გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/Files/067.JPG

ლევან ტიელიძის პრეზენტაცია ,,საქართველოს გლაციოლოგიური კატალოგი’’

25/03/2016 17:21

"Modern and old glaciers of Georgia" პირველი მონოგრაფიაა ინგლისურ ენაზე, სადაც განხილულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატის ცვლილების შედეგად კავკასიონზე მყინვარების ცვალებადობა. მონოგრაფიაში ასევე განხილულია საქართველოს ძველი და თანამედროვე გამყინვარების დინამიკა და მასშტაბები, მტკნარი წყლის მარაგთან დაკავშირებული საკითხები. განხილულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა მყინვარების ნგრევის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური მოვლენები, მათ შორის,  2014 წლის მაისის თვეში დარიალის ხეობაში მყინვარ დევდორაკზე მომხდარი გლაციალური ღვარცოფი და სხვ.

მონოგრაფია და კატალოგი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (2014-2016 წლების გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,საქართველოს გლაციოლოგიური კატალოგი’’ (№AR/151/9-102/13).


"საქართველოს მყინვარების კატალოგი/Glaciers Catalog of Georgia" წამოადგენს პირველ ორენოვან სამეცნიერო ნაშრომს გლაციოლოგიური მიმართულებით, სადაც განხილულია საქართველოს ყველა მყინვარული აუზი, მოცემულია საქართველოს ყველა დიდი მყინვარის დეტალური დახასიათება, ასევე შესწავლილია მყინვარების რაოდენობისა და ფართობის დინამიკა ბოლო ერთი საუკუნის პერიოდში. კატალოგზე მუშაობის პროცესში ასევე შეიქნა საქართველოს მყინვარების მონაცემთა ბაზა, სადაც თითოეული მყინვარის შესახებ  განთავსებულია სრული ინფორმაცია.

მონოგრაფია და კატალოგი დიდ დახმარებას გაუწევს არა მარტო გლაციოლოგიით და გეოგრაფიით, არამედ  საბუნებისმეტყველო და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებით  დაინტერესებულ სხვადასხვა უნივერსიტეტების როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. 

მონოგრაფია და კატალოგი ემყარება ავტორის რამდენიმეწლიან თეორიულ და საველე-კამერალურ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარებულია კავკასიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობზე თითქმის ყველა მყინვარულ აუზში. ძირითადი თეორიული დებულებები და დასკვნები ავტორის მიერ დამუშავებულია თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტიში. ასევე, 2014-2015 წლებში კვლევის გარკვეული ნაწილი შესრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, ხოლო 2015-2016 წლებში, კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში.