„მიწისძვრის წინ არსებული მეტად დაბალი სიხშირის/დაბალი სიხშირის (მდს/დს) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქსელის საქართველოში მოწყობის საპილოტე პროექტი“
წარმატებული პროექტები
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/13.png

„მიწისძვრის წინ არსებული მეტად დაბალი სიხშირის/დაბალი სიხშირის (მდს/დს) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქსელის საქართველოში მოწყობის საპილოტე პროექტი“

17/04/2018 16:07

 2013 წლის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის  კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით: მიწისძვრის წინ არსებული მეტად დაბალი სიხშირის/დაბალი სიხშირის (მდს/დს) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქსელის საქართველოში მოწყობის საპილოტე პროექტი“

  • პროექტის ხელმძღვანელი:

გიორგი ხაზარაძე-წილოსანი, Ph.D, ბარსელონის უნივერსიტეტის გეოდინამიკის და  გეოფიზიკის დეპარტამენტის გეოლოგიის  ფაკულტეტის პროფესორი,   DI/21/9-140/13 გრანტის ხელმძღვანელი;

  • ძირითადი პერსონალი:

მანანა კაჭახიძე, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტ, პროექტის თანახელმძღვანელი;

ნინო კაჭახიძე-მერფი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტ, მთავარი მეცნ. თანამშრომელი;

კახაბერ მაჭავარიანი- უმცროსი მეცნ. თანამშრომელი;

ვიტალი ღოღობერიძე- უმცროსი მეცნ. თანამშრომელი;

იოსებ ტურაზაშვილი- უმცროსი მეცნ. თანამშრომელი;

მე-20 საუკუნის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ძლიერი მიწისძვრების მომზადების პროცესში ფოკუსურ არეში ადგილი აქვს  მეტად დაბალი სიხშირის/დაბალი სიხშირის (მდს/დს) და უკიდურესად დაბალი სიხშირის (უდს) ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას (ემგ),  რომელიც  დაიკვირვება როგორც დედამიწის ზედაპირზე, ასევე თანამგზავრების საშუალებით.  კვლევებით დადგინდა, რომ მდს/დს რადიო სიგნალის  წარმოშობა დაკავშირებულია სეისმოგენურ არეში ბზარების, ხოლო მიწისძვრის ფოკუსში-ძირითადი რღვევის წარმოშობასთან.   დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა სეისმურად აქტიურ რეგიონში (იაპონია, ევროპის ნაწილი, ჩინეთი და სხვ) თანამგზავრების და მიწისპირა ქსელებით დაკვირვებების საფუძველზე მიმდინარეობს მდს/დს ემგ-ის მონიტორინგი.

 სამწუხაროდ, საქართველოც, იაპონიის, ამერიკის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად,  ერთ-ერთ სეისმურად აქტიურ ქვეყნად ითვლება, ამიტომ მიწისძვრის  პრობლემის კვლევა ჩვენთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.  გარკვეული ობიექტური მიზეზების  გამო საქართველოში ბოლო ხანებამდე არ  ხდებოდა მიწისძვრის წინ გენერირებული მდს/დს ემგ-ის ინსტრუმენტული ჩაწერა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ გრანტში მონაწილე სამეცნიერო ჯგუფმა მიზნად დაისახა,  მდს/დს ემგ-ის ქსელის საქართველოში მომავალში მოწყობის მიზნით, განეხორციელებინა საპილოტე პროექტი და დაედგა ერთი  საცდელი სტაციონალური სადგური;

თუმცა, პროექტის შესრულების დროს ჯგუფის მიერ განხორციელებული თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების შედეგების გამო, ევროპული ქსელის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ პროექტის მონაწილეებისთვის გადმოეცა მეორე მიმღებიც. თბილისის ურბანული მდგომარეობის და გეოლოგიის გათვალისწინებით, მიწისძვრის წინ არსებული ემგ-ის ორივე მიმღები თბილისში დაიდგა. აღნიშნული სადგურები წარმოადგენს  საველე სასწავლო-სამეცნიერო  სადგურებს, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს არა მარტო უმაღლესი დონის სამეცნიერო კვლევები,  არამედ სასწავლო პროცესებიც; უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის საქართველოში გადმოსატანად, რომელიც მიწისძვრის წინასწარმეტყველების შესაძლებლობის კვლევებს ეხება, გრანტის მიღების პერიოდიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ამუშავდა  დოქტორანტურის სასწავლო - საგანმანათლებლო პროგრამა  „გეოფიზიკა“, რომლის სტუდენტები  ჩაებნენ აღნიშნული მიმართულებით კვლევებში.

ამგვარად, საქართველოში დაიწყო მიწისძვრის წინ არსებული ემგ-ის  ქსელის მოწყობა. ქსელის მუშაობის ამოცანებთან დაკავშირებით ასევე დაიდგა  ერთი GPS. ემგ-ის მიმღებები ჩაირთო ევროპის მიწისპირა დაკვირვებების ქსელში  (INFREP) და  მას გადასცემს მონაცემებს. ქართველ მეცნიერებს, ევროპის ქსელში ჩართვის შედეგად, მიეცათ  ქსელში ჩართული ყველა ქვეყნის ელექტრომაგნიტური  გამოსხივების მონაცემთა წვდომის და გამოყენების უფლება და ამ ახალი მიმართულებით  გარკვეული თეორიული და პრაქტიკული  სამეცნიერო  კვლევების  განხორციელების  შესაძლებლობები; ჯგუფი კვლევებს ახორციელებს ევროპის კონსორციუმში ჩართული სხვა ქვეყნების: იტალიის, საბერძნეთის, რუსეთის, ავსტრიის სამეცნიერო ჯგუფებთან მჭიდრო კავშირში, ის ასევე დაკავშირებულია აშშ-ის და იაპონიის იმ სამეცნიერო წრეებთან, რომლებიც მუშაობენ ანალოგიურ პრობლემაზე. აღსანიშნავია, რომ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ქსელში ჩართულია მხოლოდ რუსეთი (შორეული აღმოსავლეთის მხარე) და საქართველო.  უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქსელის მოწყობამ მოითხოვა ისეთი თეორიული სამუშაოების ჩატარება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული გრანტით და  დაკავშირებულია მიწისძვრის შესაძლო წინასწარმეტყველების პრობლემასთან. ამიტომ ჯგუფის წევრებს მოუხდათ დამოუკიდებელი სამეცნიერო ჯგუფის შექმნა და „ლითოსფერო-ატმოსფერო-იონოსფეროს ბმული მოდელის“ (Lithosphere-atmosphere-ionosphere coupling model)  თეორიის დამუშავება, რომლის ნაწილიც დაბეჭდილია საზღვარგარეთ.

მომავალში, ჯგუფი, ამ მიმართულებით,  რეგიონალურ თანამშრომლობაზეც ფიქრობს და ამ  მიზნით გარკვეული ამოცანებიც აქვს ჩამოყალიბებული.  რეგიონალური სამეცნიერო კავშირები აუცილებელია, რადგან საქართველო კავკასიის, როგორც ერთიანი სეიმურად აქტიური რეგიონის, ნაწილია და  დაგეგმილ ამოცანათა სპეციფიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად კავკასიაში რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის მაღალი ჩართულობაა აუცილებელი.