სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/slider2.jpg

ფონდი აგრძელებს მეცნიერთა რეგისტრაციას ექსპერტთა ბაზაში

09/08/2017 17:13

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აგრძელებს საქართველოს და უცხო ქვეყნის მეცნიერთა რეგისტრაციას საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტთა ბაზაში. აღნიშნული ბაზა ივსება  ქართულ და ინგლისურ ენებზე. საერთაშორისო ექსპერტები ავსებენ მხოლოდ ინგლისურ ვერსიას.

აქვე, შეგახსენებთ, რომ აღდგენილია ფონდის კონკურსების შემფასებელ გარეშე ექსპერტთა კონფიდენციალობის საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი, ცვლილების თარიღი 16.06.2017), კონფიდენციალურია იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო საგრანტო, აგრეთვე ინოვაციური პროექტის დაფინანსების კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას. ამასთანავე, 2017 წლის 16 ივნისს ცვლილება შევიდა "მეცნიერების, ტექნოლოიების და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე/151 მუხლში და დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: "იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.“

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ექსპერტთა ბაზიდან მეცნიერთა შერჩევა მოხდება სამეცნიერო პროდუქტიულობის მაჩვენებლებისა (c, h index) და სამეცნიერო-კვლევით საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაზე დაყრდნობით. შერჩევისას აგრეთვე, გათვალისწინებული იქნება ინტერესთა კონფლიქტის საკითხი.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

ფონდი მადლობას უხდის მეცნიერებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის.