სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/Daad/IMG_3268.JPG

ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენცია - გამორჩეული მეცნიერების მხარდაჭერა

21/04/2017 14:41

20 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს(ERC) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

”ჰორიზონტი 2020”-თან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ,  საქართველოს მეცნიერებს ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეცნიერების მსგავსად, თანაბარუფლებიანი  მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.

კონფერენციას დაესწრნენ: ოფიციალური პირები ევროპული კვლევების საბჭოდან - პროფესორი ევა კონდოროსი, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ევროპული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში და სიერდ ქლეთინგი, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი, ასევე, მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროფესორი მარია მაკაროვი, ევროკავშირის ექსპერტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან პროფესორები გია დვალი და ზაალ კოკაია.

კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროპული კვლევების საბჭოს შესაძლებლობები,  ევროპელი გამოჩენილი მეცნიერების წარმატები და გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მეცნიერებმა მიიღონ მონაწილეობა ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებში და მოიპოვონ დაფინანსება. 

ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში,  ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოება, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები.    

21 აპრილს, რეგიონული კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო დღე,  სადაც დაინტერესებულ პირებს პროექტის წერის,  განაცხადის შევსების და დაფინანსების მისაღებად სხვა საჭირო დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან.