შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი ტაო-კლარჯეთის ძეგლების შესახებ

17 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ტაო-კლარჯეთის ძეგლების  2012-2013, 2016, 2017 და 2018 წლების საკვლევი ექსპედიციების ანგარიშების წარდგენა  და ფოტოგამოფენა;  საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წელს გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო გამარჯვებული პროექტის – „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების, სპერის, ბაიბურთის და ლაზეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი“ ფარგლებში, ისტორიულ სპერში ჩატარებული ექსპედიციის ანგარიში საზოგადოებას პროექტის ხელმძღვანელმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა,  თეიმურაზ ხუციშვილმა წარუდგინა;  მან მადლობა გადაუხადა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ამ ეროვნულ საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის.    

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ტაო-კლარჯეთის  ძეგლების კვლევის დიდი მნიშვნელობაზე  ქვეყნის ისტორიული წარსულის  შესწავლისა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით;  აღნიშნა, რომ ამგვარი სამეცნიერო  კვლევების დაფინანსება რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია,   მეცნიერთა ეს ჯგუფი წლებია ნაყოფიერად მუშაობს ამ მიმართულებით და  ამ  ექსპედიციის შედეგებიც მეტად შთამბეჭდავია  ქართული  კულტურის ძეგლების შესწავლის, განსაკუთრებით  ახალი წარწერების აღმოჩენის მხრივ.  „დღეს ქართული მეცნიერების მიერ მოპოვებულ-  გამოკვლეული მასალა  ისტორიული ტაო-კლარჯეთის  შესახებ იმ მოცულობისაა, რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არა აქვს“,-  აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა კახა შენგელიამ,  პროექტის თანახელმძღვანელმა, ასისტენტ-პროფესორმა  ლევან წიქარიშვილმა, საქართველოს   მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, პროფესორმა ბუბა კუდავამ და სხვა გამომსვლელებმა ისაუბრეს ამგვარი ექსპედიციების დიდ კულტურულ-საზოგადოებრივ  მნიშვნელობასა და კვლევების გაგრძელების  აუცილებლობაზე,  თურქეთში მდებარე  ისტორიული მხარეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მრავალმხრივ შესწავლაზე. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევები დააინტერესებს    ისტორიკოსებს, ხელოვნების ისტორიკოსებს, ისტორიული გეოგრაფიის და პალეოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევრებსა და ზოგადად, ქართული კულტურით დაინტერესებულ პირებს.