შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„საბჭოური პოლიტიკა და საქართველო ახალ სივრცეში 1921-1991 წლებში“

2018 წლის 20 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „საბჭოური პოლიტიკა და საქართველო ახალ სივრცეში 1921-1991 წლებში“ პრეზენტაცია, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში გამოიცა სამი მონოგრაფია. ავტორები: 1. ავთანდილ სონღულაშვილი (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი) _ საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა; 2. შოთა ვადაჭკორია (პროექტის ძირითადი შემსრულებელი) _ ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში (1921-1990); 3. ნატო სონღულაშვილი (პროექტის ძირითადი შემსრულებელი) _ საბჭოთა რეჟიმი და ქართული ეროვნული იდეა (1921-1991). პროექტში სხვადასხვა ეროვნული იდენტობრივი მახასიათებლების საფუძველზე, სხვადასხვა სოციალური ფენების თუ ჯგუფების როლის შეფასების და შესწავლის ფონზე, წარმოდგენილია ქართული გარემო 1921-1991 წლებში. თანამედროვე ეპოქამ მრავალი საკითხის, პრობლემის ახლებური გადააზრება დააყენა დღის წესრიგში. წარსულის, ისტორიის საფუძვლიანი შეფასებისთვის მოვლენათა კომპლექსური ანალიზია საჭირო. საბჭოთა სისტემა და მის სივრცეში მყოფი საქართველოს საკითხი კი ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ყოველ ეპოქას თავის გამოწვევა და ტენდენცია გააჩნია. წლების, საუკუნეების მანძილზე იცვლება და ყალიბდება ახალი იდეოლოგიები. იცვლება ისტორიული მოვლენებისადმი დამოკიდებულება, შესწავლა-შეფასების სტილი. დღევანდელი ისტორიული მეცნიერების გამოწვევა არა მხოლოდ კონკრეტული საკითხების კვლევა, არამედ სხვადასხვა სახის წყაროთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე მოვლენათა კომპლექსური შესწავლაა. საბჭოური პოლიტიკის შეფასება და ამ ახალ განზომილებაში საქართველოს ადგილის განსაზღვრა მხოლოდ ისტორიის გაბმული თხრობა არაა, არამედ ძირითადი, კონკრეტული და მასშტაბური მოვლენების გამოვლენა და ანალიზი. 1921-1991 წლებში განვითარებული მოვლენები, მათი ცალკეული მხარეები არაერთხელ გამხდარა მეცნიერთა შესწავლის ობიექტი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი სპეციალური ლიტერატურა არსებობს, თუმცა დრო გარკვეულ რედაქტირებას უკეთებს სამეცნიერო ლიტერატურას, იცვლება საკითხისადმი მიდგომა, პრობლემათა შესწავლა-შეფასების ტენდენციები და გარკვეულ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს ისტორიის გადააზრებას და დროის ლაბირინთებში მიმალული ფაქტების სააშკარაოზე გამოტანას. პროექტში გაანალიზებულია თუ როგორ ხვდება ახალ სივრცეში შესვლას სხვადასხვა სოციალური ფენა თუ ჯგუფი, ეროვნული და რელიგიური უმცირესობა. რა ფორმით გამოიხატებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესი და როგორ პასუხობდა საქართველო მის წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევებს. გამოცემულ ნაშრომებში დოკუმენტური წყაროების, საარქივო მასალის, რომელთა დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო ბრუნვაში, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით შესწავლილია საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდის _ საბჭოთა რეჟიმის ცალკეული საკითხები.