შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

პროექტი „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“

17 მაისს,  სასტუმრო „ვერე-პალასში“ ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული  პროექტის – „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა  მეორე მსოფლიო ომიდან სკკპ მე-20 ყრილობამდე (1941–1956 წწ)“ – განვლილი საანგარიშო პერიოდების შედეგების შეჯამებას.

კონფერენციას ესწრებოდა ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე, რომელმაც ისაუბრა რუსთაველის სამეცნიერო   ფონდის   საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების  პროგრამის  დიდი მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ,  აღნიშნა, რომ ამ მიმართულების კვლევების დაფინანსება ფონდის ერთ-ერთი  პრიორიტეტია.  

აღნიშნული პროექტი არის გაგრძელება სამწლიანი პროექტისა – „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე (1921–1941 წწ)“, რომელიც განხორციელდა შსს-ს არქივთან მჭიდრო თანამშრომლობით და დასრულდა წიგნის გამოცემით, რომელშიც  უცნობ და ნაკლებად ცნობილ საარქივო მასალებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ეტაპის მეცნიერული შეფასება კონკრეტული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სტრატეგიის ფონზე.  

პროექტი "ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომიდან სკკპ მე–20 ყრილობამდე“, რომელიც ამჯერადაც შსს-ს არქივთან თანამშრომლობით ხორციელდება,  არის პირველი მეთოდოლოგიური მცდელობა იმისა, რომ  ახალ რაკურსში იქნას გააზრებული ქართული ლიტერატურის ისტორიაში მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი - 1941–1956 წლები. 

პროექტის განხორციელების შემთხვევაში პირველად გახდება შესაძლებელი ბოლშევიზმის ინტელექტუალური ტერორის სისტემური და დანაშაულებრივი მექანიზმის აღდგენა,  ცალკეულ მწერალთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებების, მათი ინტელექტუალური თუ პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისა თუ ხელყოფის აქამდე უცნობი დეტალების გამოვლენა, რაც მოგვცემს საკვლევი პერიოდის (1941–56 წწ) ქართული მწერლობის სრულიად ახლებური გააზრებისა და ინტერპრეტირების საშუალებას.