პროექტის „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ პრეზენტაცია.
პროექტის დიდ მნიშვნელობაზე, სამეცნიერო სიახლესა და მრავალმხრივ შედეგებზე ისაუბრა იდეის ავტორმა და ხელმძღვანელმა, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა ქართული ლიტერატურის სხვადასხვა პერიოდებზე საჯარო ლექციები წაიკითხეს მსოფლიოს 6 ქვეყნის წამყვან საუნივერსიტეტო და კვლევით ცენტრებში: „ამ საჯარო გამოსვლების მთავარი მიზანია, ვაჩვენოთ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურულ საზოგადოებას, თუ როგორი ძლიერია ქართული ლიტერატურის ბმა ევროპულ და მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებთან.. ჩატარებული ლექციების ძალიან საინტერესო და პრაქტიკული გამოძახილი არის ის, რომ მივიღეთ წინადადება ორი ამერიკული და ერთი ფრანგული გამომცემლობისგან, წარვადგინოთ წიგნი ქართულ ლიტერატურაზე, მათ ასეთი წიგნების გამოცემა მოისურვეს“.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსმა, მაკა ქაჯაიამ მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის მიზნებსა და ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მის ფარგლებში დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ ძირითადი ასპექტები მიმოიხილა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, პროექტი შეაფასეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, ნინო მინდიაშვილმა, მულტიმედია ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭალაგანიძემ, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაკა ელბაქიძემ, ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ივანე ამირხანაშვილმა, ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების მეცნიერ - თანამშრომელმა, ლილი მეტრეველმა, პროექტის სხვა მონაწილე მეცნიერებმა.
პრეზენტაციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასა და მისი შემდგომი გაგრძელების აუცილებლობას. ღონისძიებაზე აჩვენეს სამეცნიერო პროექტის მიმდინარეობის, საერთაშორისო ვიზიტების ამსახველი ვიდეორგოლი.