თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტრის ძეგლების კატალოგი
წარმატებული პროექტები
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/123.jpg
17/04/2018 16:43

თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტრის ძეგლების კატალოგი

საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტრის ძეგლების კატალოგი. სამეცნიერო ხელმძღვანელი  თეიმურაზ  ხუციშვილი - 2003 წლიდან აქტიურად მუშაობს ტაო-კლარჯეთის კვლევის სამეცნიერო საკითხებზე. მისი ორგანიზებით ამ რეგიონში 15-ზე მეტი სამეცნიერო საკვლევი ექსპედიცია მოეწყო, ამ პერიოდში ათობით ახალი, მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლი იქნა მიკვლეული. 2013-2016 წლებში იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (57/04) სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების მასშტაბურ კვლევას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში ასობით ახალი ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი ძეგლი იქნა მიკვლეული. ავტორია 2014, 2015 წლების ექსპედიციების ანგარიშებისა და ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების ოთხტომეულისა. ავტორია ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების შესახებ არაერთი პუბლიკაციისა.   კოორდინატორი ,,ახ. მეც.’’, ლევან წიქარიშვილი - 2006 წლიდან მონაწილეობს ტაო-კლარჯეთის საკვლევ ექსპედიციებში. ბოლო წლების გამოცდილებით იგი იყო მენეჯერი 2013-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტისა (57/04), რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიიჩნევა, მისმა როლმა და უნარ-ჩვევებმა დიდად განაპირობა პროექტის მაღალი შედეგები. იგი მონაწილეა ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული 21 საკვლევი ექსპედიციისა, ასევე, აქტიურად იყო ჩართული პროექტის სამეცნიერო მუშაობაში. ერთ-ერთი ავტორია 2014, 2015 წლების ექსპედიციების ანგარიშებისა და ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების ოთხტომეულისა, ასევე, გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების შესახებ.   მკვლევარი დავით მაისურაძე - 2003 წლიდან მონაწილეობს ტაო-კლარჯეთის საკვლევ ექსპედიციებში თუ სამეცნიერო მუშაობის პროცესში. 2013-2016 წლებში იგი იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (57/04) მკვლევარი, კონკრეტულად, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტში ისტორიული გეოგრაფიის კვლევის მიმართულებით. ერთ-ერთი ავტორია 2014, 2015 წლების ექსპედიციების ანგარიშებისა და ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების ოთხტომეულისა. ცნობილია, რომ ტაო-კლარჯეთად მოიაზრება ისტორიული საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონის, მესხეთის ის მხარეები, რომლებიც რამდენიმე სხვა მხარესთან ერთად (არტანი, შავშეთი, კოლა, პარხალი, თორთომი და სხვა), დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხის აუზსა და მტკვრის აუზის ზედა ნაწილში მდებარეობენ. ისტორიული წყაროებითა და არტეფაქტებით, ათასწლეულების განმავლობაში, ამ მხარეების თანამშრომლობა თუ კონფრონტაცია დასტურდება დასავლეთ აზიის ბევრ ქვეყანასთან თუ კულტურასთან. პროექტი  ,,თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი’’ განხორციელდა ,,კავკასიის უნივერსიტეტი’’-სა და ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი’’-ს მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით . პროექტი განხორციელდა 2013 – 2016 წლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა 20-ზე მეტი საკვლევი ექსპედიცია. შესწავლილ იქნა ისტორიული ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანში მდებარე 1000-ზე მეტი ისტორიული ქართული სოფელი და მისი შემოგარენი. დაფიქსირდა იქ არსებული ცნობილი ქართული კულტურის ძეგლების თანამედროვე მდგომარეობა. ამ პერიოდში გამოვლინდა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიდა ასობით ახალი კულტურის ძეგლი, მოხდა მათი აღწერა და ფოტო-ვიდეო ფიქსაცია, GPS კოორდინატების აღება, ისტორიული ტოპონიმების დაზუსტება. შესწავლილ იქნა დიდძალი წერილობითი და სხვა წყაროები ტაო-კლარჯეთის თემაზე. ამ მასალებისა და ახლადმოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით შექმნილი ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების კატალოგი წარმოდგენილია ოთხ წიგნად, რომელიც ათას ორასზე მეტი ძეგლის აღწერილობას შეიცავს, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიული და არქიტექტურული ღირებულება აქვთ. ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლთა უმრავლესობა მხოლოდ წერილობით წყაროებშიღა შემორჩა ან მხოლოდ მცირე ფრაგმენტების სახით არსებობს, მაგრამ მათი აღნუსხვა და კატალოგში შეტანა მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ. პირველი წიგნი ეთმობა ზოგად ნაწილს (ისტორიულ ექსკურსს, საძიებლებს, ლიტერატურას და სხვა). კატალოგის მომდევნო სამ წიგნში ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების აღწერილობა განთავსებულია საქართველოს ისტორიული მხარეების მიხედვით: წიგნი 2 – „კოლა-არტანი“,  წიგნი 3 – „შავშეთ-კლარჯეთი“ , წიგნი 4 – „ტაო“.  თითოეული ძეგლის აღწერილობას, როგორც წესი,  ახლავს წერილობითი წყაროები და ფოტომასალა.
სრულად

კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში

17/04/2018 16:34
სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში. პროექტის ხელმძღვანელი: მაია მესტვირიშვილი წამყვანი ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს ახალი სადოქტორო პროგრამის „კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში“ განვითარებასა და განხორციელებას. პროგრამა კვლევის ორი ქვედარგისგან შედგება და სტრუქტურულად ორი ერთეულის/მოდულის სახით არის წარმოდგენილი: (ა) პოზიტიურ ფსიქოლოგია პიროვნების კვლევებში, რომლის საკვლევი თემატიკაა ემოციებთან დაკავშირებული პიროვნული დისპოზიციები — ემოციური და სოციალური ინტელექტი; ალექსითიმია, ემპათია;      შემოქმედებითი აზროვნება; ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის სუბიექტური განცდა; გენერაციულობა; სელფი და იდენტობა; მორალური მსჯელობა; ნარატიული იდენტობა; პერსონალური და მასტერ ნარატივები; პერსონალური ნარატივის ინდივიდუალური განსხვავებები და სტაბილობა დროსა და სიტუაციაში; პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელი. (ბ) პოზიტიური ფსიქოლოგია კონსულტირებაში, რომლის საკვლევ თემებს წარმოადგენს სტრესი, ტრავმა, დაძლევის სტრატეგიები,  პოსტრავმული ზრდა და რუმინაცია; ორაზროვანი დანაკარგი; პიროვნების ავერსიული მახასიათებლები — ბნელი ტრიადა და მისი კორელატები; კოგნიტური შეცდომები; პიროვნული აშლილობების ალტერნატიული მოდელი; ნარატივის კონსტუირება თერაპიულ კონტექსტში და მისი თავისებურებები; ნარატივების როლი კარგად ყოფნის სუბიექტური განცდისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კონტექსტში. პროგრამა მეთოდოლოგიური პლურალიზმის პრინციპზეა აგებული და მონაცემების შეგროვებისთვის, ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის თვისებრივ, რაოდენობრივ და შერეულ მეთოდებს იყენებს. პროექტის პირველი წელი სადოქტორო პროგრამის განვითარებასა და აკრედიტაციის მიღებას დაეთმობა, დანარჩენი სამი წლის განმავლობაში კი დაგეგმილია დოქტორანტების პირველი თაობის გამოშვება. უცხოელი ექსპერტები ჩართულნი იქნებიან პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, იქნება ეს საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, საკონსულტაციო ვიზიტები საქართველოში ან ექსპერტების უნივერსიტეტებში, მათ მიერ ჩატარებული ლექციები, სემინარები და ინტენსიური სასწავლო კურსები პროგრამაში ჩართული (და სხვა) აკადემიური პერსონალისთვის და დოქტორანტებისთვის.   დღესდღეობით ქართულ აკადემიურ სივრცეში პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე აკრედიტირებული სადოქტორო პროგრამა ფუნქციონირებს, რაც სათანადოდ ვერ ასახავს თანამედროვე ფსიქოლოგიაში არსებულ ტენდენციებსა და დარგების მრავალფეროვნებას. ამასთან, არსებული სადოქტორო პროგრამების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას პოტენციური აპლიკანტების მხრიდან. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროგრამის საჭიროება ორი ფაქტორით არის განპირობებული: არსებულ ფსიქოლოგიურ სადოქტორო პროგრამათა მცირე რაოდენობით და ამ პროგრამებში თანამედროვე მიმართულების, კერძოდ, პოზიტიური ფსიქოლოგიის პარადიგმის არარსებობით. პოზიტიური ფსიქოლოგია წარმოადგენს ახალ მიმართულებას ფსიქოლოგიაში 1999 წლიდან, რომელიც მთლიანად ცვლის პიროვნების, მისი ფუნქციონირებისა და კონსულტირება/თერაპიის ხედვის პერსპექტივას და პათოლოგიაზე აქცენტის ნაცვლად, ყურადღების ცენტრში პიროვნულ ზრდას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ეფექტურ ფუნქციონირებას აქცევს. პოზიტიური ფსიქოლოგიის ფარგლებში წარმოებული ემპირიული კვლევები მიმართულია ყველა იმ პიროვნული, სოციალური, კულტურული და ა. შ. ფაქტორების გამოვლენასა და კვლევაზე, რომელიც ამა თუ იმ გზით ზემოქმედებს ინდივიდის ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობის სუბიექტურ განცდაზე. „კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში“ ახალი სადოქტორო პროგრამაა, რომელიც კვლევის ორ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს და სტრუქტურულად წარმოდგენილია მოდულების სახით, რომელთაგან თითოეულს, პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, ეყოლება თანახელმძღვანელი. ეს სტრუქტურული ერთეულები ანუ მოდულებია: (1) პიროვნების კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში და (2) პოზიტიური ფსიქოლოგია კლინიკურ პრაქტიკასა და კვლევაში (იხ. სქემა). სქემა . სადოქტორო პროგრამის მოდულები. პროგრამის მიზანი და ამოცანები წარმოდგენილი სტრუქტურული სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს პოზიტიური ფსიქოლოგიის დარგში ახალი მეცნიერული ცოდნის შექმნასა და გამოყენებას; ეფუძნება მეცნიერი-პრაქტიკოსის მოდელს, რაც გულისხმობს, რომ მისი მიზანია პროფესიონალი მკვლევარი-პრაქტიკოსების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ კვლევითი, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება აკადემიურ და სხვა (მაგალითად, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა) სფეროებში. პროგრამის მიზნიდან გამომდინარე, დასახული ამოცანები მოიცავს სწავლის, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების განხორციელებას, კერძოდ: სწავლა — თანამედროვე ფსიქოლოგიაში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღება და კრიტიკულად გააზრება; სწავლება — საუნივერსიტეტო განათლების ყველა დონეზე კვლევაზე დაფუძნებული სწავლების უნარების გამომუშავება; კვლევა — ახალი ემპირიული ცოდნის გენერირება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, კვლევითი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება. მოსალოდნელი შედეგები წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამის მოსალოდნელი შედეგია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული მაღალკვალიფიციური მკვლევარი-პრაქტიკოსი, რომელსაც შეეძლება ფსიქოლოგიის დარგში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება, სასწავლო კურსის პროგრამის შედგენა საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე და სასწავლო პროცესის წარმართვა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მომზადებული პროგრამა აკრედაციის გავლის შემდეგ (განმეორებით აკრედიტაციამდე) იფუნქციონირებს 5 წლის განმავლობაში, რაც კვალიფიციური კადრების მომზადებისა და კვლევითი მუშაობის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს, იმ ადამიანური და მატერიალური რესურსის ხარჯზე, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნება.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/1616.JPG
17/04/2018 16:20

„ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : „ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა და დიგიტალიზაცია“. პროექტის ხელმძღვანელი: ია ღადუა, ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის უნიკალური წიგნების ფონდის კურატორი. ძირითადი პერსონალი: თეა თვალავაძე, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე; 2. ნანი კიკნაძე, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე - ფონდების მთავარი მცველი; 3. მარინე ყიფიანი, სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის კურატორი.  სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექცია უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვნებითა და სიუხვით. მასში დაცულია ფილოსოფიურ-რელიგიური ხელნაწერი წიგნები, სიგელ-გუჯრები, ისტორიული დოკუმენტები, მხატვრული ნაწარმოებები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, პირადი მიმოწერა თუ მემუარები, რომლებიც  უაღრესად საჭირო რესურსს წარმოადგენს როგორც კვლევით, ისე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. ავთენტური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა კი დღესდღეობით სერიოზული პრობლემაა მკვლევართათვის. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ლიტერატურის მუზეუმის მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლის შედეგადაც შეიქმნა ორი ტიპის პროდუქტი – წიგნი და ელექტრონული ბაზ ა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროსა და გარემოში გამოიყენონ მათთვის საჭირო და სწავლება-კვლევისთვის აუცილებელი მასალები. პროექტის ფარგლებში აღიწერა და დასკანერდა 2636 ხელნაწერი (რომელიც მთლიანი ფონდის დაახლოებით 5%-ს შეადგენს) და შეიქმნა მათი დიგიტალური ვერსიები, რომლებიც განთავსდა მუზეუმის ვებგვერდზე. მათ საფუძველზე კი ეტაპობრივად მომზადდა ხელნაწერთა აღწერილობის 4 წიგნი, რომლებშიც ხელნაწერები ქრონოლოგიური პრინციპითაა მოცემული. პირველ წიგნში წარმოდგენილია XII-XIX საუკუნეების სახარებები, სასულიერო კრებულები, სიგელ-გუჯრები, „ვეფხისტყაოსნის“ განხვავებული რედაქციის შემცველი ხელნაწერები, სამართლის წიგნები, კარაბადინები, გენეალოგიები, განჩინებები, წერილები; მეორე წიგნში მოცემულია ნიკოლოზ  ბარათაშვილის, თეკლა ბატონიშვილის, ალექსანდრე, ვახტანგ, დიმიტრი, მარიამ და გრიგოლ ორბელიანების, დიმიტრი, ნიკოლოზ, კონსტანტინე, ელენე და ნინო ყიფიანების ხელნაწერთა აღწერილობები; მესამე წიგნში შესულია გიორგი, დავით, რაფიელ და ელიზბარ ერისთავების, ალექსანდრე, ეკატერინე და დავით ჭავჭავაძეების, ალექსანდრ ნიკოლაისა და ილია ჭავჭავაძის არქივების აღწერილობები; ხოლო მეოთხე წიგნში წარმოდგენილია აკაკი და გიორგი წერეთლების, იაკობ გოგებაშვილისა და ივანე კერესელიძის ნაწარმოებები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, თარგმანები, მოგონებები, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები. წიგნში ყოველ ხელნაწერს ერთვის პირთა და გეოგრაფიული საძიებლები, რათა მომხმარებელმა სწრაფად და უპრობლემოდ მიიღოს მისთვის საჭირო მასალა. ქრონოლოგიურად დალაგებული ხელნაწერთა აღწერილობა კი ერთიან დროის ჩარჩოს ქმნის, რომელშიც ცხადად შეინიშნება ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ორიენტირები. ამასთანავე, აღწერილობაზე მუშაობის პროცესში განხორციელებულმა ატრიბუციამ და დათარიღებამ გამოკვეთა ახალი კვლევის აუცილებლობა ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაზრისით. ამ კუთხით განსკუთრებით აღსანიშნავია პირადი წერილები და მოგონებები, რომლებშიც დაცული ინფორმაცია, ფაქტობრივად, უცნობია მკვლევრებისთვის და მათ შესახებ პროექტის მეშვეობით გახდა ცნობილი. საძიებო სისტემით შექმნილი ხელნაწერთა ელექტრონული ბაზა განთავსებულია მუზეუმის ვებგვერდზე. რადგანაც ლიტერატურის მუზეუმის კოლექცია ყოველწლიურად იზრდება, ბაზის განახლება შესაძლებელი იქნება ყოველი ახალი მასალის მოპოვებისას. ხელნაწერთა ელექტრონული ბაზა ასევე, საუკეთესო წყაროა უცხოელი მეცნიერებისთვის, რომელთათვის საქართველოში დამზადებული ბეჭდური პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში უცნობი და ხელმიუწვდომელია. ლიტერატურის მუზეუმში დაცული ხელნაწერების აღწერილობა (წიგნითაც და ელექტრონული ბაზითაც) საშუალებას აძლევს მკვლევარს, პედაგოგსა თუ  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მარტივად, დაუბრკოლებლად და მაქსიმალურად სწრაფად ისარგებლოს იმ უნიკალური კოლექციით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მდიდრდებოდა და შესაბამისად, საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ლიტერატურის, თარგმანის ისტორიის, სამართლის ისტორიის, მედიევისტიკის, ლინგვისტიკისა და ქართულ-უცხოური ურთიერთობების მკვლევართათვის.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/15.jpg
17/04/2018 16:15

დაბალი ღირებულებისა და კონკურენტუნარიანი სპორების წარმომქმნელი პრობიოტიკების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება და კომერციალიზაცია

პროექტი № AR/106/7-280/14 (2015-2017),  გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი, ხელმძღვანელი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ელისაშვილი, მონაწილეები - აკადემიური დოქტორები ევა ქაჩლიშვილი, თამარ ხარძიანი, ვიოლეტა ბერიკაშვილი,მაია ხუციშვილი - მაისურაძე, ფონდიდან მოთხოვნლი თანხის რაოდენობა შეადგენდა 119 990 ლარს. პროექტის მიზანს წარმოადგენდა დაბალი ღირებულებისა და კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიის შემუშავება პრობიოტიკული პრეპარატების მისაღებად და მათი გამოყენება მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში, როგორც ბუნებრივი დამცავი ბარიერის ცხოველებსა და ინფექციურ აგენტებს შორის, რაც ყველაზე რეალური ბუნებრივი ალტერნატივაა ტრადიციული ანტიბიოტიკებით თერაპიისა, ცხოველთა პროდუქტიულობის გაძლიერებისა და პროდუქციის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. გამოყენებული იქნა სპორების წარმომქმნელი Bacillus subtilis  KATMIRA 1933 და Bacillus amyloliquefaciens B-1895. ფუნდამენტურმა კვლევებმა პირველად გამოავლინეს ბაქტერიების ფიზიოლოგიური თავისებურები მცენარეული სუბსტრატების სიღრმული და მყარფაზოვანი ფერმენტაციის პირობებში. დადგინდა კულტივირების პირობები (ზრდის სუბსტრატი, ნახშირბადის და აზოტის წყარო და მათი კონცენტრაციები, სპეციფიური დანამატები და სტიმულატორები), რომლებიც უზრუნველყოფენ სპორების მაღალ გამოსავლიანობას. შედეგად, მიღწეული იქნა მსოფლიოში სპორების უმაღლესი  გამოსავლიანობა: 10 11 /მლ - სიღრმული ფერმენტაციისას, 10 12 /გ სუბსტრატზე - მყარფაზოვანი ფერმენტაციისას. ბაცილების კულტივირება მასშტაბირებული იქნა 7 ლიტრიან ლაბორატორიულ ფერმენტიორში (სიღრმული კულტივირება) და საპილოტო დონემდე მყარფაზოვანი ფერმენტაციისას. დამზადებული პრობიოტიკული პრეპარატები ტესტირებული იქნა როგორც საკვები დანამატი მეფრინველეობისთვის და მეცხოველეობისთვის. ანტიბიოტიკებთან შედარებით პრობიოტიკული პრეპარატები ზრდიდა ბროილერის პროდუქტიულობას, ამცირებდა საკვების ხარჯს და ფრინველის დაცემას და საერთო ჯამში ზრდიდა ევროპულ ინდექსს. შექმნილი პრობიოტიკების წარმოების დაბალი ღირებულების და კონკურენტუნარიან ტექნოლოგიებს ფლობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი. ამჟამად მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ტექნოლოგიების კომერციალიზაციისთვის ახლად შექმნილ ბიოტექნოლოგიურ წარმოებაში. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგენილ იქნა  საერთაშორისო კონფერენციებზე (ბიოტექნოლოგიის მე-17 ევროპულ კონგრესზე, კრაკოვი, პოლონეთი, 2016; პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების საერთაშორისო კონფერენციაზე,  ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2017) და სამ სტატიაში რეცენზირებად ჟურნალებში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/13.png
17/04/2018 16:07

„მიწისძვრის წინ არსებული მეტად დაბალი სიხშირის/დაბალი სიხშირის (მდს/დს) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქსელის საქართველოში მოწყობის საპილოტე პროექტი“

  201 3 წლის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის  კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით: „ მიწისძვრის წინ არსებული მეტად დაბალი სიხშირის/დაბალი სიხშირის (მდს/დს) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქსელის საქართველოში მოწყობის საპილოტე პროექტი“ პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი ხაზარაძე-წილოსანი, Ph.D, ბარსელონის უნივერსიტეტის გეოდინამიკის და   გეოფიზიკის დეპარტამენტის გეოლოგიის  ფაკულტეტის პროფესორი,     DI/21/9-140/13 გრანტის ხელმძღვანელი; ძირითადი პერსონალი: მანანა კაჭახიძე, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტ, პროექტის თანახელმძღვანელი; ნინო კაჭახიძე-მერფი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტ, მთავარი მეცნ. თანამშრომელი; კახაბერ მაჭავარიანი- უმცროსი მეცნ . თანამშრომელი; ვიტალი ღოღობერიძე- უმცროსი მეცნ . თანამშრომელი; იოსებ ტურაზაშვილი- უმცროსი მეცნ . თანამშრომელი; მე-20 საუკუნის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ძლიერი მიწისძვრების მომზადების პროცესში ფოკუსურ არეში ადგილი აქვს  მეტად დაბალი სიხშირის/დაბალი სიხშირის (მდს/დს) და უკიდურესად დაბალი სიხშირის (უდს) ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას (ემგ),  რომელიც  დაიკვირვება როგორც დედამიწის ზედაპირზე, ასევე თანამგზავრების საშუალებით.  კვლევებით დადგინდა, რომ მდს/დს რადიო სიგნალის  წარმოშობა დაკავშირებულია სეისმოგენურ არეში ბზარების, ხოლო მიწისძვრის ფოკუსში-ძირითადი რღვევის წარმოშობასთან.   დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა სეისმურად აქტიურ რეგიონში (იაპონია, ევროპის ნაწილი, ჩინეთი და სხვ) თანამგზავრების და მიწისპირა ქსელებით დაკვირვებების საფუძველზე მიმდინარეობს მდს/დს ემგ-ის მონიტორინგი.  სამწუხაროდ, საქართველოც, იაპონიის, ამერიკის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად,  ერთ-ერთ სეისმურად აქტიურ ქვეყნად ითვლება, ამიტომ მიწისძვრის  პრობლემის კვლევა ჩვენთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.  გარკვეული ობიექტური მიზეზების  გამო საქართველოში ბოლო ხანებამდე არ  ხდებოდა მიწისძვრის წინ გენერირებული მდს/დს ემგ-ის ინსტრუმენტული ჩაწერა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ გრანტში მონაწილე სამეცნიერო ჯგუფმა მიზნად დაისახა,  მდს/დს ემგ-ის ქსელის საქართველოში მომავალში მოწყობის მიზნით, განეხორციელებინა საპილოტე პროექტი და დაედგა ერთი  საცდელი სტაციონალური სადგური; თუმცა, პროექტის შესრულების დროს ჯგუფის მიერ განხორციელებული თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების შედეგების გამო, ევროპული ქსელის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ პროექტის მონაწილეებისთვის გადმოეცა მეორე მიმღებიც. თბილისის ურბანული მდგომარეობის და გეოლოგიის გათვალისწინებით, მიწისძვრის წინ არსებული ემგ-ის ორივე მიმღები თბილისში დაიდგა. აღნიშნული სადგურები წარმოადგენს  საველე სასწავლო-სამეცნიერო  სადგურებს, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს არა მარტო უმაღლესი დონის სამეცნიერო კვლევები,  არამედ სასწავლო პროცესებიც; უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის საქართველოში გადმოსატანად, რომელიც მიწისძვრის წინასწარმეტყველების შესაძლებლობის კვლევებს ეხება, გრანტის მიღების პერიოდიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ამუშავდა  დოქტორანტურის სასწავლო - საგანმანათლებლო პროგრამა  „გეოფიზიკა“, რომლის სტუდენტები  ჩაებნენ აღნიშნული მიმართულებით კვლევებში. ამგვარად, საქართველოში დაიწყო მიწისძვრის წინ არსებული ემგ-ის  ქსელის მოწყობა. ქსელის მუშაობის ამოცანებთან დაკავშირებით ასევე დაიდგა  ერთი GPS. ემგ-ის მიმღებები ჩაირთო ევროპის მიწისპირა დაკვირვებების ქსელში  (INFREP) და  მას გადასცემს მონაცემებს. ქართველ მეცნიერებს, ევროპის ქსელში ჩართვის შედეგად, მიეცათ  ქსელში ჩართული ყველა ქვეყნის ელექტრომაგნიტური  გამოსხივების მონაცემთა წვდომის და გამოყენების უფლება და ამ ახალი მიმართულებით  გარკვეული თეორიული და პრაქტიკული  სამეცნიერო  კვლევების  განხორციელების  შესაძლებლობები; ჯგუფი კვლევებს ახორციელებს ევროპის კონსორციუმში ჩართული სხვა ქვეყნების: იტალიის, საბერძნეთის, რუსეთის, ავსტრიის სამეცნიერო ჯგუფებთან მჭიდრო კავშირში, ის ასევე დაკავშირებულია აშშ-ის და იაპონიის იმ სამეცნიერო წრეებთან, რომლებიც მუშაობენ ანალოგიურ პრობლემაზე. აღსანიშნავია, რომ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ქსელში ჩართულია მხოლოდ რუსეთი (შორეული აღმოსავლეთის მხარე) და საქართველო.  უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქსელის მოწყობამ მოითხოვა ისეთი თეორიული სამუშაოების ჩატარება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული გრანტით და  დაკავშირებულია მიწისძვრის შესაძლო წინასწარმეტყველების პრობლემასთან. ამიტომ ჯგუფის წევრებს მოუხდათ დამოუკიდებელი სამეცნიერო ჯგუფის შექმნა და „ლითოსფერო-ატმოსფერო-იონოსფეროს ბმული მოდელის“ (Lithosphere-atmosphere-ionosphere coupling model)  თეორიის დამუშავება, რომლის ნაწილიც დაბეჭდილია საზღვარგარეთ. მომავალში, ჯგუფი, ამ მიმართულებით,  რეგიონალურ თანამშრომლობაზეც ფიქრობს და ამ  მიზნით გარკვეული ამოცანებიც აქვს ჩამოყალიბებული.  რეგიონალური სამეცნიერო კავშირები აუცილებელია, რადგან საქართველო კავკასიის, როგორც ერთიანი სეიმურად აქტიური რეგიონის, ნაწილია და  დაგეგმილ ამოცანათა სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად კავკასიაში რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის მაღალი ჩართულობაა აუცილებელი.                
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/12.jpg
17/04/2018 16:02

შავი ზღვის წყლის ხარისხის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ზღვისპირეთის ბრაზიული პროცესებისაგან დაცვის კომპლექსური ღონისძიებების დამუშავება საქართველოს ფარგლებში

2013 წლის შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხდებულ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით:შავი ზღვის წყლის ხარისხის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ზღვისპირეთის ბრაზიული პროცესებისაგან დაცვის კომპლექსური ღონისძიებების დამუშავება საქართველოს ფარგლებში. პროექტისხელმძღვანელისსახელიდაგვარი : რობერტ დიაკონიძე -მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ძირითადიპერსონალისშესახებინფორმაცია : ევგენია შენგელია - მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საყოველთაოდ ცნობილია შავი ზღვის დანიშნულება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირებისათვის. ის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი ძირითდი შემადგენელი ნაწილია და მისი პორტები მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს ტვირთების გადაზიდვებისთვის. ცნობილია აგრეთვე შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შესახებაც, რომელმაც დღეისათვის საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს წყლის ხარისხი, მათ შორის ზღვაში გოგირდწყალბადის გავრცელება და შავი ზღვის დონის მატებასთან დაკავშირებით ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესების გაქაქტიურება, რომელზედაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, ვიზიტორთა შემოსვლა და პორტებიდან ტვირთების გადაზიდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საგრანტო პროექტის ფარგლებში (2014-2017 წწ.) განხორციელდა შესაბამისი კვლევები: შესწავილილ იქნა ზღვის წყლის ხარისხის ფონური მდგომარეობა (27-29 მახასიათებელი); განსაზღვრული იქნა შავ ზღვაში გოგირდწყალბადის გავრცელების დონე; დამუშავდა ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესებისაგან დაცვის ღონისძიებები; საქართველოს ტერიტორიალურ წყლებში ზღვის წყალი ზოგადად დაბინძურებულია ზოგიერთი მძიმე მეტალებით, თუმცა წყლის ხარისხი ეკოლოგიური უსაფრთხოების პოზიციიდან გამომდინარე დამაკმაყოფილებელია და არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დღეისათვის შავ ზღვაში არც გოგირდწყალბადის დონეა საგანგაშო, თუმცა აუცილებელია მისი მონიტორინგის გაგრძელება. ჩვენს მიერ ორჯერ იქნა განსაზღვრული გოგირდწყალბადის გავრცელების დონე, თითქმის ერთი და იგივე კოორდინატებში, ქ. ფოთიდან ზღვის სიღრმეში 3 მილის მოშორებით და ორივე შემთხვევაში გოგირდწყალბადის გავრცელების ზღვარიიდენტურია, გადის საერთაშორისოდ აღიარებული სიდიდის პარამეტრებში და  180 მ-ს უდრის (დანართში იხილეთ ნახ. 1და სურ. 1). განსხვავებული მდგომარეობაა ზღვაში ჩამდინარე წყლებში, რომლებიც ხშირად არის დაბინძურებული ზოგიერთი მძიმე მეტალით, ბიოგენური ნაერთებით და ბიოლოგიური მაჩვენებლებით. არადა სწორედ ზღვებში ჩამდინარე წყლები, რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებენ ზღვის წყლის ხარისხს. შავი ზღვის დონის მატებით გამოწვეული აბრაზიული პროცესების ინტენსივობის ზრდის შესაჩერებლად დამუშავებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელშიც მიეთითა, რომ ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესებისაგან დასაცავად აუცილებელია ზღვაში ჩამდინარე მდინარეების ჰიდროლოგიური რეჟიმის დარეგულირება ისე, რომ დამყარებული იქნეს წონასწორობა სანაპირო ზოლის გარეცხვასა და მდინარეთა მიერ ტრანსპორტირებულ მყარ ნატანს შორის. პარალელურად აუცილებელია ზღვის ტალღური ზემოქმედების საწინააღმდეგო ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა.   გაზომვებს აწარმოებენ სურათზე მარჯვნიდან მარცხნივ: გრანტის ხელმძღვანელი, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი რობერტ დიაკონიძე; მეცნიერების დოქტორები ლევან წულუკიძე და თამრიკო სუპატაშვილი; მცურავი საშუალების ინჟინერ-მექანიკოსი უშანგი კაკაურიძე.      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/10.jpg
17/04/2018 15:58

დინამიკა და თერმოდინამიკა მაგნიტურ ნანონაწილაკოვან სისტემებში

CNRS PICS (საფრანგეთი) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : დინამიკა და თერმოდინამიკა მაგნიტურ ნანონაწილაკოვან სისტემებში. პროექტის ხელმძღვანელი: რამაზ ხომერიკი ძირითადი პერსონალი: ლაშა ტყეშელაშვილი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, თსუ - მეცნიერ თანამშრომელი. პროექტის მიმდინარეობის წლინახევრის განმავლობაში, პირველ ყოვლისა ჩვენ დავამთავრეთ შორსქმედი ნანონაწილაკოვანი სისტემების დინამიკური პროცესების კვლევა და ერთობლივი შედეგები გამოვაქვეყნეთ საერთაშორისო ჟურნალში (J. Phys. A: Math. Theor, v. 50, 12LT02. https://doi.org/10.1088/1751-8121/aa5fcf ). კერძოდ, ჩვენ შევამოწმეთ როგორ მუშაობს ეფექტური ერთგანზომილებიანი მოდელი. ეს აუცილებელია სამ განზომილებიან სისტემაზე რიცხვითი სიმულაციების ჩატარებისთვის და შედეგების შედარებისთვის ეფექტურ ერთგანზომილებიან მოდელთან და ექსპერიმენტისთვის რეალისტური პარამეტრების შეთავაზებისთვის. ჩვენ შევქმენით რიცხვითი კოდი შორსქმედად ურთიერთქმედი ოსცილატორების ჯაჭვისთვის და სპინური სამგანზომილებიანი სისტემისთვის. ამასთან ერთად, ჩვენ გამოვიკვლიეთ სოლიტონების არსებობისა და გავრცელების შესაძლებლობას ფერმი-პასტა-ულამის არაჰარმონიული ჯაჭვის შორსქმედ ვერსიაში, სადაც წრფივი ურთიერთქმედების წევრში ბმის კონსტანტა ხარისხობრივი კანონით კლებულობს. ჩვენ მივიღეთ ანალიზური მიახლოებითი გამოსახულება კონვერტული მოძრავი სოლიტონისთვის, რომელიც აღიწერება არაწრფივი შრედინგერის განტოლებით. შესაბამისი დისპერსიული თანაფარდობის არაანალიზური თვისებების გამო ჩვენ მოგვიხდა შეშფოთების თეორიის შექმნა სხვაობითი დიფერენციალური ოპერატორების გამოყენებით. ეს გარემოება აგრეთვე კრძალავს სტაბილური გრძელტალღოვანი კინკ-სოლიტონური ამონახსნების არსებობას, რაც მკვეთრად განსხვავდება ახლოქმედი ფერმი-პასტა-ულამის ჯაჭვის შემთხვევისაგან. ჩვენ წარმატებით დავამთხვიეთ ანალიზური შედეგები რიცხვით სიმულაციებს შესაბამის მოდელზე.  ამჟამად ჩვენ გადასული ვართ შორსქმედი ნანონაწილაკოვანი სისტემების თერმოდინამიკური პროცესების კვლევაზე, ამ მიზნით, გავაკეთეთ რიცხვითი სიმულაციები სამგანზომილებიან დიპოლ-დიპოლური ურთიერთქმედებით ბმულ სპინურ მოდელზე მარტივი კუბური მესერის შემთხვევაში თერმოსტატის არსებობისას (კანონიკური ანსამბლი) და ასევე განვიხილეთ იგივე სისტემის ყოფაქცევა იზოლირებულ (მიკროკანონიკური ანსამბლი) შემთხვევაში. კალორიმეტრული მრუდები აგების პროცესშია და პირველადი შედეგები ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ ანსამბლები არაექვივალენტურია შორსქმედი ურთიერთქმედების შემთხვევაში, დაიკვირვება ტემპერატრურული ნახტომები და უარყოფითი სითბოტევადობა მიკროკანონიკური ანსამბლის განხილვისას. უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი სითბოტევადობა აქამდე ლაბორატორიულ სისტემებში დაკვირვებული არ ყოფილა და ჩვენ ვარჩევთ კონკრეტული სისტემის პარამეტრებს ამ ეგზოტიკური ეფექტის ექსპერიმენტალურად დასაკვირვებლად.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/999.jpg
17/04/2018 15:50

ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოს მთიანი რეგიონების არიდული ზონის ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით მომარაგების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით

