შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამუშაო შეხვედრა „გისისა და დისტანციური ზონდირების აპლიკაციები მიწათსარგებლობის ანალიზში-თეორიიდან პრაქტიკულ გამოცდილებამდე“

 

 ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) მეცნიერების ინიციატივით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „გისისა და დისტანციური ზონდირების აპლიკაციები მიწათსარგებლობის ანალიზში-თეორიიდან პრაქტიკულ გამოცდილებამდე“.

შეხვედრა გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) მიერ დაფინანსებული პროექტის „დისტანციური ზონდირების გამოყენებით გარემოს კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, რომისა და თბილისის მაგალითებზე“ (CNR-19-215) ფარგლებში. პროექტის შემსრულებლები საქართველოს მხრიდან-გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრები მარიამ ციცაგი და ლელა გადრანი, ხოლო CNR-ის მხრიდან ლორენცა ფიუმი და დარიო გალო.

აღნიშნული პროექტი 2 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და ძირითადად თანამგზავრული სურათების დამუშავების მეთოდოლოგიურ ასპექტებში გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.

ზემოთხსენებული სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პროექტის საბოლოო შედეგების წარდგენის პარალელურად, აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა თანამგზავრული სურათების დამუშავების პრაქტიკული მაგალითები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და გეოგრაფიის მიმართულების აკადემიური პერსონალი, გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, სპეციალისტები ილიას უნივერსიტეტიდან და თავდაცვის სამინისტროდან.

სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორების მიზანს წარმოადგენდა არსებული გამოცდილების გაზიარება დისტანციური ზონდირების მიმართულებით მოღვაწე კვლევითი ორგანიზაციებისადმი და გადაწყვეტილების მიმღებთათვის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებისთვის.

შეხვედრაზე დისტანციური ზონდირების ზოგადი თეორიული ნაწილის გარდა, დიდი ყურადღება დაეთმო მიმდინარე პრაქტიკულ კვლევებსაც, ისეთი როგორიცაა მიწათსარგებლობის ცვლილებების შეფასება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ბოლო 30 წლის მანძილზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისტანციური ზონდირების აპლიკაციების გამოყენებას აგრარული კუთხით, მათ შორის სასოფლო სამეურნეო კულტურების დარუკების საქმეში.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე მიწათსარგებლობის მონიტორინგის კუთხით, რომელთა გადაწყვეტაში დისტანციურ ზონდირებას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს. აქცენტი გაკეთდა სათანადო კადრების მომზადების აუცილებლობაზე.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული კვლევა მომავალში გაგრძელდება და შედარებით მასშტაბური სახით წარსდგება მომხმარებლის (გარემოს ეროვნული სააგენტო, მიწის სააგენტო და სხვა) წინაშე.