ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი
სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8467_1.JPG

ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის Policy Support Facility-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მეორე ვიზიტი

05/02/2018 18:17

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომიისადმი მიმართვის საფუძველზე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით,  ევროკომისიის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის, Policy Support Facility-ს ფარგლებში შედგა საერთაშორისო ექსპერტების უკვე, მეორე ვიზიტი საქართველოში. Policy Support Facility გულისხმობს დამოუკიდებელი, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან რეკომენდაციის შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით.

საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში იმუშავებენ 5 დღეს და შეხვდებიან სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს ოფიციალურ უწყებებსა და პირებს წარუდგენენ მათ მიერ, პირველი ვიზიტის შედეგად, შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი თემატური შეხვედრები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება; 
    (Support in identification of promising research fields);
  2. მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
    (Measures for narrowing the gap between research and industry/business);
  3. შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემები(Proposal for the performance-based funding of research entities). 

2018 წლის 5 თებერვალს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა საერთაშორისო ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე თევზაძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, მანანა მიქაბერიძე და ფონდის წარმომადგენლები; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  ეკატერინე მიქაბაძე;  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე და საერთაშორისო ექსპერტთა პანელის წევრები: მაიკლ შლიხტი (პანელის თავმჯდომარე) გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) ეროვნული და  საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი; კრისტოფ გულდა(პანელის თანათავმჯდომარე),  დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლონეთის კვლევისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მრჩეველი; მანფრედ სპისბერგერი - უფროსი მკვლევარი სოციალური ინოვაციების ცენტრში, (ZSI) ავსტრიაში, პოლიტიკური მეცნიერი კვლევისა და განვითარების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპაში;  მარია ნედევა - მანჩესტერის უნივერსიტეტის, მანჩესტერის ბიზნესის სკოლის ალიანსის (Alliance Manchester Business School) პროფესორი მეცნიერებისა და ინოვაციების პოლიტიკის დარგში; ანა კადერაბკოვა - ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ინოვაციური კვლევების ცენტრის (Center for Innovation Studies) დირექტორი.

შეხვედრებზე საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს ოფიციალურ უწყებებს, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუციებისა და სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს, წარუდგენენ მათ მიერ, პირველი ვიზიტის შედეგად, შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 4-7 დეკემბერს გაიმართა,   ევროკომისიის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის, Policy Support Facility-ს ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების პირველი ვიზიტი საქართველოში.

სპეციალური მხარდაჭერის ინსტრუმენტი საქართველოსთვის ხორციელდება 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისამდე. 

პირველი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა,  საქართველოში კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული მდგომარების შესწავლისა და შემდგომი შეფასების მიზნით, 4-7 დეკემბერს გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა სახელმწიფო და კერძო კვლევითი უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან. ექსპერტთა პანელი, ასევე, შეხვდა საბანკო და ბიზნეს სექტორისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.