წიგნის „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით" პრეზენტაცია
19 სექტემბერს გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული წიგნის „ ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით" ( # SP-23-229) პრეზენტაცია. პროექტის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით წულაია, კოორდინატორი- სამართალმცოდნე ხატია ხაჟალია.
წიგნის პრეზენტაცია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №10 პენიტენციურ დაწესებულებაში შედგა. გამოცემამ მსჯავრდებულების დიდი ინტერესი გამოიწვია, ღონისძიება 3 საათი გაგრძელდა. პროექტის ხელმძღვანელმა, დავით წულაიამ აუდიტორიას საკუთარი წიგნი გააცნო, რომელიც მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა: დანაშაულებრივი ქცევის მიზეზები, მისი ფსიქოსოციალური მდგომარეობა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია.
აღნიშნული აქტივობები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ნაშრომის "ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით" ერთ მთლიანობაში თავს უყრის კრიმინოლოგიის აქტუალურ საკითხებზე საეკლესიო სწავლებებსა და სამეცნიერო წყაროებში არსებულ კვლევის შედეგებს.
ნაშრომში წარმოჩენილია, მეცნიერული ფაქტები, რომლებიც სულ უფრო ამყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ 21-ე საუკუნეში, დანაშაულობის არსის სწორად გააზრება, პრობლემების გადაჭრა და ზოგადად, კრიმინოლოგიის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, შეუძლებელია ტრანსცენდენტური სწავლებების გარეშე. შესაბამისად, მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, თუ რა არის დანაშაულ(ობ)ის მთავარი მიზეზი, საიდან იღებს სათავეს, როგორ ვითარდება იგი და რა გავლენას ახდენს ადამიანზე დანაშაულებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია კრიმინოლოგიისთვის, კერძოდ, დანაშაულობის დეტერმინაციის არსში გასარკვევად. გარდა ამისა, ნაშრომში მრავალმხრივ არის გაშუქებული დანაშაულის, დანაშაულობის, დამნაშავის პიროვნების, მისი გამოსწორების (რეაბილიტაცია/ რესოციალიზაცია) და დანაშაულის პრევენციის თეორიული და პრაქტიკული ღირებულება.