შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მათემატიკის სფეროში მიღწეული სიახლეები და სამომავლო გეგმები განიხილეს

 

შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მობილობა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“ ფარგლებში, მორიგი სამეცნიერო სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანალიზისა და ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებების (PDEs) სფეროში მოღვაწე წამყვანმა მკვლევრებმა მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან.

 საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე-TAPDE2023 წარმოდგენილი იყო ვრცელი პრეზენტაციები საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მათემატიკურ ცენტრებში მიმდინარე კვლევებსა და მიღებულ უახლეს შედეგებთან დაკავშირებით. მონაწილეების შეფასებით, ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა გაეანალიზებინათ ბოლო წლების მიღწევები მათემატიკის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ანალიზისა და დიფერენციალური განტოლებების სფეროში და ემსჯელათ მათ გამოყენებაზე პრაქტიკაში.

 TAPDE2023 საინტერესო იყო როგორც უკვე გამოცდილი მკვლევრებისთვის ისე სტუდენტებისთვის, რომელთაც ახლახან დაიწყეს ან, იწყებენ კარიერას მათემატიკაში. სემინარმა საშუალება მისცა ბევრ ქართველ მათემატიკოსს, რომელთა შორის ბევრი დოქტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერიც იყო, საერთაშორისო კონტაქტები დაემყარებინათ და ევროპელ კოლეგებთან ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე ემსჯელათ.

 საერთაშორისო ონლაინ სემინარს ანალიზსა და კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებში (Tbilisi Analysis & PDE Seminar), რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს და მისი დამაარსებელია - პროექტის ხელმძღვანელი და კონფერენციის ორგანიზატორი პროფესორი როლანდ დუდუჩავა. სემინარის თანახელმძღვანელები და თანაორგანიზატორები კი, ლონდონის კინგს კოლეჯის პროფესორი ევგენი შარგოროდსკი და ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი ტეფნაძე იყვნენ.

 შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსების, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების განხორციელებას და ამით ხელს უწყობს მეცნიერების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას.

 ღონისძიებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TAPDE-Workshop, 2023 (ug.edu.ge)