კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში
წარმატებული პროექტები

კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში

17/04/2018 16:34

სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით : კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში.

  • პროექტის ხელმძღვანელი: მაია მესტვირიშვილი
  • წამყვანი ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს ახალი სადოქტორო პროგრამის „კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში“ განვითარებასა და განხორციელებას. პროგრამა კვლევის ორი ქვედარგისგან შედგება და სტრუქტურულად ორი ერთეულის/მოდულის სახით არის წარმოდგენილი: (ა) პოზიტიურ ფსიქოლოგია პიროვნების კვლევებში, რომლის საკვლევი თემატიკაა ემოციებთან დაკავშირებული პიროვნული დისპოზიციები — ემოციური და სოციალური ინტელექტი; ალექსითიმია, ემპათია;      შემოქმედებითი აზროვნება; ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის სუბიექტური განცდა; გენერაციულობა; სელფი და იდენტობა; მორალური მსჯელობა; ნარატიული იდენტობა; პერსონალური და მასტერ ნარატივები; პერსონალური ნარატივის ინდივიდუალური განსხვავებები და სტაბილობა დროსა და სიტუაციაში; პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელი. (ბ) პოზიტიური ფსიქოლოგია კონსულტირებაში, რომლის საკვლევ თემებს წარმოადგენს სტრესი, ტრავმა, დაძლევის სტრატეგიები,  პოსტრავმული ზრდა და რუმინაცია; ორაზროვანი დანაკარგი; პიროვნების ავერსიული მახასიათებლები — ბნელი ტრიადა და მისი კორელატები; კოგნიტური შეცდომები; პიროვნული აშლილობების ალტერნატიული მოდელი; ნარატივის კონსტუირება თერაპიულ კონტექსტში და მისი თავისებურებები; ნარატივების როლი კარგად ყოფნის სუბიექტური განცდისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კონტექსტში. პროგრამა მეთოდოლოგიური პლურალიზმის პრინციპზეა აგებული და მონაცემების შეგროვებისთვის, ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის თვისებრივ, რაოდენობრივ და შერეულ მეთოდებს იყენებს. პროექტის პირველი წელი სადოქტორო პროგრამის განვითარებასა და აკრედიტაციის მიღებას დაეთმობა, დანარჩენი სამი წლის განმავლობაში კი დაგეგმილია დოქტორანტების პირველი თაობის გამოშვება. უცხოელი ექსპერტები ჩართულნი იქნებიან პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, იქნება ეს საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, საკონსულტაციო ვიზიტები საქართველოში ან ექსპერტების უნივერსიტეტებში, მათ მიერ ჩატარებული ლექციები, სემინარები და ინტენსიური სასწავლო კურსები პროგრამაში ჩართული (და სხვა) აკადემიური პერსონალისთვის და დოქტორანტებისთვის.

 

დღესდღეობით ქართულ აკადემიურ სივრცეში პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე აკრედიტირებული სადოქტორო პროგრამა ფუნქციონირებს, რაც სათანადოდ ვერ ასახავს თანამედროვე ფსიქოლოგიაში არსებულ ტენდენციებსა და დარგების მრავალფეროვნებას. ამასთან, არსებული სადოქტორო პროგრამების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას პოტენციური აპლიკანტების მხრიდან. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროგრამის საჭიროება ორი ფაქტორით არის განპირობებული: არსებულ ფსიქოლოგიურ სადოქტორო პროგრამათა მცირე რაოდენობით და ამ პროგრამებში თანამედროვე მიმართულების, კერძოდ, პოზიტიური ფსიქოლოგიის პარადიგმის არარსებობით.

პოზიტიური ფსიქოლოგია წარმოადგენს ახალ მიმართულებას ფსიქოლოგიაში 1999 წლიდან, რომელიც მთლიანად ცვლის პიროვნების, მისი ფუნქციონირებისა და კონსულტირება/თერაპიის ხედვის პერსპექტივას და პათოლოგიაზე აქცენტის ნაცვლად, ყურადღების ცენტრში პიროვნულ ზრდას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ეფექტურ ფუნქციონირებას აქცევს. პოზიტიური ფსიქოლოგიის ფარგლებში წარმოებული ემპირიული კვლევები მიმართულია ყველა იმ პიროვნული, სოციალური, კულტურული და ა. შ. ფაქტორების გამოვლენასა და კვლევაზე, რომელიც ამა თუ იმ გზით ზემოქმედებს ინდივიდის ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობის სუბიექტურ განცდაზე.

„კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში“ ახალი სადოქტორო პროგრამაა, რომელიც კვლევის ორ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს და სტრუქტურულად წარმოდგენილია მოდულების სახით, რომელთაგან თითოეულს, პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, ეყოლება თანახელმძღვანელი. ეს სტრუქტურული ერთეულები ანუ მოდულებია: (1) პიროვნების კვლევები პოზიტიურ ფსიქოლოგიაში და (2) პოზიტიური ფსიქოლოგია კლინიკურ პრაქტიკასა და კვლევაში (იხ. სქემა).

სქემა. სადოქტორო პროგრამის მოდულები.

  • პროგრამის მიზანი და ამოცანები

წარმოდგენილი სტრუქტურული სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს პოზიტიური ფსიქოლოგიის დარგში ახალი მეცნიერული ცოდნის შექმნასა და გამოყენებას; ეფუძნება მეცნიერი-პრაქტიკოსის მოდელს, რაც გულისხმობს, რომ მისი მიზანია პროფესიონალი მკვლევარი-პრაქტიკოსების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ კვლევითი, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება აკადემიურ და სხვა (მაგალითად, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა) სფეროებში.

პროგრამის მიზნიდან გამომდინარე, დასახული ამოცანები მოიცავს სწავლის, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების განხორციელებას, კერძოდ:

  • სწავლა — თანამედროვე ფსიქოლოგიაში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის მიღება და კრიტიკულად გააზრება;
  • სწავლება — საუნივერსიტეტო განათლების ყველა დონეზე კვლევაზე დაფუძნებული სწავლების უნარების გამომუშავება;
  • კვლევა — ახალი ემპირიული ცოდნის გენერირება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, კვლევითი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება.
    • მოსალოდნელი შედეგები

წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამის მოსალოდნელი შედეგია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული მაღალკვალიფიციური მკვლევარი-პრაქტიკოსი, რომელსაც შეეძლება ფსიქოლოგიის დარგში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება, სასწავლო კურსის პროგრამის შედგენა საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე და სასწავლო პროცესის წარმართვა.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მომზადებული პროგრამა აკრედაციის გავლის შემდეგ (განმეორებით აკრედიტაციამდე) იფუნქციონირებს 5 წლის განმავლობაში, რაც კვალიფიციური კადრების მომზადებისა და კვლევითი მუშაობის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს, იმ ადამიანური და მატერიალური რესურსის ხარჯზე, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნება.