ბასიანი - მატერიალური კულტურის ძეგლების საკვლევი ექსპედიციის ანგარიშის წარდგენა
,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრმა’’ საზოგადოებას წარუდგინა ისტორიული ბასიანის კულტურის ძეგლების საკვლევი ექსპედიციის ანგარიში.
წიგნის წარდგენა ,,გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში’’ გაიმართა.
,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის’’ მიერ საქართველოს ისტორიულ მხარეებში (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკა) ინტენსიური საკვლევი ექსპედიციები ტარდება 2012 წლიდან.
2022 წელს ისტორიულ ბასიანში ექსპედიცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2020 წელს გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - ,,ბასიანი - მატერიალური კულტურის ძეგლების ორენოვანი კატალოგი’’ - ფარგლებში.
ექსპედიციამ შეისწავლა ისტორიული ბასიანის, ფასინლერის რაიონის 100-მდე ისტორიული სოფელი და მათი შემოგარენი, აღწერა აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის 55-მდე ძეგლი, მათი დიდი ნაწილის სამეცნიერო შესწავლა პირველად განხორციელდა. საკვლევ მხარეში აღინუსხა ეკლესიები, ნამონასტრალები, ციხეები, კოშკები, მეგალითური ნაგებობები, ხიდები, სამარხები და კულტურის ძეგლთა ცალკეული არტეფაქტები.
გაკეთდა ძეგლების ანაზომები და ანოტაციები, დადგინდა GPS კოორდინატები, შეიქმნა ძეგლების ფოტოარქივი.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ბასიანში, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, ქართველი მკვლევრების მიერ სამეცნიერო კვლევა არასდროს ჩატარებულა. ამ მხარეში არსებული კულტურის ძეგლების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.
მკვლევართა ჯგუფის მიერ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამეცნიერო ექსპედიციები ისტორიული ბასიანის სხვა რაიონშიც, რომელიც 2023 წელს განხორციელდება.
წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება ისტორიკოსებს, ხელოვნების ისტორიკოსებს, ისტორიით და ისტორიული გეოგრაფიით დაინტერესებულ და ზოგადად, კულტურით დაინტერესებულ საზოგადოებას.