შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ISTC - ისა და STCU - ს მმართველი საბჭოს სხდომები

2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ქ. კიევში ჩატარდა მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის  (International Science Technology Center  - ISTC) რიგით 67-ე და მეცნიერების და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (Science Technology Center in Ukraine - STCU) რიგით 47-ე მმართველი საბჭოს სხდომები, სადაც საქართველო, როგორც ორივე ცენტრის საბჭოების წევრი წარმოდგენილი გახლდათ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. აღნიშნულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ  სასომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, აშშ, კანადის, ნორვეგიის და ევროკავშირის  წარმომადგენლები.

ISTC და STCU აქტივობები მოიცავს,  ისეთი კვლევითი პროექტების დაფინანსების საკითხებს, რომლებიც მეიარაღე მეცნიერების ჩართულობით ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად, ასევე, მიზნობრივ პროგრამებს, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს მეიარაღე მეცნიერების ეფექტურ ჩართვას მსოფლიო სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ საზოგადოებაში.

6-7 დეკემბრის სხდომებზე განხილულ იქნა ISTC და STCU 2018 წლის როგორც პროგრამული, ასევე ფინანსური ანგარიშები და სამომავლო სტრატეგია: ახალი საგრანტო პროგრამების შემუშავებისა და მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების (Targeted Initiatives – TI) და პარტნიორული პროექტების (Partner Projects – PP) დაფინანსების სქემები, ISTC ეროვნული ფილიალების საკითხი, ტექნოლოგიების საექსპორტო კონტროლის თემა, 2019 წლის ფინანსური გათვლები.  აგრეთვე, სამეცნიერო მრჩეველთა და შემფასებელ კომიტეტების მომდევნო წლის შეხვედრებისა და აქტივობების გეგმები.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე დაესწრო მმართველი საბჭოს აღმასრულებელ სესიას, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილებოდა ISTC/STCU საქართველოს ეროვნული ფილიალის შემდგომი ფუნქციონირების პერსპექტივები.