2014 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოს მთიანი რეგიონების არიდული ზონის ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით მომარაგების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: თარხან თევზაძე, გეოლოგია-მინერალოგია მეცნიერებათა დოქტორი. პროექტის ძირითადი პერსონალი:           გიორგი ომსარაშვილი - სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის გეოლოგიის პროგრამის დოქტორანტი;             ფერიდე ლორთქიფანიძე -   აგროქიმია-ნიადაგმცოდნე, მაგისტრი.    პროექტი ეხება, არიდულ ზონაში განლაგებული ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით მომარაგებას, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. გლობალური დათბობის პირობებში მოთხოვნა სასმელ წყალზე კიდევ უფრო მზარდ ხასიათს მიიღებს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც  ურბანული ტერიტორიების  წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. უპირველესყოვლისა ჩვენ მიერ შემუშავებულ იქნა ალუვიურ-პროლუვიური გეოსტრუქტურის მქონე ხეობებში პერსპექტიული წყალსაღების მოძიების მეთოდი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავებაში და ითვალისწინებს: გეომორფოლოგიურ, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ, წყლის ქიმიურ-ფიზიკურ და სანიტარულ,  კლიმატურ და სხვ. ფაქტორების შესწავლას. აღნიშნული მეთოდის მიხედვით, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ხეობიდან აკუმულირებული წყლის თ ვ ი თ დ ე ნ ი თ  მიწოდება დასახლებულ პუნქტამდე. ვინაიდან სასმელი წყლის პრობლემა  განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის ქალაქებსა და სოფლებში, აღნიშნული მეთოდის მიხედვით განხორციელდა ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე არსებული ხევების საველე-სარეკოგნოსცირებო კვლევები. კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ასეთი ალუვიურ-პროლუვიური სტრუქტურა გააჩნია მდ. ჭერემისხევს. ამ ხეობის 647.73-650.51 მეტრ აბსოლუტურ ნიშნულებიდან შესაძლებელია ქ. გურჯაანს მიეწოდოს სასმელი წყალი თვითდენით. სამეცნიერო-საგრანტო პროექტში დაგეგმილი ამოცანების თანახმად შერჩეულ საკვლევ უბანზე  განხორციელდა გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები. მდ. ჭერემისხევის პირველ ტერასაზე მოეწყო ცენტრალური და სადამკვირვებლო ჭები. შედგენილია შესაბამისი რუკები (ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, საინჟინრო გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, ჰიდროლოგიური) და ლითოლოგიური ჭრილები. ბურღვითი სამუშაოების შედეგად გამოიყო ორი განსხვავებული გენეზისის შრე. აღნიშნული შრეებიდან აღებულ გრუნტის ნიმუშებზე ჩატარდა ლაბორატორიული გეოტექნიკური გამოკვლევები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ წყალშემცავი ალუვიურ-პროლუვიური გენეზისის კაჭარ-კენჭნარ-ხრეშნარი გრუნტები ვრცელდება 5.0 მეტრ სიღრმემდე და მათ საგებში ნეოგენური ასაკის მონაცრისფრო-მოლურჯო ფერის წყალგაუმტარი თიხებია. ცენტრალურ და სადამკვირვებლო ჭებზე ჩატარდა ექსპერიმენტული საცდელი ამოტუმბვები, რომელმაც მოგვცა რიგი საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგები. დადგენილია, როგორც K ფილტრაციის კოეფიციენტისა და Q ხარჯების პარამეტრები, ასევე გრუნტის წყლის მოძრაობის სეჩქარე და ჭებში მათი დონის ცვლილებები. საველე ჰიდროგეოლოგიური გამოკვლევების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მდ. ჭერემისხევის ალუვიურ-პროლუვიურ კალაპოტში მძლავრი მიწისქვეშა წყლების ნაკადებია. მდ. ჭერემისხევის ალუვიურ-პროლუვიურ ნალექებში არსებული ფილტრატი წყლების სასმელი თვისებების კვლევა განხორციელდა საველე და ლაბორატორიულ პირობებში. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ წყალი ჰიდროკარბონატულ-კაციუმიანია და ამ პერიოდში აღებული წყლების ქიმიურ-ფიზიკური შედგენილობა შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი“-ის მოთხოვნებს. 2016 წლის მარტის, დეკემბრისა და ივლისის თვეში ჩატარებული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ წყალში გარკვეული ტიპის დაბინძურება შეინიშნება, თუმცაღა გაწმენდითი ღონისძიებების გატარების შემდეგ დააკმაყოფილებს ზემოთხსენებული ნორმატივების მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნული კვლევების შედეგების საფუძველზე, შემუშავებულია  ახალი ენერგოდამზოგი ტექნოლოგია, დასახელებით: - ,,კლაპოტქვეშა წყალსაღები ნაგებობა“ , (გამოგონება დაპატენტებულია), რომელიც  წყლის აკუმულაციას ახდენს მუდმივი (უწყვეტი) ან დროებითი ჩამონადენის ხარჯის მქონე მდინარეებზე არსებულ ალუვიურ-პროლუვიურ გეოსტრუქტურებში, გამორიცხავს ელექტროენერიის დანხარჯებს და ეკონომიურად ბევრად უფრო ეფეტურია ვიდრე დღესდღეობით აპრობირებული არტეზიული წყლების წყალმიმღები ჭები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/14.png
17/04/2018 15:50

„ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“

2014 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა − „ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“  №AR/176/3-220/14,   აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნინო დოლიძის ხელმძღვანელობით. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ნინო  დოლიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი   სამეცნიერო ჯგუფის წევრები: მერაბ დათუაშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ირინა უგრეხელიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ირინე ჩარკვიანი   - აკადემიური დოქტორი (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ქეთევან ჩირგაძე --აკადემიური დოქტორი ც); ლია ლურსმანაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გულიკო კვანტიძე - აკადემიური დოქტორი,  საქართველოს ეროვნული  მუზეუმის კოლექციების უფროსი კურატორი. პროექტში მონაწილეობდა შორენა ჩაფიძე , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი.    პროექტის მიზანს წარმოადგენდა ენციკლოპედიური ხასიათის  ილუსტრირებული ქართულ-ინგლისურენოვანი ცნობარის დამუშავება ქართული ეროვნული სამოსის შესახებ, უძველესი წერილობითი წყაროების, იკონოგრაფიული მასალების, საქართველოს  მუზეუმებში დაცული ქართული ეროვნული სამოსის  კოლექციებისა და სამეცნიერო შრომების  შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. პროექტის შედეგს წარმოადგენს სისტემატიზირებული სამეცნიერო ნაშრომი „ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი“, რომელშიც განხილულია ქართული ეროვნული სამოსის  ჩამოყალიბების პროცესი უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით, მოცემულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსის სახეობები, ფორმები და მათი შედარებითი ანალიზი, აღწერილია სამოსისათვის გამოყენებული მასალები, მათი დამზადების უძველესი ხალხური ტრადიციები და შემკულობა. აღსანიშნავია, რომ ცნობარში ავტორთა ჯგუფის მიერ პირველად არის წარმოდგენილი ეროვნული სამოსის კონსტრუქციები და ტექნოლოგიური დამუშავების სქემები, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისათვის მათი უცვლელი, პირვანდელი სახით გადაცემის საქმეში. ნაშრომს თან ერთვის ქართული ეროვნული სამოსის ტერმინთა ილუსტრირებული, განმარტებითი ლექსიკონი.    ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი წარმოდგენილია  ქართულ და ინგლისურ ენებზე, შესაბამისად ის ინფორმაციული ხასიათის იქნება ქართული მატერიალური კულტურით დაინტერესებული როგორც ქართველი, ისე უცხოელი საზოგადოებისათვის. პროექტის ფარგლებში დამუშავებული და გამოცემული იქნა სამეცნიერო მონოგრაფიები: ქართული ეროვნული სამოსის კვლევა წერილობითი წყაროების, სამუზეუმო ექსპონატებისა და იკონოგრაფიული მასალების მიხედვით, გამომცემლობა აწსუ, ქუთაისი 2016; ქართული ეროვნული სამოსის კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური დაგეგმარება, გამომცემლობა აწსუ, ქუთაისი  2017; ქართული ეროვნული სამოსის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა აწსუ, ქუთაისი საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ რეფერირებად საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში და მოხსენებები წარმოდგენილია საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/888.jpg
17/04/2018 15:43

