ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0829.JPG

ჰორიზონტი 2020 -ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია

15/06/2018 12:04

მიმდინარე წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის #107 აუდიტორიაში 14:00 საათზე გაიმართა „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია. 

პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი - Policy Support Facility გულისხმობს მაღალი რანგის, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით. ექსპერტთა ვიზიტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით. ექსპერტთა ორი ვიზიტის ფარგლებში  (2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში) გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის/ინდუსტრიის და აკადემიური სექტორის  წარმომადგენლობასთან შემდეგი საკითხების შესახებ:

  1. მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება (Support in identification of promising research fields);
  2. მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება (Measures for narrowing the gap between research and industry/business);
  3. შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება (Proposal for the performance-based funding of research entities).

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის მხარდამჭერი სპეციალური ინსტრუმენტის მესამე, შემაჯამებელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია  ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქრისტინა რუსო, რომელმაც აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  კვლევისა და ინოვაციის სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ. ექსპერტებსა და  დამსწრე საზოგადოებას ასევე მადლობა გადაუხადეს და სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ბატონმა ალექსანდრე ცისკარიძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ.

PSF-ის ექსპერტთა პანელმა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინა წინა ორი ვიზიტისა და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. პანელის შემადგენლობა: მაიკლ შლიხტი (პანელის თანათავმჯდომარე) გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) ეროვნული და  საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი; კრისტოფ გულდა (პანელის თანათავმჯდომარე),  დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლონეთის კვლევისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მრჩეველი; მანფრედ სპისბერგერი - უფროსი მკვლევარი სოციალური ინოვაციების ცენტრში, (ZSI) ავსტრიაში, პოლიტიკური მეცნიერი კვლევისა და განვითარების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპაში;  მარია ნედევა - მანჩესტერის უნივერსიტეტის, მანჩესტერის ბიზნესის სკოლის ალიანსის (Alliance Manchester Business School) პროფესორი მეცნიერებისა და ინოვაციების პოლიტიკის დარგში; ანა კადერაბკოვა - ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ინოვაციური კვლევების ცენტრის (Center for Innovation Studies) დირექტორი.

ანგარიშის ძირითადი მესიჯები შემდეგია: საქართველო კვლევისა და ინოვაციის სფეროში ისეთი მოწინავე არაა, როგორც ბიზნესის წარმოებაში. ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისათვის, ექსპერტთა პანელი შემდეგ 4 ძირითად რჩევას გვთავაზობს:  კოორდინაცია, კონცენტრაცია, თანამშრომლობა და შეთანხმებულობა. (4C: Coordination, concentration, collaboration, coherence).

პრეზენტაციის შემდგომ, გაიმართა ღია დისკუსია და დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება შეკითხვები დაესვათ მომხსენებლებისათვის.

ექსპერტთა პანელის მიერ შემუშავებული საბოლოო ანგარიში ხელმისაწვდომია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://rio.jrc.ec.europa.eu/en/policy-support-facility/specific-support-georgia

14 ივნისს წარდგენილი პრეზენტაცია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.