სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8091.JPG

საინფორმაციო დღე SPIRE-ის 2018 წლის კონკურსების შესახებ

22/12/2017 14:52

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, EaP PLUS პროექტის ფარგლებში, ამა წლის 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჰორიზონტი 2020-ის SPIRE-ის კონკურსების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტებისა და მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. საინფორმაციო დღეზე პრეზენტაცია წარადგინა SPIRE საკონტაქტო პირმა, მარგალიტა არაბიძემ, რომელმაც SPIRE-ის 2018 წლის კონკურსები მიმოიხილა:

SPIRE კონკურსები გამოცხადებულია ჰორიზონტი 2020-ის სამუშაო პროგრამის „ნანოტექნოლოგიები, მოწინავე მასალები, ბიოტექნოლოგია, თანამედროვე წარმოება და გადამუშავება” ფარგლებში და მისი მიზანია ევროპული ინდუსტრიული ლიდერობის გაძლიერება გლობალური მასშტაბით. 2018 წლის კონკურსებზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 22 თებერვალი.

შეხვედრაზე  ასევე პრეზენტაცია წარადგინა ჰორიზონტი 2020-ის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა „უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის“  მიმართულებით, ნატალია შათირიშვილმა. მან ჰორიზონტი 2020-ის კონკურსებში მონაწილეობისათვის საჭირო პრაქტიკული ინფორმაცია, კონსორციუმის ძიების, საპროექტო განაცხადის წერის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა ჰორიზონტი 2020-ის SPIRE-ის კონკურსების საპროექტო განაცხადის მომზადებისა და EaP PLUS პროექტის ფარგლებში საშუამავლო გრანტებისა და მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია.