შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „ქართული ევროპეიზმის სათავეებთან - ალექსანდრე ორბელიანის თხზულებათა აკადემიური მრავალტომეულის გამოცემა“ FR-19-7480 - ფარგლებში გამოცემული ალექსანდრე ორბელიანის ხუთტომეულის წარდგენა

 

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „ქართული ევროპეიზმის სათავეებთან - ალექსანდრე ორბელიანის თხზულებათა აკადემიური მრავალტომეულის გამოცემა“ # FR-19-7480 - ფარგლებში გამოცემული ალექსანდრე ორბელიანის ხუთტომეულის წარდგენა.

წარდგენა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა. მან ისაუბრა პროექტის ფარგლებში გამოცემული ხუთტომეულის დიდ მნიშვნელობაზე ქართული ლიტერატურისა და სხვა ჰუმანიტარული დარგების, ზოგადად ქართული კულტურის განვითარებისა და მეცნიერული შესწავლისათვის.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მწერალმა და მეცნიერმა როსტომ ჩხეიძემ ასევე ისაუბრა გამოცემის ირგვლივ, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი თავკაცის, საქართველოში ევროპული აზროვნების ერთ-ერთი პირველი დამამკვიდრებლის ალექსანდრე ორბელიანის ღვაწლსა და დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე, მის მრავალფეროვან და მეტად ღირებულ ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და შთამომავლობისათვის შემონახულ და გადმოცემულ უამრავ უცნობ ისტორიულ ფაქტსა და მოვლენაზე, რაც გამოცემაში აისახა.

პროექტის კოორდინატორმა მაია ცერცვაძემ აუდიტორიას გააცნო და ვიზუალურად წარმოუდგინა პროექტის ამოცანები და მიზნები, საკითხის ისტორია და გამოცემული ტომების შინაარსები. მანვე ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც პროექტის განხორციელებას შეუქმნა კოვიდპანდემიამ, რომლის გამოცხადება და მიმდინარეობა თითქმის ზუსტად დაემთხვა პროექტის შესრულების პერიოდს.

შემდეგ ისაუბრეს პროექტის მკვლევარმა მეცნიერებმა ჯულიეტა გაბოძემ, ელისაბედ ზარდიაშვილმა, ნინო ვახანიამ და თამაზ ჯოლოგუამ. მათ გააცნეს დამსწრე საზოგადოებას მათ მიერ შესრულებული სამუშაოები და იმ ტომების შინაარსი, რომელთა შემდგენლები, სამეცნიერო აპარატის ავტორები და რედაქტორებიც არიან.

პროექტის მონაწილეებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.