გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/962741248_n.jpg

ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები

29/06/2018 11:48

2018 წლის 27 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგად, გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის, დიმიტრი ჩუბინიძის დისერტაციის დაცვა სახელწოდებით „ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები“.

დისერტაციის მთავარი თემაა ადაპტაციური ქცევის რეგულაციაში კულტურული კოგნიციის მნიშვნელობის შესწავლა, კერძოდ, ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების აღმოჩენა. კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო ეყრდნობა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კულტურული მოდელების სკოლას (ბ. შორის გონების კოგნიტურ–ეთნოგრაფიულ თეორიას), ხოლო კვლევის მეთოდოლოგია – ექსპერიმენტული და თვისებრივი ტექნიკების სინთეზს.

კვლევა იზიარებს დაშვებას, რომ კულტურული ინფორმაცია სხვადასხვა დონეზე (სოციალურზე, ფსიქიკურზე) ორგანიზებულია მოდელების/სქემების სახით, ხოლო კულტურულ კოგნიციაში მნიშვნელობის შექმნა განსხვავებულ დონეებზე არსებულ მოდელთა შორის კავშირის მეშვეობით ხორციელდება.

საკვლევი კონტექსტი წარმოდგენილია ქართული კულტურის სახით, ხოლო საკვლევ არეალს თანამედროვე საქართველო წარმოადგენს. კვლევის ობიექტია ადაპტაციური ქცევის სტრატეგიები. კულტურა-დონის ელემენტად შერჩეულია პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან დაკავშირებული ქართული ანდაზები. მათი მენტალური რეპრეზენტაცია ასახულია ცნობიერების კატეგორიალურ სტრუქტურებში, რომელიც გამოვავლინეთ სემანტიკური სივრცეების სახით. ამგვარად, წარმოდგენილ იქნა კვლევაში გამოყენებული ანდაზების სუბიექტურ მნიშვნელობათა სივრცული მოდელი. ადაპტაციის კულტურული მოდელების აღწერა/ანალიზი, ასევე, ეყრდნობოდა კულტურის წევრთა დისკურსებში ასახულ მნიშვნელობებს.

კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღწერილია ადაპტაციის ქართული კულტურული მოდელები. დისერტაცია ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების ემპირიული კვლევის პირველი მცდელობაა.