შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შეფასების რეგიონული პლატფორმის შეხვედრა

მიმდინარე წლის 27- 28 ივნისს, თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც დაეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების  რეგიონული პლატფორმის შექმნას  მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციების მიმართულებით (Workshop on STI Evaluation Platform).  ორდღიან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, ბელარუსის რესპუბლიკის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ხელშემწყობი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილავენ სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შემფასებელ ექსპერტთა საერთო რეგიონული პლატფორმის მომზადებისა და ფუნქციონირების საკითხებს.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ   პარტნიორობის    (EaP)   ქვეყნების    მეცნიერების,    ტექნოლოგიისა   და   ინოვაციის

საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP)  ფარგლებში. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობენ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და IncoNet EaP პროექტის კონსორციუმის პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი ფონდებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერება  თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც წარმოდგენილი მხარეები დაადასტურებენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სფეროს საერთო ექსპერტ-შემფასებელთა პლატფორმის შექმნაში, გააძლიერონ ამ მიმართულებით თანამშრომლობა და რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათ ქვეყნებში მიღებული სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო წინადადებების შეფასების ინსტრუმენტები და პროცედურები. მემორანდუმის დანართის სახით განხილული იქნება ექსპერტ-შემფასებელთა რეგიონული   პლატფორმის   განვითარებისა   და  დანერგვისათვის  საჭირო  სამოქმედო  გეგმა.