გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/111_2.jpg

“კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში“

02/07/2018 14:37

2018 წლის 29 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის ფარგლებში მკვლევარის, მედიცინის დოქტორის ნატო ფიცხელაურის მიერ ჩატარებული კვლევის: “კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში“ შედეგების პრეზენტაცია და წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის დახვეწა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეცნიერის მიერ  კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ წარდგენილი იქნა ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ICCEC 2018: კლინიკური ეთიკა ტრანსლიაციაში: პრაქტიკის კავშირი კვლევასთან, სწავლებასა და პოლიტიკასთან’.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ეთიკის კათედრის წევრებმა, ექსპერტებმა ბიოეთიკის დარგში. პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნა საქართველოს ჰოსპიტალურ დაწესებულებებში კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის შედეგები.  სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა არ შეფასებულა 2003 წლის შემდეგ, ამდენად მეტად საინტერესო აღმოჩნდა კვლევის შედეგების, კერძოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში არსებული კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა, კომიტეტის წევრების გამოცდილება და დარგობრივ  ტრენინგებში მონაწილეობა, კომიტეტის ფუნქციები, კომიტეტების მიერ განხილული შემთხვევების რაოდენობები, იდენტიფიცირებული ეთიკური დილემები და ბარიერები და სხვა.  ხარისხობრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ჩატარებული იქნა SWOT ანალიზი და შემუშავებული იქნა სამოქმედო გეგმა კომიტეტების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია კვლევის შედებთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა მეცნიერმა აღნიშნა, რომ გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება სამოქმედო გეგმის დასახვეწად და ასევე აისახება მონოგრაფიაში, რომლის პრეზენტაცია და პროექტის შემაჯამებელი ანგარიში წარდგენილი იქნება ფართო სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოების წინაშე მიმდინარე წლის ბოლოს.