მონოგრაფია ,,ქართული დროშები და ევროპული პორტოლანები" – პრეზენტაცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის (FR-21-2041) ფარგლებში გამოცემული მამუკა წურწუმიას მონოგრაფიის – ქართული დროშები და ევროპული პორტოლანები – პრეზენტაცია.
მონოგრაფია შეისწავლის როგორც ქართულ, ასევე უცხოურენოვან (სომხურ, სპარსულ, ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ) წყაროებს,რომლებიც ქართული დროშების ისტორიას ასახავენ. საგანგებო ყურადღება ეთმობა პორტოლანებს, შუა საუკუნეების სანავიგაციო რუკებს, რომლებიც მნიშვნელოვანი მონაცემებით ამდიდრებენ ისტორიულ ვექსილოლოგიას. გამოკვლეულია პორტოლანების რაობა და მნიშვნელობა, მათი ზოგადი მახასიათებლები და თავისებურებები, პორტოლანების დამზადების ტექნოლოგია, სხვადასხვა კარტოგრაფიული სკოლები, პორტოლანებზე დროშების გამოსახვის ტრადიციები და მათი შესაბამისობა იმჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებასთან, მათი სუბიექტურობისა თუ შეცდომების მიზეზები; გაანალიზებულია პორტოლანებზე გამოსახული ხუთჯვრიანი დროშები და საქართველოს ტერიტორიაზე გამოსახული დროშები.
დროშების გამოსახვის ტრადიცია და კანონზომიერება განსაზღვრულია არა მხოლოდ საქართველოს ან შავი ზღვის სანაპიროს, არამედ მთელი ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით, რათა ქართული დროშების ანალიზი საერთაშორისო მონაცემებთან შესაბამისობაში მოხდეს. ამ გზით უზრუნველყოფილია მონაცემების ფართო კონტექსტში აღქმა და ქართული დროშების ისტორიის სიღრმისეულად, გლობალურ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში, გაანალიზება.
წიგნის სამეცნიერო ღირებულებაზე ისაუბრეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა - მურმან პაპაშვილმა, ნიკო ჯავახიშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი ჭეიშვილმა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა გონგაძემ და სხვებმა.