შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში გამოცემული ნაშრომების წარდგენა

 

ჩერქეზულ (ადიღეური) კულტურის ცენტრში გაიმართა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის #FR 19-21285 ფარგლებში გამოცემული ნაშრომების წარდგენა.

ქართული ტრადიციული კულტურის კომპლექსური ეთნოლინგვისტური შესწავლის მიზნით შემუშავებულ პროექტზე ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრისა და თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები - ნ. ანთელავა, მ. ბუკია, მ. ჩუხუა და ი. კვაშილავა სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

„ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია“ შეიცავს 694 გვერდს. ნაშრომის შემქმნელი ჯგუფის ძირითადი ამოცანა პირველადი წარმოების, სიცოცხლის უზრუნველყოფის, სოციალური და ჰუმანიტარული კულტურების ძირითადი მახასიათებლების აღწერა გახლდათ. კულტურის ეთნოლინგვისტური გააზრებისათვის შემუშავდა ეთნოკულტურის კომპლექსური კვლევის მეთოდიკა; ჩატარდა ქართული ხალხური ყოფისა და კულტურის ძირითადი მახასიათებლებისა და მასთან დაკავშირებული ლექსიკის ეთნოლინგვისტური აღწერა და ანალიზი; სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდა ახალი ლექსიკური და ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც აღნიშნული პრობლემატიკის შემდგომ კვლევებს დაუდებს საფუძველს.

„ეთნოლინგვისტურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“ – 214-გვერდიანი გამოცემა, ასევე, პირველი ცდაა ქართველოლოგიურ სივრცეში ყველა ქართველურ-კავკასიური მოდგმის ხალხთა ტრადიციული სულიერი კულტურის ეთნოლინგვისტური ლექსიკონის დამუშავების მიმართულებით. იგი გარკვეულწილად აჯამებს ქართველურ-კავკასიური ენების, ფოლკლორის, მითოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხალხური ხელოვნების საუკუნე-ნახევარზე მეტი პერიოდის ნაყოფიერ კვლევებს. ამავდროულად, ლექსიკონი საინტერესო საკითხავია მკითხველთა ფართო სპექტრისათვის, ვინაიდან ქართულ ენაზე საკმაოდ ვრცლად განმარტავს პრაქტიკაში (სამეცნიერო მიმოქცევაში) არსებულ ეთნოლინგვისტურ ტერმინებს.

ცენტრში გამართულ წარდგინებას დაესწრნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები - დარგის სპეციალისტები, ასევე, სტუმრები საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან, სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები, ცენტრის თანამშრომლები, პარტნიორები და თბილისში მცხოვრები კავკასიელები.