წარმატებული პროექტები
http://rustaveli.org.ge/images/tsarmatebuli%20proeqtebi/123.jpg

თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტრის ძეგლების კატალოგი

17/04/2018 16:24

საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტრის ძეგლების კატალოგი.

  1. სამეცნიერო ხელმძღვანელი  თეიმურაზ  ხუციშვილი - 2003 წლიდან აქტიურად მუშაობს ტაო-კლარჯეთის კვლევის სამეცნიერო საკითხებზე. მისი ორგანიზებით ამ რეგიონში 15-ზე მეტი სამეცნიერო საკვლევი ექსპედიცია მოეწყო, ამ პერიოდში ათობით ახალი, მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლი იქნა მიკვლეული. 2013-2016 წლებში იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (57/04) სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების მასშტაბურ კვლევას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში ასობით ახალი ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი ძეგლი იქნა მიკვლეული. ავტორია 2014, 2015 წლების ექსპედიციების ანგარიშებისა და ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების ოთხტომეულისა. ავტორია ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების შესახებ არაერთი პუბლიკაციისა.

 

  1. კოორდინატორი ,,ახ. მეც.’’, ლევან წიქარიშვილი - 2006 წლიდან მონაწილეობს ტაო-კლარჯეთის საკვლევ ექსპედიციებში. ბოლო წლების გამოცდილებით იგი იყო მენეჯერი 2013-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტისა (57/04), რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიიჩნევა, მისმა როლმა და უნარ-ჩვევებმა დიდად განაპირობა პროექტის მაღალი შედეგები. იგი მონაწილეა ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული 21 საკვლევი ექსპედიციისა, ასევე, აქტიურად იყო ჩართული პროექტის სამეცნიერო მუშაობაში. ერთ-ერთი ავტორია 2014, 2015 წლების ექსპედიციების ანგარიშებისა და ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების ოთხტომეულისა, ასევე, გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების შესახებ.

 

  1. მკვლევარი დავით მაისურაძე - 2003 წლიდან მონაწილეობს ტაო-კლარჯეთის საკვლევ ექსპედიციებში თუ სამეცნიერო მუშაობის პროცესში. 2013-2016 წლებში იგი იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (57/04) მკვლევარი, კონკრეტულად, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტში ისტორიული გეოგრაფიის კვლევის მიმართულებით. ერთ-ერთი ავტორია 2014, 2015 წლების ექსპედიციების ანგარიშებისა და ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების ოთხტომეულისა.

ცნობილია, რომ ტაო-კლარჯეთად მოიაზრება ისტორიული საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონის, მესხეთის ის მხარეები, რომლებიც რამდენიმე სხვა მხარესთან ერთად (არტანი, შავშეთი, კოლა, პარხალი, თორთომი და სხვა), დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხის აუზსა და მტკვრის აუზის ზედა ნაწილში მდებარეობენ. ისტორიული წყაროებითა და არტეფაქტებით, ათასწლეულების განმავლობაში, ამ მხარეების თანამშრომლობა თუ კონფრონტაცია დასტურდება დასავლეთ აზიის ბევრ ქვეყანასთან თუ კულტურასთან.

პროექტი  ,,თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი’’ განხორციელდა ,,კავკასიის უნივერსიტეტი’’-სა და ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი’’-ს მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი განხორციელდა 2013 – 2016 წლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა 20-ზე მეტი საკვლევი ექსპედიცია. შესწავლილ იქნა ისტორიული ტაო-კლარჯეთსა და კოლა-არტანში მდებარე 1000-ზე მეტი ისტორიული ქართული სოფელი და მისი შემოგარენი. დაფიქსირდა იქ არსებული ცნობილი ქართული კულტურის ძეგლების თანამედროვე მდგომარეობა. ამ პერიოდში გამოვლინდა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიდა ასობით ახალი კულტურის ძეგლი, მოხდა მათი აღწერა და ფოტო-ვიდეო ფიქსაცია, GPS კოორდინატების აღება, ისტორიული ტოპონიმების დაზუსტება.

შესწავლილ იქნა დიდძალი წერილობითი და სხვა წყაროები ტაო-კლარჯეთის თემაზე. ამ მასალებისა და ახლადმოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით შექმნილი ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების კატალოგი წარმოდგენილია ოთხ წიგნად, რომელიც ათას ორასზე მეტი ძეგლის აღწერილობას შეიცავს, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიული და არქიტექტურული ღირებულება აქვთ. ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლთა უმრავლესობა მხოლოდ წერილობით წყაროებშიღა შემორჩა ან მხოლოდ მცირე ფრაგმენტების სახით არსებობს, მაგრამ მათი აღნუსხვა და კატალოგში შეტანა მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ.

პირველი წიგნი ეთმობა ზოგად ნაწილს (ისტორიულ ექსკურსს, საძიებლებს, ლიტერატურას და სხვა). კატალოგის მომდევნო სამ წიგნში ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების აღწერილობა განთავსებულია საქართველოს ისტორიული მხარეების მიხედვით: წიგნი 2 – „კოლა-არტანი“,  წიგნი 3 – „შავშეთ-კლარჯეთი“ , წიგნი 4 – „ტაო“.  თითოეული ძეგლის აღწერილობას, როგორც წესი,  ახლავს წერილობითი წყაროები და ფოტომასალა.