ნასესხი ზმნების ადაპტაცია საქართველოში გავრცელებულ პონტოურ ბერძნულში
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სვეტლანა ბერიკაშვილი იმყოფებოდა , პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ენების კონტაქტებზე ბალკანეთსა და მცირე აზიაში, სადაც მან წარადგინა მოხსენება: ნასესხი ზმნების ადაპტაცია საქართველოში გავრცელებულ პონტოურ ბერძნულში. მოხსენება წარმოადგენს ემპირიულ კვლევას პონტოური ბერძნულის შესახებ, მასში განხილულია ზმნების სესხება თურქული და რუსული ენებიდან და სესხებისას გამოყენებული ადაპტაციის სტრატეგიები, რომელიც ეფუძნება Wichman და Wohlgemuth-ის კლასიფიკაციას (2008) და Wohlgemuth-ის მიერ შემოთავაზებულ ნასესხი ზმნების ინტეგრაციის ჰიერარქიას (2009).
კვლევას საფუძვლად უდევს მედია კორპუსი, რომელიც შეიქმნა საქართველოსა და საბერძნეთში საველე ენათმეცნიერებაში არსებული სტანდარტების შესაბამისად (მასალა შეგროვებულია ევგენია კოტანიდის, სვეტლანა ბერიკაშვილისა და სტავროს სკოპეტეასის მიერ 2005, 2014, 2016 წლებში) ფოლქსვაგენის ფონდით დაფინანსებული პროექტის არსებული ტრანსფორმაციული პროცესების ზეგავლენის შესწავლა ენასა და ეროვნული იდენტობაზე: საქართველოში მცხოვრები ურუმი და პონტოელი ბერძნების მაგალითზე ფარგლებში.
კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ პონტოური ბერძნული იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას კონკატენციური (თურქული) და არაკონკატენციური (რუსული) ტიპოლოგიის მქონე ენებიდან სესხების დროს. თურქულიდან სესხებისას გვხვდება ე.წ. ირიბი ჩართვა (IndI), ‑ev ვერბალაიზერის მეშვეობით, ხოლო რუსულიდან ე.წ. დამხმარე ზმნის სტრატეგია (LVS). გარდა ამისა, რუსულიდან სესხებისას ასევე დასტურდება პირდაპირი ჩართვის (DI) მაგალითები, კერძოდ ინფინიტივის გამოყენების შემთხვევები, რასაც ცალკე განვიხილავთ.
მთავარი კითხვაა რატომ გამოიყენება განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა დონორი ენის შემთხვევაში, აქვს თუ არა ტიპოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ზმნების სესხებისა და ინტეგრაციის დროს.
მოხსენების სიახლე შემდგომში მდგომარეობს: ა) წარმოდგენილია პონტოური დიალექტის იმ კილოს მასალა, რომელიც დღემდე შესწავლილი არ არის და რომელზეც დღესაც საუბრობენ საქართველოში მცხოვრები პონტოელი ბერძნები და ბ) შედარებულია კონკატენციური და არაკონკატენციური ტიპოლოგიის მქონე ენებიდან ნასესხი ზმნების მორფოლოგიური ინტეგრაცია დონორი ენის როლის გამოსავლენად.