გამოფენა - “კოლონიალურიდან ეროვნულ მუზეუმამდე 2013-2018“
სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/5%20maisi%20.jpg

გამოფენა - “კოლონიალურიდან ეროვნულ მუზეუმამდე 2013-2018“

07/05/2018 17:12

5 მაისს, 18:00 საათზე  ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა „კოლონიალური პოლიტიკიდან  ეროვნულ მუზეუმამდე 1913-2018“, რომელიც ასახავდა სამწლიანი კვლევის ანგარიშს,  წიგნისა და კატალოგების პრეზენტაციას და  ეძღვნება ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების 105 წლისთავს.

გამოფენა წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ნაწილს და ითვალისწინებს მუზეუმის საგამოფენო სივრცეების გადააზრებას მისი განვითარების ყველა ეტაპისა და მხატვრული ტენდენციების საექსპოზიციო სივრცეებში ასახვით.

მუზეუმის სხვადასხვა სივრცეებში წარმოდგენილი იყო ექსპონატები და საარქივო მასალები, რომლებიც მუზეუმის რთულსა და საინტერსო ისტორიას გვიამბობს რუსეთის იმპერიის ეპოქიდან დაწყებული ახალი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდით დამთავრებული.

გამოფენა გამდიდრებული იყო ახალი ექსპონატებით და თემატურად  აერთიანებდა არა მხოლოდ დროებით, არამედ მუზეუმის მუდმივ საგამოფენო სივრცეებსაც, ასევე ბიბლიოთეკასა და  საგანმანათლებლო სივრცეებს, ეზოს, სადაც ექსპონატები წარმოდგენილია ქრონოლოგიური და თემატური თანმიმდევრობით რომელიც აერთიანებს რუსეთის იმპერიის დროს დაარსებული კავკასიის შინამრეწეველობის კომიტეტისა და მუზეუმის (1899-1917), დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921), საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა (1921-1991) და დამოუკიდებელი საქართველოს  (1991-დღემდე) დროის მონაკვეთებს. ეს ის ისტორიული პერიოდებია, რომელშიც მუზეუმს მოუხდა არსებობა და სადაც  პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებების, სირთულეების მიუხედავად, მან შეინარჩუნა თვითმყოფადობა, კოლექციები და რუსეთის იმპერიის მუზეუმიდან  ქართულ ეროვნულ მუზეუმად გარდაიქმნა.

გამოფენის კურატორი: ირინე კოშორიძე,  საექსპოზიციო დიზაინი - ნინო ყიფშიძე.