შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია ,,ღვარცოფების რეგულირება ინოვაციური ნაგებობით“

 

2023 წლის 21 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის საკონფერენციო დარბაზში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის №AR-18-1244 საგრანტო პროექტის „ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი“ ეგიდითა და გაეროს  ეკონომიკური  და  სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო  სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე  ,,ღვარცოფების რეგულირება ინოვაციური ნაგებობით“, რომელშიც მონაწილეობდნენ  საქართველოს, იტალიის, სომხეთის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსიისა და რუსეთის მეცნიერ–სპეციალისტები.

კონფერენცია გახსნა და საპატიო სტუმრებს მიესალმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი, ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მარკო არჩიერი, თურქეთის კარდენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კადირ სეიჰანი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტისა და გარემოს დაცვის ეკოცენტრის დირექტორი, საგრანტო პროექტის კოორდინატორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.

საგრანტო პროექტის შედეგების შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა. აქვე გაიმართა სამეცნიერო პრეზენტაციები, სადაც  მოხსენებით წარსდგნენ უცხოელი და ქართველი მეცნიერ–სპეციალისტები: მარკო არჩიერი - მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი (კასერტა, იტალია); კადირ სეიჰანი - კარდენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, დეპარტამეტის ხელმძღვანელი (ტრაპიზონი, თურქეთი); ტელმან ზეინალოვი - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ეკო-რიალის“ პრეზიდენტი (ბაქო, აზერბაიჯანი); ლიუბოვ ჰერტმანი - ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტე­ტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (მინსკი, ბელარუსია); გურგენ ეგიაზარიანი - სომხეთის ნაციონალური აგრარული უნივერსიტეტის წყლისა და ნიადაგის მართვის დეპარ­ტა­მენტის ხელმძღვანელი, სოფლის-მეურნეობის მეცნიერე­ბა­თა დოქტორი, პროფესორი (ერევანი, სომხეთი), ზუმის საშუალებით ჩაერთო მიხაილო იაცენუკი - უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წყლის პრობლემებისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი,  ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (კიევი, უკრაინა), მარი რაზმაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორ­მა­ციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ინფორმატიკის აკადემიური დოქტო­რი, პროფესორი (თბილისი, საქართველო) და სხვები.

კონფერენციის მეორე დღეს შედგა პროფესიული ექსკურსია ჟინვალის წყალსაცავზე, შემდეგ გადაინაცვლეს მდ. არაგვის წყალშემკრებ აუზში. ყურადღების ცენტრში იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მდ. მლეთისხევის  წყალშემკრებ აუზში საგრანტო პროექტის AR-18-1244 დაფინანსებით აშენებული ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი, სადაც რუსეთის ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სერგეი ჩერნომორეცის მიერ დრონით განხორციელდა ეროზირებული კალაპოტის ვიდეოგადაღება. აღნიშნულის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა გზა გააგრძელეს გუდაურისკენ, სადაც გაეცნენ აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მიერ ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე მოწყობილ ზვავსაწინააღმდეგო ნაგებობას, შემდეგ დაათვალიერეს ქ. სტეფანწმინდისა და ლარსის ღირსშესანიშნაობები, დარიალჰესი და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ დედაქალაქში.

კონფერენციის მესამე დღეს შედგა კულტურული ექსკურსია მცხეთასა და შიო მღვიმეში, ხოლო კონფერენცია დაიხურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, სადაც სტუმრებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის უნიკალური ჰიდროტექნიკური ლაბორატორია, გაეცნენ ინსტიტუტის ისტორიას, საქმიანობას, მოისმინეს საგრანტო პროექტის შემსრულებლების პრეზენტაციები და, დასასრულს, სტუმრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და მოეწყო საზეიმო მიღება.