სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/tsu-logo.png

ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება

15/12/2017 15:06

15 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმართა. საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს. მას ცნობილი მეცნიერი ზაალ კოკაია უხელმძღვანელებს. ამ დღეს თსუ-ში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნებისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება 1917 წელს შეიქმნა და კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნებას ისახავდა მიზნად. უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებლები პირველად 1917 წლის 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში შეიკრიბნენ. საზოგადოებამ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, შეძლო უნივერსიტეტის დასაარსებლად საჭირო ფინანსური სახსრების მოძიება. 1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. 1917 წლის 3 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების პირველ საერთო კრებაზე ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის „დებულებანი და წესდება“ წარადგინა. 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) ამიერკავკასიის კომისარიატმა წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა, შედეგად ზუსტად 100 წლის წინ 1917 წლის 15 დეკემბერს (ძვ.სტილით 2 დეკემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიულად დაფუძნდა.