რუსთაველის ფონდის შესახებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (Shota Rustaveli National Science Foundation – SRNSFG) წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-ს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაარსდა 2010 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N62/ნ ბრძანების საფუძველზე, როგორც სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შეიქმნა 2005 წლის 17 ივლისს) და სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების - რუსთაველის ფონდის (შეიქმნა 2007 წლის 17 მაისს) უფლებამონაცვლე.
ფონდის სტრატეგიული ხედვა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიას” და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარების მიმართულებით.
ფონდის მისიაა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სწრაფ სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაში.
რუსთაველის ფონდის საქმიანობა
რუსთაველის ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში. ფონდის საქმიანობის მასშტაბი და შესაძლებლობები წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა: თუ 2011 წელს ფონდი 11 სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებას ახორციელებდა, დღესდღეობით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG) 30-ზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო ორმხრივი საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს.
რუსთაველის ფონდის მიერ წლიური საწევრო გადასახადების უზრუნველყოფის გზით საქართველოს მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროექტებში, როგორიცაა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN).
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2024 წლიდან საერთაშორისო არაკომერციული ასოციაციის „ევროპის მეცნიერება“ (Science Europe) წევრია. ასოციაცია აერთიანებს ევროპის წამყვან სამეცნიერო კვლევების დამფინანსებელ და კვლევით ორგანიზაციებს.
2015 წლიდან ფონდი კოორდინაციას უწევდა 21 ინსტიტუციისგან შემდგარი კონსორციუმის წვდომას საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER-ის ელექტრონულ ბაზებთან (ScienceDirect, Scopus), ხოლო დღეისთვის კონსორციუმის წევრთა, საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების რაოდენობა შეადგენს 63-ს.
რუსთაველის ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
- ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ხარისხის, მნიშვნელობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის უზრუნველყოფით ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება;
- საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდა;
- საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრირების ხელშეწყობა;
- სამეცნიერო საქმიანობის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსებით;
- ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსება;
- ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვა და განვითარების ხელშეწყობა;
- საქართველოს აკადემიური წრეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მხარდაჭერა.
რუსთაველის ფონდის პრიორიტეტებია:
- საქართველოში გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა
რუსთაველის ფონდი აფინანსებს ინოვაციურ, საერთაშორისო სამეცნიერო პოტენციალის მქონე ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევით პროექტებს მეცნიერების ყველა მიმართულებით. ასევე მხარს უჭერს საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესების, სიმპოზიუმებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას, აკადემიურ წრეებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. ამასთანავე, ფონდი ხელს უწყობს საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, მათ შორის, საქართველოში განხორციელებული აქტუალური და ინოვაციური კვლევების შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე წარდგენის მხარდაჭერით. აღნიშნული საქმიანობა ხელს უწყობს ქართული მეცნიერების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე.
- ახალგაზრდა მეცნიერთა კარიერული განვითარება
ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი თაობის მკვლევართა განვითარების ხელშეწყობაში. იგი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან უწყობს ხელს მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, ხოლო განათლებისა და პროფესიული განვითარების შემდგომ ეტაპებზე მხარს უჭერს ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამეცნიერო საქმიანობაში მათ აქტიურ ჩართულობას. ამ მიზნით, ფონდი უზრუნველყოფს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და რეზიდენტურის სტუდენტების კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და სამეცნიერო პროექტებში ინტეგრირების შესაძლებლობებს.
- ქართველოლოგიის, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების, საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების ფუნქციონირების მხარდაჭერა
ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით კვლევების ხელშეწყობა, მიზნობრივი პროგრამების განვითარება და ამ სფეროში მიღწეული სამეცნიერო შედეგების საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაცია ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა. ამ მიზნის მისაღწევად, ფონდი ადმინისტრირებას უწევს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ საგრანტო კონკურსებსა და პროგრამებს. მათ შორისაა ქართველოლოგიის კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, ვატიკანში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამა „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები“. ამასთანავე, ფონდი ახორციელებს სხვა კონკურსებსა და პროგრამებსაც, რომლებიც ემსახურება ქართული კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლას, ქართველოლოგიური კვლევების განვითარებასა და მათი საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.
- სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება
ფონდი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებთან: გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, სომხეთთან, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი (ბილატერალური) და მრავალმხრივი (მულტილატერალური) პროგრამებისა და პროექტების განხორციელების გზით, ხელს უწყობს საქართველოში მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას, ქართველი მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ჩართულობასა და უცხოეთის ეროვნულ სამეცნიერო ფონდებსა და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
- მეცნიერების პოპულარიზაცია
მეცნიერების პოპულარიზაცია ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით განხორციელებული საგრანტო კონკურსები მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში განხორციელებული გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, მიღწეული შედეგებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
წარმატებულ მოსწავლეთა მხარდაჭერა და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობა
ასევე, ფონდი ახორციელებს ,,წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის ადმინისტრირებას- უზრუნველყოფს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევას, მომზადებას და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის უზრუნველყოფას.
- სამეცნიერო - საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა
ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში სამეცნიერო საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება-მოდერნიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.
ასევე, ფონდის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მიზნობრივი კონკურსების მიმართულების განვითარება და გაძლიერება სახელმწიფოებრივ - საზოგადოებრივი მიზნებისა და წინასწარ განსაზღვრული სამეცნიერო ამოცანების, გამოწვევების შესაბამისად.
პრიორიტეტულია რეგიონული უნივერსიტეტების განვითარება რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამორჩეული ხარისხის ინოვაციური კვლევების განვითარების ხელშეწყობა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 42200000 ლარს.