შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის მე-11 ტომის პრეზენტაცია

2025 წლის 14 მარტს თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შედგა ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის მე-11 ტომის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური პროექტის ფარგლებში.

პრეზენტაცია გახსნა წამყვანი დაწესებულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გოცირიძემ. ტომი წარადგინა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა მზია გიგაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა მეცნიერულ სიახლეებზე და ისაუბრა კვლევის ძირითად შედეგებზე. აღნიშნა, რომ ეპისტოლური მემკვიდრეობის XI ტომი დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილების მე-10 ნაწილს. ტომის მოცულობამ შეადგინა 515 გვერდი. გამოქვეყნდა 92 წერილი, ამათგან პირველი პუბლიკაციის სახით - 87 წერილი; დათარიღდა 11 წერილი.

ტომს ახლავს სრულყოფილი კრიტიკული აპარატი, რომელიც აერთიანებს ფუნდამენტურ ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ კვლევებს. გამოცემას ერთვის სამეცნიერო პასპორტები, შენიშვნები, კომენტარები, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა ანოტირებული საძიებლები და ლექსიკონი.

დღეისათვის გამოცემულია გრიგოლ ორბელიანის 1021 წერილი. ამ ტომეულით სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოვიდა პოეტის 573 ეპისტოლე, ფუნდამენტური  ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური კვლევის შედეგად, შუქი მოეფინა არაერთ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ფაქტს, დადგინდა თუ დაზუსტდა არაერთი პიროვნების ბიოგრაფიული დეტალი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების ჩათვლით, ახალი კუთხით წარმოჩნდა მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების ამსახველი არაერთი მოვლენა, საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნებების  კულტურული, ღირებულებითი და ესთეტიკური მახასიათებლები,  და სხვ. იდენტიფიცირებულია ადრესატები და წერილებში დასახელებული პიროვნებები (ხშირად მხოლოდ სახელით, ან გვარით მოხსენიებულნი), კომენტირებულია წერილებში ნახსენები ყველა ისტორიული თუ კულტურული ფაქტი, ასევე მეტაფორული და ალუზიური გამონათქვამები, გარკვეულია ადრესატთა ადგილსამყოფელი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები, თელავის უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.