შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის დაფინანსებით საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საგრანტო კონკურსის „მობილობა და საერთშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“ ფარგლებში დაფინანსებული სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა.

 

სამდღიანი ღონისძიება სახელწოდებით „კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“  პროფესორ ომარ მუკბანიანის 75 -ე წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია   მიზნად ისახავდა იმ სამეცნიერო მიღწევათა თავმოყრასა და წარმოჩენას, რომელსაც ამიერკავკასიის ქვეყნების მეცნიერები პოლიმერებისა და პოლიმერული მასალების პოპულარიზაციისთვის ახორციელებენ. სიმპოზიუმს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო შედეგების, იდეების გაცვლასა და თანამშრომლობის სტიმულირებაში პოლიმერულ მეცნიერებასა და ზოგადად, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ მეცნიერთა შორის, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.

 

 სიმპოზიუმში ამიერკავკასიის ქვეყნების გარდა მონაწილეობას იღებდნენ  ამერიკელი, ყაზახი, ბელორუსი, უკრაინელი, ირანელი, გერმანელი, ფრანგი, პოლონელი მეცნიერები. პროექტის ხელმძღვანელი და სიმპოზიუმის ორგანიზატორია, ქიმიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, მაკრომოლეკულების ქიმიისა და პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დირექტორი (თსუ) თამარ თათრიშვილი.

 

ზემოაღნიშნული სამეცნიერო კონფერენცია ერთ-ერთია იმ 22 საერთაშორისო პროექტს შორის, რომელმაც საგრანტო კონკურსის „მობილობა და საერთშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“ ფარგლებში გაიმარჯვა.

 

აღნიშნული საგრანტო კონკურსის მიზანი იყო საერთაშორისო დონეზე ინფორმაციის გაცვლისა და გამოცვდილების გაზიარების გზით, მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა,  ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება და მათი საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი რამდენიმე ათეულ სახელმწიფო საგრანტო კონკურსს, მიზნობრივ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს. ამით  ფონდი ჩვენს ქვეყანაში მკვლევართა ახალი თაობების მომზადებას, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციებისა და სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის ზრდასა და  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას უწყობს ხელს.