„გარეშე ფაქტორებით ტრიგერირებული მეწყრების ლაბორატორიული და მათემატიკური მოდელირება. საველე კვლევები“

პროექტის ხელმძღვანელი: ნოდარ ვარამაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. ძირითადი პერსონალი: ვიქტორ ჩიხლაძე -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი   მარინა დევიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი  მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დიმიტრი ტეფნაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერებათა მაგისტრი წარმოდგენილი სამუშაოს საბოლოო მიზანი არის მეწყრის მომზადების პროცესის დინამიკის ყოვლისმომცველი გამოკვლევა. კერძოდ, ლაბორატორიული ცდებით და რიცხვითი მოდელირებით, ჩვენ გვინდა შევაფასოთ გარეშე სუსტი ზემოქმედების ან გავლენის (ანუ, ტენიანობის, სეისმური რყევის, ტემპერატურის და სხვა პარამეტრების ცვლილებით) ეფექტი მეწყერის და სეისმური პროცესის მოხდენის ალბათობაზე. დასახული ამოცანების შესასრულებლად აწყობილი იქნა დანადგარი, სადაც შესაძლებელია არათანაბარი ხახუნის (სტიკ-სლიპის) პროცესის მოდელირების ექსპერიმენტების ჩატარება ზამბარა-მცოცის მოდელზე. სისტემა შედგება უძრავი და მოძრავი ბაზალტის ბლოკებისაგან. შესაძლებელია აჩქარების და აკუსტიკური ემისიის რეგისტრაცია. გამწევი ძალის სიდიდის ჩაწერა. ასევე შესაძლებელია მატრიგერირებელი ზემოქმედების მოდება უძრავი ფილის რამდენიმე წერილში. ასევე აწყობილი იქნა ბურიჯ-კნოპოვის ექსპერიმენტული დანადგარი. ბურიჯ-კნოპოვის დანადგარი წარმოადგენს რამდენიმე ბაზალტის მცირე ზომის ფილას, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ზამბარებით. ეს ფილები შეიძლება ვასრიალოთ დიდი ზომის უძრავ ბაზალტის ფილაზე. თითოეული მცირე ზომის ფილა ზამბარით დაკავშირებულია ზედა პლატფორმასთან, რომელიც შეიძლება ავამოძრავოთ გარკვეული სიჩქარით და მასთან ერთად ავამოძრავოთ მცირე  ზომის ფილები. გაკეთდა დახრილი ექსპერიმენტული დანადგარი. აღნიშნულ დანადგარზე ასევე შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება უძრავ ბაზალტის ფილაზე, მოსრიალე მცირე ბაზალტის ფილებით. შესაძლებელია დანადგარის დახრის კუთხის ცვლა 10°-დან 50°-მდე.      აწყობილი იქნა ასევე მეწყრის მოდელირების დახრილი დანადგარი. ამ დანადგარზე დახრის კუთხის ცვლილების დიაპაზონია 0°-დან 80°-მდე. დანადგარზე დამონტაჟებულია კიუვეტი, რომელშიც ვათავსებდით ქვიშას ან სხვადახვა მეწყრულ მასალებს და ვიკვლევდით დასრიალების ტრიგერირების პირობებს. აღმოჩნდა, რომ ზომიერი დასველების პირობებში კრიტიკული დასრიალების კუთხე იზრდება. ჩატარდა ლაბორატორიული სამუშაოები აკუსტიკური ემისიის საშუალებით მეწყრების კვლევაზე. ჩატარებულია სტიკ-სლიპის პროცესის მათემატიკური და რიცხვითი მოდელირების სამუშაოები. ჩატარებული იქნა ასევე საველე გეოფიზიკური კვლევები საქართველოს რამდენიმე მეწყერზე, კერძოდ, ხოკოს, გომბორის, მუხათგვერდის მეწყრებზე.   შემუშავდა მეწყრის მათემატიკური მოდელი, უსაფრთხოების კოეფიციენტის (FS) გამოთვლის მეთოდები. შეფასდა რამდენიმე მეწყრის უსაფრთხოების კოეფიციენტები. შეფასდა ტრიგერირების პირობები გარეშე პერიოდული ზემოქმედების და ტენიანობის ცვლილების შემთხვევებში. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ტრიგერირების ფიზიკური მექანიზმი გვჭირდება ტრიგერირების უფრო ძლიერი წყარო  და ცდების განხორციელება  სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობებში. მიღებული შედეგები პრინციპულად ადასტურებენ მასათა მოძრაობის და სეისმურობის გაკონტროლების შესაძლებლობის პერსპექტივას, შედარებით სუსტი ხელოვნური (ძლიერი ელექტრომაგნიტური იმპულსი, მექანიკური ვიბრაცია) ან ბუნებრივი (მიწისძვრა, ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი, გრიგალი, ...) ზემოქმედებების საშუალებით.
სრულად