შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აანონსებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსს

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში. იხ. კონკურსის დებულება (მინისტრის ბრძანება N 58/ნ, 09.06.2016).

საგრანტო კონკურსის მიზანია:

  1. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობითა და განვითარებით სამეცნიერო კვლევების აკადემიური ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადების უზრუნველყოფა;
  1. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეშვეობით;
  1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება და ინტერდისციპლინური სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობა;
  1. ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის წახალისება სადოქტორო სწავლების საფეხურზე;
  1. ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტების მხარდაჭერა კარიერის საწყის ეტაპზე;
  1. სადოქტორო სწავლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.

 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს:

  1. არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; პროექტის ხანგძლივობა - 3 წელი;
  1. ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; პროექტის ხანგძლივობა - 4 წელი;
  • 3-წლიანი პროექტის შემთხვევაში (არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება), ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 220 000 ლარს. ამასთან, პირველ წელს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, მეორე და მესამე წელს მოთხოვნილი ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს (მეორე და მესამე წლის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს);
  • 4-წლიანი პროექტის შემთხვევაში (ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება), ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 245 000 ლარს. ამასთან, პირველ წელს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს, მეორე წელიწადს მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, მესამე და მეოთხე წელს მოთხოვნილი ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს (მესამე და მეოთხე წლის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს).

 

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

  1. ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას;
  2. დოქტორანტის სტიპენდიას;
  3. კვლევის ხარჯებს;
  4. მივლინების ხარჯებს;
  5. ზედნადებ ხარჯებს;
  6. კონსულტანტის საქართველოში ვიზიტის ხარჯებს.

 

კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

  1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. ჰუმანიტარული მეცნიერებები
  6. სოციალური მეცნიერებები
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი! 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  1. წამყვანი ორგანიზაციის სახით- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს; წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორანტებს და დამხმარე პერსონალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
  1. თანამონაწილეო ორგანიზაციის სახით - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
  1. პროექტის ხელმძღვანელის სახით - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, წამყვანი ორგანიზაციის აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე; წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციასთან ერთად პროექტის განმცხადებელს;
  1. პროექტის თანახელმძღვანელი სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, თანამონაწილე ორგანიზაციიდან აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელს პროექტის შედგენასა და პროექტით გათვალისწინებულ კვლევაში და თანამონაწილე ორგანიზაციის მხრიდან პასუხისმგებელია, როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;
  1. ძირითადი პერსონალი - გრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს დოქტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი;
  1. ახალგაზრდა მეცნიერის სახით - საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 7 წლისა;
  1. დოქტორანტის სახით - საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლობს დოქტორანტურაში;

  

პროექტის განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.

პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი; აგრეთვე, პროექტში უნდა იყოს ჩართული მინიმუმ 3 დოქტორანტი და 1 ახალგაზრდა მეცნიერი.

დამატებით, საგრანტო კონკურსის მონაწილე პროექტის შემუშავება / განხორციელების პროეცესში შესაძლებელია ჩართული იყოს:

 

  1. უცხოელო კონსულტანტი - უცხო ქვეყნის მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კონსულტირებას უწევს პროექტს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებასა და პროექტის ადმინისტრირებაში;
  2. უცხოური პარტნიორი ორგანიზაცია - უცხოეთში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ან სასწავლო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც ჩართული იქნება პროგრამის განხორციელებაში;

 

პროექტს შეიძლება ჰყავდეს თანადამფინანსებელი.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  1. განცხადება / პროექტის თავფურცელი
  2. საპროექტო წინადადება - სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი და კვლევის თემატიკა
  3. პროექტში მონაწილე პირების CV-ები
  4. პროექტის ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი
  6. პროექტის რეზიუმე/აბსტრაქტი
  7. პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე 
  8. წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე
  9. პროექტის უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი
  10. პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები
  11. პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ქსერო ასლები
  12. თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები. სსიპ-ის შემთხვევაში არ არის საჭირო)
  13. თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები. იურიდიული დოკუმენტები არ არის საჭირო სსიპ-ის შემთხვევაში). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

 

დამატებით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფორმა.

ინგლისურ ენაზე აუცილებლად უნდა იქნეს თარგმნილი შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება / პროექტის თავფურცელი
  2. საპროექტო წინადადება - სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი და კვლევის თემატიკა
  3. პროექტის რეზიუმე
  4. პროექტის ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი
  6. პროექტის მონაწილეთა CV-ები
  7. წინა, დასრულებული სამეცნიერო გრანტის რეზიუმე
  8. წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე

 

ინგლისურ ენაზე თარგმნას არ საჭიროებს:

  1. წამყვანი ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი
  2. თანამონაწილე ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი
  3. თანამონაწილე ორგანიზაციის წესდება
  4. პროექტის ხელმძღვანელის, პროექტის თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები
  5. თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები  

 

კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი:

 

  • კონკურსის ანონსი: 12/08/2016
  • კონკურსის გამოცხადება: სექტემბერი
  • ჯგუფური კონსულტაციები: სექტემბერი
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: ოქტომბერი
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: ოქტომბერი
  • პროექტების შეფასება - ოქტომბერი
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება: ნოემბერი
  • საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება: ნოემბერი

 

კონკურსის კოორდინატორები:

  • გიორგი ხიშტოვანი
  • ქეთევან გაბიტაშვილი

 

კონკურსის გამოცხადებისთანავე დაიდება ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ოფიციალური ფორმები, ზუსტი ინსტრუქცია პროექტების რეგისტრაციისათვის და პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე.