სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_8663.JPG

ხელი მოეწერა 7 ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შეთანხმებას

08/02/2018 10:24

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, მეგობრული საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო კავშირის დამყარების მიზნით, მომზადდა შეთანხმება შვიდ ევროპულ უნივერსიტეტთან საქართველოს შემსწავლელი კვლევითი პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით.

7 თებერვალს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ევროპის შვიდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა.

მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და  ურთიერთსასარგებლო თანამშრომლური ურთიერთობების განვითარებისთვის, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში პოპულარიზაციისა და მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად.

პროგრამის ფარგლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს, მიეცემათ საშუალება განახორციელონ კვლევითი ვიზიტები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ვილნიუსის(ლიტვა), ლეიდენის(ჰოლანდია), ბრემენის(გერმანია), ტარტუს(ესტონეთი), იოტოვოშ ლორანდის(უნგრეთი), ფრიდრიხ შილერის იენისა(გერმანია) და კა ფოსკარის(იტალია) უნივერსიტეტებში.  მასპინძელი უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ საქართველოდან ახალგაზრდა მეცნიერთათვის სამუშაო კვლევითი გარემოს შექმნას, მენტორის გამოყოფას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პარტნიორ უნივერსიტეტებში შეიქმნება და აკადემიურ პროგრამებში ინტეგრირდა: ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები და სალექციო კურსები საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. 

ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება ღია კონკურსის საფუძველზე.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ქართველი მეცნიერები აღნიშნულ პარტნიორ უნივერსიტეტებში წარდგებიან, როგორც პირველი წლის აკადემიური ვიზიტორები. კონკურსის ბიუჯეტი მოიცავს 30000 ევროს. თითოეული გამარჯვებული ფონდიდან მიიღებს სტიპენდიას არაუმეტეს 20 000 ევროს ოდენობით (10 000 ევრო სემესტრში) არაუმეტეს 10 თვიანი ვიზიტისთვის (2000 ევრო თვეში). ვიზიტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5-10 თვემდე. 

მეცნიერები შეირჩევიან ფონდისა და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული ერთობლივი პანელის მეშვეობით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის ბოლომდე.