გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,ღვარცოფები: რისკი, პროგნოზირება, უსაფრთხოება“
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ,,ღვარცოფსარეგუკლაციო ელასტიკური ბარაჟი“ ეგიდით 2023 წლის 31 მაისიდან 4 ივლისის ჩათვლით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,ღვარცოფები: რისკი, პროგნოზირება, უსაფრთხოება“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უზბეკეთის მეცნიერ–სპეციალისტები.
კონფერენცია გახსნა და ძირითადი მოხსენება გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა, საგრანტო პროექტის კოორდინატორმა გივი გავარდაშვილმა, ასევე კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა 4 აკადემიური დოქტორი, რომლებმაც საგრანტო პროექტის თემატიკაზე დაიცვეს დისერტაციები: ხათუნა კიკნაძე, ლია მაისაია, ქეთევან დადიანი და ნანა ბერაია. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე №AR-18-1244 გრანტის მუშა პროექტის კონსტრუქტორი ალექსანდრე წაქაძე.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ უცხოელი მეცნიერ–სპეციალისტებიც:
- ფარდა იმანოვი - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბაქოს სახელწიფო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი (აზერბაიჯანი, ქ. ბაქო);
- ერჟი ერზნახი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელი უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთი, ქ. ვარშავა);
- ლობოს ჯურიკი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის ლანდშაფტების ინჟინერინგის ინსტიტუტის პროფესორი (სლოვაკეთი, ქ. ნიტრა);
- ირმა სპედიტე - სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი, კაუნასის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (ლიეტუვა, ქ. კაუნასი);
- აიბეკ არიფჯანოვი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ტაშკენტის სარწყავი და სოფლის მეურნეობის ინჟინერინგის ინსტიტუტის პროფესორი (უზბეკეთი, ქ. ტაშკენტი).
კონფერენციის მეორე დღეს შედგა პროფესიული ექსკურსია მდ. თეთრი არაგვის წყალშემკრებ აუზში. ყურადღების ცენტრში იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მდ. მლეთის ხევის წყალშემკრებ აუზში საგრანტო პროექტის AR-18-1244 დაფინანსებით აშენებული ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის მაისში ინტენსიური წვიმების შედეგად მდ. მლეთისხევის კალაპოტში ფორმირებულ იქნა საშუალო სიმძლავრის ღვარცოფი, რომელმაც დინამიკურად იმოქმედა ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკურ ბარაჟზე, მაგრამ ამჟამად ის კვლავ მუშა მდგომარეობაშია. მიღებული შედეგი მიუთითებს საგრანტო პროექტის ხელმძღვანელის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ედუარდ კუხალაშვილისა და პროექტის კოორდინატორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით დამუშავებული ინოვაციური კონსტრუქციის საიმედოობასა და ღვარცოფების რისკის მართვის პრაქტიკულად სწორ გადაწყვეტაზე.