პროექტი „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომიდან სკკპ მე-20 ყრილობამდე (1941–1956 წწ)“
1 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მონოგრაფიის „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომიდან სკკპ მე-20 ყრილობამდე (1941–1956 წწ)“ წარდგენა.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ირმა რატიანმა, პროქეტის ხელმძღვანელმა, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაკა ელბაქიძემ ისაუბრეს სამეცნიერო პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე.
ირმა რატიანმა განაცხადა, რომ ეს გამოცემა ფაქტებითა და დოკუმენტებით მოთხრობილი ისტორიაა, პირუთვნელი ანალიზი, პროექტზე მომუშავე მეცნიერებმა წიგნის შედგენისას თავი შეკავეს სუბიექტური შეხედულებების გამოხატვისგან, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ბოლშევიზმის ინტელექტუალური ტერორის სისტემური და დანაშაულებრივი მექანიზმის აღდგენა, ცალკეულ მწერალთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებების, მათი ინტელექტუალური თუ პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისა თუ ხელყოფის აქამდე უცნობი დეტალების გამოვლენა. პროექტის ხელმძღვანელმა, მაკა ელბაქიძემ მადლობა სამეცნიერო გუნდის წევრებს, რომელთაც დიდი შრომა გასწიეს, აღნიშნა, რომ წიგნი დაეფუძნა შსს-ს არქივში დაცულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე მწერალთა კავშირის პარტორგანიზაციის ოქმებსა და საქართველოსა და უცხოეთის არქივებში დაცულ მასალას.
პროექტი "ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა მეორე მსოფლიო ომიდან სკკპ მე–20 ყრილობამდე“ არის პირველი მეთოდოლოგიური მცდელობა იმისა, რომ ახალ რაკურსში იქნას გააზრებული ქართული ლიტერატურის ისტორიაში მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი - 1941–1956 წლები.
ისტორიული პროექტის დასკვნითი ნაწილი - მესამე წიგნი „პოსტბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ მალე წარსდგება ფართო საზოგადოების წინაშე.