების შესახებ დისკუსია.  კონფერენციის  სესია 16 ოქტომბერს დაეთმო ქართულ საეკლესიო მუსიკას, სადაც მოხსენებებით წარსდგა 4 მეცნიერი საქართველოდან (ხათუნა მანაგაძე, თამარ ჩხეიძე, ეკა ჭაბაშვილი, მაკა ვირსალაძე). მოხსენებათა თემატიკა დაკავშირებული იყო ტრადიციული გალობის ესთეტიკის, ფილოსოფიის საკითხებთან, ქართულ-ბიზანტიური პარალელების წარმოჩენასთან, თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა საეკელესიო თხზულებებში  შემოქმედებითი პრინციპების ანალიზსა და  განხილვასთან. თამარ ჩხეიძის მოხსენება მიეძღვნა “ჭრელი“ გალობის სტილური თავისებურებებისა და ამ სტილის ჩამოყალიბების წინაპირობების  განხილვას  ქართულ და ბიზანტიურ ლიტურგიკულ ტრადიციაში,  და  მის საფუძველზე ბიზანტიური  კალოფონიური სტილისა და ქართული ჭრელი გალობის, (როგორც   სხვადასხვა მართლმადიდებლურ ტრადიციებში მსგავსი მოვლენების) საერთო და განმასხვავებელი ნიშნების წარმოჩენას. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რამდენადაც კონფერენციის პირველი სესიის ორი მოხსენება სწორედ კალოფონიური სტილის თავისებურებათა წარმოჩენას ეძღვნებოდა ბიზანტიური მუსიკის მკვლევართა მხრიდან. პარალელური მოვლენების არსებობა კი სხვა მართლმადიდებლურ ტრადიციაში საკითხის კვლევის ახალი პერსპექტივები დასახა. ქართველ მეცნიერთა მონაწილეობას შუა საუკუნეების მუსიკის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მოხსენებებით ყოველთვის დიდი ინტერსი ახლავს, ვინაიდან, ქართული საეკელსიო გალობა თვითმყოფად, ეროვნულ ტრადიციებთან ერთად ინახავს ზოგადმართლმადიდებლურ მუსიკალურ კანონზომიერებებს.  კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა საინტერესო დისკუსია, გაიცვალა საკონტაქტო ინფორმაციები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. მომხსენებლება მიიღეს მიწვევა ორთოდოქსული მუსიკის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ფინეთში, 2017 წლის 6-11 ივნისს იოენსუს უნივერსიტეტში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/1_4.jpg
09/12/2016 15:24

„ანანაურის დიდი ყორღანი 3"

2016 წლის 8 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა წიგნის: „ანანაურის დიდი ყორღანი 3" პრეზენტაცია. „ანანაურის დიდი ყორღანი 3" გამოიცა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინასებული პროექტის „ანანაურის №3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია" ფარგლებში. პროექტის კვლევის ობიექტს წარმოადგენდა 2012 წელს ლაგოდეხის რაიონში შესწავლილი  ძვ.წ. III  ათასწლეულის ყორღანული სამარხი. წიგნში თავმოყრილია ისტორიულ-არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევის შედეგები. „ანანაურის დიდი ყორღანი 3" მოიცავს როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის,  აიქს მარსელის უნივერსიტეტის,  მელბურნის უნივერსიტეტის, გერმანიის გერმანულ-რომაული ცენტრალური მუზეუმის, ვეიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტისა და მაქსპლანკის საზოგადოების მეცნიერების სტატიებს. წიგნში „ანანაურის დიდი ყორღანი 3" წარმოდგენილი კვლევებით მიღებულია მრავალმხრივი ინფორმაცია სამხრეთ კავკასიის ძვ. წ. III ათასწლეულის ბუნებრივი პირობებისა და კულტურული განვითარების შესახებ.   
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20prezentaciebi/IMG_2467.JPG
07/12/2016 11:57

ბიოდეგრადირებადი კატიონური პოლიმერები არგინინისა და სპერმინის საფუძველზე: სინთეზი, უჯრედთავსებადობა და ბიოლოგიური აქტივობა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ნინო ზავრადაშვილი იმყოფებოდა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე ბიოინსპირირებულ და ბიოდაფუძნებულ  ქიმიასა და მასალებზე, სადაც მან გააკეთა მოხსენება თემაზე : ბიოდეგრადირებადი კატიონური პოლიმერები არგინინისა და სპერმინის საფუძველზე: სინთეზი, უჯრედთავსებადობა და ბიოლოგიური აქტივობა. კატიონური პოლიმერები (CPs)  ფართოდ შეისწავლება როგორც გენის უჯრედშიდა გადამტანი აგენტები, რომლებიც გამოიყენებიან როგორც გენურ თერაპიაში, ასევე ბიოტექნოლოგიაში და ასევე, როგორც ანტიმიკრობული აგენტები. In vivo გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი არატოქსიკური ბიოდეგრადირებადი CPs-ის მიღება, რომლებიც დაკისრებული ფუნქციის შესრულების შემდეგ შეძლებენ მთლიანად გამოიყონ ორგანიზმიდან; აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ  სამუშაოში მიზნად დავისახეთ ახალი, ბიოდეგრადრებადი, მაღალმუხტიანი  CPs-ის სინთეზი ენდოგენური პოლიამინის - სპერმინისა და α-ამინომჟავა L-არგინინის საფუძველზე, რადგან აღნიშნული ,,საშენი ბლოკები’’ ბოლო ხანებში აქტიურად გამოიყენებიან ბიოლოგიურად აქტიური პოლიმერების შექმნისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი, მაღალმუხტიანი კატიონური პოლიამიდები დავასინთეზეთ „ორსაფეხურიანი/ერთი რეაქტორის“ სინთეზური სტრატეგიით, კერძოდ, დი-პ-ნიტროფენილ-ტრანს-ეპოქსი-სუქცინატის კონდენსაციით შესაბამის  დიამინებთან და მიღებული შუალედური ეპოქსი-პოლიამიდის  ურთიერთქმედებით არგინინის მეთილის ესტერის დიჰიდროქლორიდთან. დიამინებად სპერმინისა და მსგავსი ნაერთების გამოყენება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სასურველი, მაღალმუხტიანი CPs, რომლებიც მაკრომოლეკულის ჯაჭვებში შეიცავენ ანქიმერული კატალიზით თვითჰიდრო­ლი­ზებად  ვიცინალურ ამიდურ ბმებს, ასეთ პოლიმერებს კი ექნებათ უნარი, ფიზიოლოგიურ გარემოში დაიშალონ ორგანიზმის მიერ უტილიზირებადი თავისუფალი სპერმინის გამოყოფით. ახალმა კატიონურმა პოლიმერებმა გამოავლინეს მაღალი მეტაბოლური აქტივობა კონცენტრაციულ ზღვრებში  (c =10.00 – 0.04 მგ/მლ; 4T1 , HeLa , NIH3T3 , და CCD-27SK  უჯრედულ ხაზებთან).  გარდა ამისა, ახალი CPs ძალიან კარგად იხსნებიან წყალში (≤ 200 მგ/მლ), რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, CPs წარმოქმნიან ნანოკომპლექსებს დნმ  პლაზმიდთან დაბალი წონითი თანაფარდობისას (პოლიმერი/დნმ - 5/1, 25/1).  მიღებული  კომპლექსები  ნანოზომისაა (38.0 – 312.0 ნმ), ხოლო ძეტა-პოტენციალი კი დადებითი (≤ +57.4 მვ), რაც განაპირობებს წარმოქმნილი კომპლექსების სტაბილურობას.  კომპლექსების უჯრედშიდა გადატანის უნარი  შევაფასეთ ციტომეტრიული (FACS) ანალიზით და კონფოკალური მიკროსკოპიით. შესწავლილმა პოლიმერებმა გამოავლინეს საკმაოდ მაღალი სელექციური ტრანსფექციის უნარი სხვადასხვა უჯრედული ხაზის მიმართ, რაც პერსპექტულს ხდის მათ გამოყენებას გენურ თერაპიაში, ახალმა CPs-მა გამოავლინეს აგრეთვე ანტიმიკრობული აქტივობა  სხვადასხვა ბაქტერიების შტამების  ( Bacillus cereus, Staphylococcus aureus , Escherichia coli, Salmonella enterica ) მიმართ, ამიტომ ისინი პერსპექტულნი იქნებიან როგორც ანტიბაქტერიული აგენტები.
სრულად