გრანტიორთა აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1212_1.jpg

„ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა“

02/07/2018 14:58

2018 წლის  28 ივნისს ,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“, სადაც   წარმოდგენილი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანასებული საგრანტო ნაშრომის „ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია.

საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ: მზია სურგულაძე, მონაწილენი: ნესტან ჩხიკვაძე, მაია კარანაძე, ლელა შათირიშვილი, ნიკოლოზ ჟღენტი, ეთერ ედიშერაშვილი.

ნაშრომის წარდგენის დროს, მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული პირობითი სახელწოდების – ტაო-კლარჯეთი –ფართო ისტორიულ-გეოგრაფიული კონტექსტი და ამ რეგიონიდან ჩვენამდე მოღწეული ტექსტების (მწიგნობრული მემკვიდრეობის) სრული შინაარსობრივი სპექტრი. ტაოკლარჯული მწიგნობრული მემკვიდრეობა პოლიტიკური  და კულტურული ფაქტორების   ურთიერთქმედების საფუძველზე ნაშრომში დაყოფილია IX-X, XI-XIII და XIV-XVI საუკუნეების პერიოდებად. ცალკეულ თავებში ცალ-ცალკეა დაჯგუფებული და გაანალიზებული თითოეული პერიოდის ხელნაწერული მასალა.

ფუნქციის მიხედვით ტაოკლარჯული ტექსტების მთლიანი მოცულობა იყოფა საეკლესიო ლიტერატურის ნიმუშებად და სამართლის ძეგლებად.

ტაო-კლარჯეთის  ლიტერატურული ცხოვრების  აღმავლობის პერიოდია IX-X საუკუნეები, როდესაც რეგიონში ბერმონაზვნური მოძრაობის შედეგად დაარსდა მრავალი სამონასტრო ცენტრი,  რომლებშიც ქრისტიანული აღმოსავლეთისა და კონსტანტინოპოლის სამონასტრო ცენტრებთან მჭიდრო კავშირში მიმდინარეობდა ინტენსიური ლიტერატურული საქმიანობა. ამ პერიოდიდანაა ჩვენთვის ცნობილი საუკეთესო  ტაოკლარჯული ხელნაწერები: ბიბლიის წიგნები, ჰიმნოგრაფიული, ასკეტიკური და სასწავლო დანიშნულების კრებულები, ჟანრობრივად შერეული „მრავალთავები“, – ყველა ესენი შეიცავენ   ძველი და ახალი ათთქმის წიგნებს, ჰომილეტიკურ, პატრისტიკულ, აპოკრიფულ,  აგიოგრაფიულ, ეგზეგეტურ და ისტორიულ თხზულებებს.  შემდგომ საუკუნეებში ტაო-კლარჯეთი საზრდოობს ათონიდან და სხვა უცხოური კერებიდან წამოსული ლიტერატურული პროდუქციით, ხოლო სამცხე-საათაბაგოს  პერიოდში (XIV-XVI სს.), ლიტერატურულ- შემოქმედებითი იმპულსები წყდება, სამაგიეროდ მატულობს სამართლებრივი შინაარსის ტექსტები,  რომლებიც სამთავროს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მისწრაფებებს ასახავენ.

ნაშრომის სულ ბოლო თავში ტექსტები წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის  ნაწარმოებთა და იურიდიულ დოკუმენტთა ის ნიმუშები, რომლებიც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის საქართველოს ამ ისტორიული მხარის კულტურულ ცხოვრებაზე და პოლიტიკურ პერიპეტიებზე.