შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია „სტუ - ნანო 2024”

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია - „ნანოტექნოლოგიები“ (სტუ - ნანო 2024) მიმდინარეობს.  პროექტი  „მე-7 საერთაშორისო კონფერენცია  „ნანოტექნოლოგია“  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2023 წლის  მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (მეორე ლოტი) გამარჯვებულია.

საერთაშორისო კონფერენცია ხუთდღიანია და მას მსოფლიოს 17 ქვეყნის - საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, იტალიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, კანადის, მექსიკის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ყაზახეთის სამეცნიერო დელეგაციები ესწრებიან.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა გახსნა.  მან აღნიშნა, რომ  ნანოტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ე.წ. რეგულარული სერია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, თალიკო ჟვანიამ  განაცხადა:  „ტერმინი „ნანოტექნოლოგია“  პირველად, 1974 წელს გამოიყენა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ნორიო ტანიგუჩიმ, რითაც რამდენიმე ნანომეტრის ზომის ობიექტის შექმნა განსაზღვრა. დღეისათვის  ნანოტექნოლოგია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფეროა, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დარგში.

ქართველი და უცხოელი მეცნიერები და სტუდენტები კონფერენციაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს წარადგენენ, გაიმართება  სამეცნიერო დისკუსიები.

პროექტის  „მე-7 საერთაშორისო  კონფერენცია „ნანოტექნოლოგია“  ძირითადი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების უახლესი შედეგების ურთიერთგაცვლა და ამ დარგის სამომავლო განვითარების ძირითადი მიმართულებების დასახვა. კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ ნანომეცნიერებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ურთიერთსასარგებლო კოლაბორაციების შექმნას, ახალგაზრდა კადრების მოზიდვას ამ სფეროში და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ქართველი მეცნიერების კვლევის შედეგების პუბლიკაციას მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აგრეთვე, ამ შედეგების წარმატებულ კომერციალიზებას.