შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის „ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები: ქართულ-აფხაზურ-კავკასიური პრაქტიკა“ შედეგების პრეზენტაცია

 

11 იანვარს ჩერქეზული კულტურის ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები: ქართულ-აფხაზურ-კავკასიური პრაქტიკა“ შედეგების პრეზენტაცია.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა, მერაბ ჩუხუამ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე, აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში სამეცნიერო კვლევა-ძიება მიმდინარეობდა როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ომისა და პანდემიის მიუხედავად, მასში აქტიურად იყვნენ ჩართული ინგუშები, ჩერქეზები, ჩეჩნები, დაღესტნელები, და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეროვნებით ოსი და აფხაზი მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პროექტის მონაწილე ჩრდილოკავკასიელმა მეცნიერებმა ნამდვილი მოქალაქეობრივი გამბედაობა გამოიჩინეს“-თქვა მან.

პროექტის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნუგზარ ანთელავამ მადლობა გადაუხადა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ პროექტმა მოიცვა მთელი კავკასია, კავკასიელი ხალხების ურთიერთობამ საუკუნეების განმავლობაში შექმნა ის საერთო ნიშნები კულტურისა, რომელსაც მეცნიერები იკვლევენ და რომელიც ჯერ კიდევ პალეოლითის პერიოდიდან იწყება; ჩატარდა დიდი მოცულობის სამუშაო, შესწავლილ-გამოკვეული იქნა როგორც მატერიალური, ისე სულიერი კულტურის ძეგლები, ამ ძეგლების შექმნის განმაპირობებელი ისტორიული და სოციალურ-კულტურული მიზეზები.

პროექტის კოორდინატორმა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, მარიამ ბეჟიტაშვილმა სამეცნიერო პროდუქტის შექმნასთან ერთად, მისი გავრცელება-პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და 12 ფილმი - გადაცემის შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, იმ წინააღმდეგობებზე, სირთულეებზე, რაც პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს შეხვდა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მუშაობისას;

„ყველა სიუჟეტი წარმოდგენილია ორ ენაზე, ვინაიდან მთხრობელები, რესპონდენტები და ზოგიერთ შემთხვევაში, თანაავტორებიც კი არიან ჩვენი კავკასიელი კოლეგები, რომლებიც მეტყველებენ სხვადასხვა ენაზე. რუსთაველის ფონდს ფილმები წარვუდგინეთ ქართული ტიტრებით. პროექტის შედეგების ამსახველი სტატია-ნარკვევი კი რვაენოვანია“- აღნიშნა მან.

ამ წარმატებული სამეცნიერო პროექტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების

პოპულარიზაციის სამსახური უფროსი მაკა ქაჯაია, ფონდის წამომადგენლები, ჩერქეზული კულტურის ცენტრის თანამშრომლები, საპატიო სტუმრები ინგუშეთიდან - აღნიშნული პროექტის პარტნიორი, ინგუშეთში განხორციელებული საველე სამუშაოების კოორდინატორი - ჰავა ძეიტოვა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მეხქ-ხელის“ ერთ-ერთი ლიდერი სარაჟდინ სულტიგოვი, ასევე სტუმრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრეებიდან, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან და სხვა დაინტერესებული პირები.