შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მესხეთის კულტურის ძეგლები - წიგნის წარდგენა

 

2024 წლის 5 ივლისს,  ააიპ საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის სამეცნიერო ჯგუფმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის  სახელმწიფო  საგრანტო კონკურსის  გამარჯვებული პროექტის ,,ისტორიული მესხეთის მატერიალური კულტურის ძეგლების ორენოვანი კატალოგი'' (FR 22-23398) ფარგლებში, ისტორიულ მესხეთში 2023 წელს განხორციელებული საკვლევი ექსპედიციების ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას. პრეზენტაცია ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა.

 ააიპ საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა, 2023 წელს ექვსი საკვლევი ექსპედიცია ჩაატარა ისტორიულ სამცხეში (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე), საექსპედიციო პერიოდმა, ჯამში 80 დღეს გადააჭარბა. ექსპედიციამ აღწერა ამ მუნიციპალიტეტებში არსებული 300- ზე მეტი სოფელი და ნასოფლარი, 800- მდე კულტურის ძეგლი და არტეფაქტი,  მათ შორის: ეკლესიები, მონასტრები, ციხე-კოშკები, მეჩეთები, მიწისქვეშა ნაგებობები, დარნები, ცალკეული არტეფაქტები (ქვაჯვრები, ორნამენტიანი ქვები, რელიეფები, და სხვა). ექსპედიციამ ათობით ნასოფლარის ლოკალიზება და იდენტიფიცირება შეძლო. ყოველ სოფელზე, ნასოფლარზე და კულტურის ძეგლზე შეიქმნა აღწერილობითი ტექსტები, ზუსტი კოორდინატები, ცალკეულ ძეგლთა ანაზომები, შეიქმნა ვრცელი ფოტოარქივი. ექსპედიციის შედეგებმა თავი მოიყარა მესხეთის კულტურის ძეგლების 2023 წლის საკვლევი ექსპედიციების შესახებ წიგნში, რომელიც პროექტის ჯგუფმა საზოგადოებას წარუდგინა.  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ , მკვლევრებმა  ანა იმედაშვილმა,  ლევან წიქარიშვილმა, შალვა კოღუაშვილმა, მკვლევარმა, პალეოლოგმა ნიკოლოზ ჟღენტმა,  ხელოვნებათმცოდნემ,  კონსულტანტმა  ნოდარ არონიშიძემ, სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ პროექტის  სამეცნიერო სიახლეზე, ჩატარებულ სამუშაოსა და მიზნებზე ისაუბრეს.

 პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც გულისხმობს მესხეთის კულტურის ძეგლების სრულ აღნუსხვას და 2026 წლისთვის, კატალოგის სახით გამოცემას. პროექტის ჯგუფი, ამჟამად, ისტორიულ ჯავახეთში და თორში მუშაობს, საკვლევი ექსპედიციების ყოველდღიური შედეგები კი ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე განთავსდება, რათა საზოგადოებამ ყოველდღიურად მიიღოს ინფორმაცია ექსპედიციის მუშაობისა და სიახლეების შესახებ.