2010-01-20
თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზება ქიმიის სასწავლო პროცესში (ვირტუალური სასწავლო პროგრამების სინთეზი საბაზო სკოლის ქიმიის კურსის მიხედვით)
დასრულდა საგრანტო პროექტი „თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზება ქიმიის სასწავლო პროცესში (ვირტუალური სასწავლო პროგრამების სინთეზი საბაზო სკოლის ქიმიის კურსის მიხედვით)~ (ხელმძღვანელი პროფესორი ქეთევან კუპატაძე).
შეიქმნა ქიმიის სასწავლო-კომპიუტერული პროგრამა (ქართული და ინგლისური ვერსია) ზოგად, არაორგანულ და ორგანულ ქიმიაში, რომლის მიზანიცაა – გახადოს ქიმიის გაკვეთილები სახალისო, დააინტერესოს მოსწავლე ქიმიით და აჩვენოს მას, რომ ის სულაც არ არის “მოსაწყენი” ფორმულების და კანონების საგანი და რომ ქიმია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შექმნილ პროგრამაში განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება საგანთაშორის კავშირებზე და მოხდა ქიმიის დაკავშირება მოზარდებისთვის საინტერესო თემებთან, რადგან “ყველანაირი, თავისთავად უინტერესო საგანი შეიძლება საინტერესო გახ-დეს, თუ მას დავაკავშირებთ სხვა საგანთან, რომელიც უკვე საინტერესოა” (ჯ.სელი).
ასეთი კავშირები პროგრამაში მრავლად არის, მაგ: ქიმია და ბიოლოგია; ქიმია და ისტორია; ქიმია და მუსიკა (კლასიკური, ფოლკლორი და თუნდაც როკი, რატომაც არა). შემოტანილია მედია-პედაგოგიკის ელემენტებიც და შესაბამისად შექმნილია მედია-კლიპები თემებზე: წყალი ადამიანის ორგანიზმში, ჰაერის დაბინძურება, არამეტალები და ა.შ.
პროგრამაში გაცილებით მეტი ინფორმაციაა, ვიდრე ამას ეროვნული სასწავ-ლო გეგმა ითვალისწინებს, მათი მეშვეობით კი მოსწავლეში წარმოიქმნება მოტივაცია, მოიძიოს უკვე სხვა დამატებითი წყაროებიდან გაცილებით მეტი. თუ ასეთი მოტივაცია თუნდაც ერთ მოსწავლეში წარმოიშვება (არადა, იმ სკოლებში, სადაც იყენებენ უკვე შექმნილ პროგრამას, ძალიან კარგი შედეგე-ბია), მაშინ ეს ნიშნავს, რომ სასწავლო პროგრამა თავის საქმეს ასრულებს.
ასევე ქ. კუპატაძის ავტორობით გამოიცა ნაშრომი “ელექტრონული სწავლება”, რომელიც საინტერესო მასალებს მიაწვდის ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს.
ქიმიის პედაგოგებთან შესრულებული პროგრამის წარდგენა უკვე მეორედ მოხდა. პირველად 2008 წლის 20 დეკემბერს, მეორედ კი 2009 წლის 17 დეკემბერს. მათ საჩუქრად გადაეცათ პროგრამა. პედაგოგები უკვე წარმატებით იყენებენ მას.
ამავე დროს, შესრულებული პროგრამა 2009 წლის ოქტომბერში ქ. კუპატაძემ საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ფინანსური დახმარებით წარადგინა კანადის ქალაქ ვანკუვერშიAssociation for the Advancement of Computing in Education (AACE)-მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც 65 ქვეყანა იყო წარმოდგენილი და საქართველო პირველად მონაწილეობდა. პროგრამამ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში გადატანილი ომისა და ამის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, შეიქმნა მაღალი დონის თანამედროვე სასწავლო პროდუქცია.