შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში“. კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  საგრანტო კონკურსის „მობილობა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“ ფარგლებში დაფინანსდა და მასში ქართველ სპეციალისტებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, 23 ქვეყნის 132 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სამდღიანი კონფერენციის მიზანი იყო მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე, ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მოსაზრებების განხილვა, გაანალიზება და მათი ერთიან კონცეფციად ჩამოყალიბება.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს  შესაძლებლობა ჰქონდათ   გაცნობოდნენ იმ დიდ გამოცდილებას, რაც  საზღვარგარეთის ქვეყნებში მეორე ენის სწავლების კუთხით არსებობს.

 მომხსენებლებს შორის იყვნენ გამოცდილი ექსპერტები, რომლებმაც წარმოადგინეს როგორც კონცეპტუალური მიდგომები, ისე საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება. თავის მხრივ, ქართველმა სპეციალისტებმა და მკვლევრებმა ჩატარებული კვლევების შედეგები და იმ მულტილინგვური პროექტებისა და აქტივობების ანგარიშები წარმოადგინეს, რომელთა ნაწილიც უკვე განხორციელდა ან რომელთა განხორციელებაც ამჟამად მიმდინარეობს უმაღლეს სასწავლებლებსა თუ რეგიონების (ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის) სკოლებში.

როგორც ცნობილია შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერების პოპულარიზაციისა და   საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართველი მეცნიერების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საუკეთესო, გამორჩეულ სამეცნიერო კვლევით პროგრამებსა და პროექტებს აფინანსებს, მათ რიცხვს განეკუთვნება ზემოაღნიშნული ღონისძიებაც რადგანაც,  მეორე ენის სწავლა/სწავლება და მულტიკულტურული ასპექტების კვლევა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ძალზე აქტუალურია, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით ისეთ კომპაქტურად  დასახლებულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.