„XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ X ტომის პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შედგა „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ X ტომის პრეზენტაცია. კრებული გრიგოლ ორბელიანის წერილებს ეთმობა. ღონისძიება გახსნა ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა, უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გოცირიძემ.
წერილების გამოცემის ისტორია და X ტომის შედგენილობა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს გააცნო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა მზია გიგაშვილმა. მან აღნიშნა, რომ კრებულში აკადემიურად არის გამოცემული პოეტის 100 წერილი, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო 1874-1877 წლებს მოიცავს. ამათგან 97 ბარათი პირველად არის გამოქვეყნებული. წერილების მნიშვნელობა ისტორიულ კონტექსტში და გრიგოლ ორბელიანის პიროვნება ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით შეაფასა ტომის რედაქტორმა, პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა.
სამეცნიერო ჯგუფს დღეისათვის უკვე მეცნიერულად შესწავლილი და გამოცემული აქვს გრიგოლ ორბელიანის 929 წერილი.
„ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის" მომდევნო ტომი 2025 წელს დაიბეჭდება.
წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებით, ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში.