ექვთიმე ათონელის ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის მე-3 ტომის პრეზენტაცია
2025 წლის 14 მარტს თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა ექვთიმე ათონელის მიერ ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის მე-3 ტომის პრეზენტაცია. გამოცემა მომზადდა ინტერდისციპლინური ჰუმანიტარიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური პროექტის ფარგლებში.
ტომის შედგენილობასა და სამეცნიერო სიახლეებზე ისაუბრა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ქეთევან გიგაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ტომში შევიდა ექვთიმე ათონელის მიერ ნათარგმნი 3 ჰაგიოგრაფიული თხზულება: „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატ მღდელთმოძღურისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკისა სიკილიისა“, „წამებაჲ წმიდათა და ყოვლადქებულთა მოწამეთაჲ აკეფსიმა, იოსებ და აითალაჲსი“ და „წამებაჲ წმიდისა მენაჲსი და ერმოგინესი და ევღრაფოჲსი.“ ტომის მოცულობამ შეადგინა 683 გვერდი.
„ბაგრატის ცხოვრებისა და მოქალაქობის“ ტექსტის შესწავლამ დამატებითი საბუთები გამოავლინა იმის სამტკიცებლად, რომ ნაწარმოებში აღწერილი ამბები არ შეესაბამება I საუკუნეს. „წმიდა მენას, ერმოგენესა და ევღრაფოს წამების“ ტექსტებს არცერთ ენაზე, გარდა ძველი ქართულისა, არ ერთვის წმიდა მენას სასწაულები. პროექტის კოორდინატორის, სოფიო სარჯველაძის, აზრით, აქ ორი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს: 1. ან ექვთიმე ათონელმა მოიძია, გამოკრიბა და დაურთო წმიდა მენას 3 სასწაულის ტექსტი წამების შესახებ თხრობას; 2. ან არსებობდა და დღეს დაკარგულია ბერძნული დედანი, სადაც „წამებას“ ერთოდა სასწაულებიც.
გამოცემაში შესულია ბერძნული ტექსტები და თხზულებათა ინგლისური თარგმანები. ტომი აღჭურვილია სრულყოფილი კრიტიკული აპარატით: ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური გამოკვლევით, კომენტარებით, საძიებლებითა და ლექსიკონით. გამოცემას ახლავს ბერძნულ წყაროებთან ქართული თარგმანების მიმართებისა და თხზულებათა შემცველი ნუსხების ურთიერთმიმართებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები, ასევე, ენობრივი მიმოხილვა. პროექტში, ქეთევან გიგაშვილისა და სოფიო სარჯველაძის გარდა, ჩართულები იყვნენ არსენ ბერთლანი და თეონა მეტრეველი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები.