სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5899.JPG

„საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფსთვის“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

11/10/2017 14:57

2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააჯილდოვა წლის „საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფსთვის“ კონკურსში გამარჯვებული მეცნიერები. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

წელს მეორედ გამოცხადდა კონკურსი ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისებას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის. 

ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით.

2017 წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

  1. ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი;
  2. საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  3. საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი;  
  4. 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  5. 2017  წლის საუკეთესო მეცნიერი;
  6. 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი.

ჯილდოს მფლობელები გახდნენ :

  • ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი - ტიმოთი ბლაუველტი;
  • საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - ლევან ტიელიძე;
  • საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი - თამარ მახარობლიძე;
  • 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - გიორგი ტეფნაძე;
  • 2017  წლის საუკეთესო მეცნიერი - რამაზ ქაცარავა;
  • 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი - თემურ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე. 

გამარჯვებულებს გადაეცათ, როგორც ფულადი,  ასევე,  მინის გრავირებული ჯილდოები და სერთიფიკატები. გარდა ამისა, წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.