შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში
გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/%D0%91%D0%B5%D0%B7%20%D0%B8%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%B8-1.jpg

შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში

18/05/2018 10:58

7 მაისს, 16:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის " შუა საუკუნეების ქართული მწიგნობრობა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში" საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. პროექტის მონაწილეებმა საზოგადოებას გააცნეს ჩატარებული საქმიანობა და კვლევის შედეგები.

კატალოგში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც X-XVIII საუკუნეებში იქმნებოდა თუ ინახებოდა უცხოეთში, ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიის სამონასტრო ცენტრებში: ისტორიულ პალესტინაში, ბითვინაში, ათონზე, კონსტანტინოპოლში, ანტიოქიის რეგიონსა და ბალკანეთში.

კატალოგში წარმოდგენილია უცხოეთში გადაწერილი ცალკეული ხელნაწერის ერთი ან ორი გვერდის ფოტო, რომელსაც ახლავს ხელნაწერის მოკლე კოდიკოლოგიურ - პალეოგრაფიული აღწერილობა, ანდერძ - მინაწერები, რომლებშიც მოცემულია ცნობები გადაწერის ადგილისა თუ თავდაპირველი ადგილმდებარეობის შესახებ, ინფორმაცია გადამწერთა, შემმოსველთა და მომგებელთა შესახებ და სხვ. შესავალში შეძლებისდაგვარად გაცემულია პასუხი კითხვაზე: როგორ მოხვდა ესა თუ ის ხელნაწერი საქართველოში, რა გზა გამოიარეს ამ ხელნაწერებმა, ვიდრე საქართველოს დღევანდელ მუზეuმებსა თუ წიგნთსაცავებში დაიდებდნენ ბინას?

ნაშრომი დაეხმარება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკვლევრებს, ბიზანტინისტებსა თუ ორიენტალისტებს, შუა საუკუნეების ხელნაწერებთან, ასევე, სამონასტრო - სამწიგნობრო კერებთან დაკავშირებული საკითხების კვლევაში; ხელს შეუწყობს მკითხველს, გაიცნოს შორეული წარსულის ქართველთა მწოგნობრული საქმიანობა, შეიგრძნოს ძველი ხელნაწერებისა და მათი ისტორიების ხიბლი.